ექსპრომტი საიმედო მთხრობელზე
სტურუამ ვენები რომ გადაიჭრა, ხავსი გამოუჩნდა. მე - სისხლში ჩაძირული ფერადი კენჭები. ზოგჯერ არასაიმედო მთხრობელს ვგავარ, მაშინ, როცა ჩემი სათქმელი ბურუსითაა მოსილი, ან იქნებ ვერ ჩაწვდეს ქრონოტიპებს ქუჩებში მოსიარულე მკითხველი. საიდან რა ფაბულა ეღვრებათ ჩემს ფურცლებს? თურმე ქაღალდი აღარც არის საჭირო, თეთრი დაფა კმარა, შრიფტის ზომასა და სისქეს თავად ირჩევ, მთავარია ტექსტი დაიწეროს და სისხლი არ გაგიშრეს. თუ უსისხლოდ დაწერ, რა გამოვა? მშრალი ცემენტი, მოზელ და ძვირადღირებულ კორპუსს მიაშენებ. ჯიბეს გაგივსებს სიყალბე და სულსაც წაგართმევს. -მამას მეგობარმა ჰკითხა: -რა დროს სიყვარულია? ისიც დასძინა: შენი შვილი ეტყობა პატარა ბავშვია, რა დროს მისი ლექსებია, არ სჯობს რეალისტურად იცხოვროს-ო? პოეზია ჩემი რეალობაცაა და ირეალობაც. მე საიმედო მთხრობელი ვარ, ახლა არ ჩანს სიუჟეტის სიმძაფრე, ახლა ვერ ვშლი ფრთებს - ჟანგმა რომ დაფარა... ლექსის წერას თუ ვიწყებ, ამასთანავე შიგნიდან ვკვდები. სახეზე ნაკვთებს ვეღარც კი ვხედავ, სულს ერევა ჟანგი, იქნებ ეროზია მეც მომედო. როდის დამიკრეფს დახატული მეგობარი ხელებს გულზე? როდის ამომხდება უკანასკნელი ბგერა... თუ სიცოცხლე ასეთი ახლოა, რატომ ვარ ასეთი მწკლარტე. რატომ ვბანაობ ჩემს ცრემლებში და გადახსნილი ვენიდან ზღვის კენჭებს ვაგროვებ... მე ხომ ცემენტით ვერაფერი ავაშენე - უცხოობის გარდა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი