მელოგინე პანტა ვაშლებში


პანტა ვაშლის ხეებს ტოტებზე ჯერ ვარდისფერი თოვლი ედოთ,
შემდეგ შეწითლდნენ ~ 
როგორც ზამთარში
დასუსხული ლოყები და ცხვირი...

დედას მუცელი ნელ- ნელა 
გამოებერა ~ 
ვუკრეფდი და ვუკრეფდი კილოგრამობით ვაშლის ნაყოფს 
(ჩემი კაბის კალთებში) და
დედისთვის მიმქონდა...

მუცლის სიღრმეში ნაყოფებს ხმას ვაგონებდი
(ვამტკიცებდი ორივე ბიჭი იქნება მეთქი) 
ჩემმა დამ სახელებიც კი შეურჩია...

დედას ვალოგინებდით, 
მაშინ ხსენიც სდიოდა, 
ზუსტად მისი სახის ფერწაკრული 
უასაკო ასაკიანიანი კამკამა სითხე...

რუხი კედლებიდან სახეები მიცქერდნენ,
ხმები ჩამესმა: 
,,კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა"
(დედა ცოტა ხნით მიეფარა ჩვენს სიახლოვეს)...

პანტა ვაშლები ხეებიდან ჩამოლპა, 
ზოგიერთი ჩამოცვენამდე თავისივე ტოტებზე მიმხმარიყო;
საზარელი სურნელი ასდიოდათ.
 
დედა თვალს, როდესაც მიეფარა,
საწოლზე მხოლოდ გადასხმულიყო თეთრი პერანგი და მორუხო სევდა ~ მისი არყოფნის...

როცა დაბრუნდა,
საახალწლო სათამაშოებმა მინებზე მისი ლანდი აირეკლა,
თვალის ღარებზე ნაცრემლი ნაკადები,
თითქოს ნატყვიარი გულიდან პანტა ვაშლები სდიოდა.

გარეთ, ცისფრად დაედო სიმარტოვეს თოვლი,
მაშინ ტკივილი ცისფერი ფერში ყვავილობდა 
და სისხლის შინდისფერ კვალს აქა-იქ ტოვებდა...

_ არასდროს მიკითხავს რა მოხდა, 
მხოლოდ ქათმებს ვეძებდი ეზოში, 
მათ სისხლის კვალს ვერსად მივაკვლიე
(მივხვდი,არ დაუკლავთ)...

ახლა კი, ყველაფერი ნათელია...
იმაზე უფრო მეტად,
ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.
(მკვლელი მაშების მოძრაობა)

დედამ ქათმები ბაზარში გაყიდა...

პანტა ვაშლების დანახვისას
ცისფრად მოყვავილე 
სიკვდილი მაგონდება...

რა ბედი ეწევა ჩემს მოგონებებს, 
რომელთა წიაღში დამპალი პანტა ვაშლები გორდება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი