მოკვდი სანამ დაიბადები


Memory card ~ 
ამბები ძველი ნაგავსაყრელის 
მეხსიერება.
ციფრული გონების დედაპლატა და ყურის უზანგი, 
ცისფერი კედლის უსაფრთხოება 
სინდისის ცრემლი,
ზოგჯერ უკვალოდ გამქრალი 
ფეთქდება და 
სევდის გრუხუნით მოდის...

თითქოს მტვრის ცეკვა ატომების სუნთქვა ჩამესმის, 
ვინ გამოგზავნა ამ მიწაზე არქანგელოზი?
რამდენი ფრთა და რამდენი ტანჯვა გადაუწერეს,
სინას მთებიდან მოჩხრიალე რუხ ფანტომებში?
შავ- თეთრ ხაზებში დაშტრიკოდებული 
გენური ინჟინერია
იყიდება მისი ტკენები 25 ცენტად,
ხან კიდევ მისი სუნთქვა და სიტყვის ძალა
გადახსნილ წყალზე მუცლით წევს და არ იძირება ~
(როგორც პოეტი...)

მოკვდა სახედრის ჩლიქებიდან ბაგაში ღმერთი,
ახლა მის სახელს უკავშირდება შავი მუსტანგი, 
მაღალი ჯიპის დაურთქლილ მინას ლანდავს ჯვრის სილუეტი და მასაში მიაბიჯებს ტკივილის ქარაგმა...

 სრულდება ბრძოლა დაბადებასა და სიკვდილს შორის,
თუ ღმერთი გახდი ჯვარს გაკრავენ ბრბოს უყვარს სისხლი 
ასო-ასო აკუწული თეთრი პერანგი, 
არყის ხეების გადამალული 
გახდილი კანი...

Memory card ~ 
ამბები ძველი ნაგავსაყრელის 
მეხსიერება.
ციფრული გონების დედაპლატა და ყურის უზანგი, 
ცისფერი კედლის უსაფრთხოება 
სინდისის ცრემლი,
ზოგჯერ უკვალოდ გამქრალი 
ფეთქდება და 
სევდის გრუხუნით მოდის...

2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი