ჩვენთან არს სამყარო


მანამ, სანამ მომიკვდებოდა,
იქამდე 
გალურსმნული მტევნები,
ტერფები და ნეკნები ჰქონდა.
უძლურად ეკიდა შუქზარდახშოვან კედლის პროფილში,
ანფასში ცეცხლის ალები ელავდა,
როცა მოკვდა ქალის თბილ ძუძუებში თავჩარგული იძახდა:
,,დიდება მაღალთა შინა"
მაშინ მჯეროდა რომ - 
,,აღსრულდა მსგავსად წერილისა..."

ქალის ძუძუები ბროწეულების მფეთქავ ნაყოფებს ჰგავდა, 
რომლის გამსკდარი გვირგვინოვანი კერტებიდან რძის ნაცვლად წითელი სისხლი 
მოჩქეფდა
(სისხლს სითეთრემდე გავლა ვერ მოესწრო)
ყურძნის მტევნებივით გასაწურ მდუმარებაში.

სამსახოვანი სახისმეტყველება 
ცეცხლივით მწვავდა,
 ჩემში ვეძებდი მის ხატებასა 
და მსგავსებას, 
თუმცა მხოლოდ ცრემლები ირეკლავდა თბილ ტალღებად ქარის საამურ ქროლებას...
მაშინ რაღაცას ვგრძნობდი და ცის ხელყუთში იკონური სიაფანდებით მშვიდად ვწვებოდი ღამით, 
გეორგინების შუქზე, 
მზე რომ ჩადიოდა,
 მაშინ იფურჩქნებოდა...

თხრობა რითიც დავიწყე, 
მანამ, სანამ, იქამდე...
ახლა ვაუქმებ თხრობას და ნელსაცხებლის სურნელებაში 
ვამბობ: 
ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს,
გალაქტიკის წიაღში მილიონობით ან მეტი ფიგურა ტრიალებს 
(მწირია ადამიანის თვალი და მეცნიერება)
ისინი ერთმანეთს იზიდავენ და დისციპლინურ ფონურ საზომზე 
მართავენ კოსმოსს...

მთელი სამყაროა ის ჩემთვის, 
ვერ დაეტია ჯვარცმაზე...
დამსკდარი ბროწეულები 
გეორგინებით შევმოსე...
ახლა ვლოცულობ შენს კვდომას
და ცარიელი ვიღებ არსებობას, 
რომელიც რა ხანია აღარ არსებობს და მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა...
-ჩვენთან არს სამყარო-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი