სინათლის განპიროვნება (ლუსიას)


მუცლადყოფნის პერიოდში, 
შენი სახება მუხუდოს მარცვალს ჰგავდა.
არ მახსოვს როდის გამოგეზარდა ოთხი კიდური,
როგორი ფერის იყო შენი მზერა, 
რომელიც ამნიოტურმა სითხემ ლიბრივით დაფარა.
ჩემი მონოლოგი რვა თვის მანძილზე 
კითხვებზე პასუხებს ჰგავდა.
მაშინებმა სამყარო, სადაც შენი დაბადება მომიწევდა.
ახალი სტატუსი ძირფესვიანად მცვლიდა.
მას შემდეგ არ მახსოვს როგორია უძალობა და უმოქმედობა.
ჰიდრავლიკური ენერგიის წყარო იყო ჩემი სხეული.
შენი ბიძგები გულის არითმია.
მე შენ გკვებავდი მუსიკითა და წიგნებით. 
მაპატიე წარმართული სული.
მარხვას ვიცავდი- ლექსების არწერის.
ჩემი ჯვარცმისთვის ვერ გაგიმეტე.
ფანჯრიდან პატარა ბავშვებს ვუმზერდი. 
მათში ჩემს ბავშვობას ვხედავდი- 
არყის კასრში ამჟავებულ სეზონურ ხილს.
შენში - ატმის ყვავილებს.
ყოველი თვე იყო - შიში.
ყოველი გადაწყვეტილება- ფატალური.
გავუძელი მედიკამენტებს, 
ინექციებს, შენი დაკარგვის შიშებს.
საჭირო გავხდი. 
შენთვის საჭირო, რომ იგივე წრეზე არ გევლო ჩემსავით.
სადღაც მილიონობით თესლში რომ ჩაითესა.
შენ უნდა გახსნა კვანძი.
შენ უნდა გაჭრა წრე.
შენ უნდა იყო ნამდვილი. 
მე მჯეროდა შენი და მელნისფერი თვალებიდან მზეები კიაფობდნენ.
შენ რომ დაიბადე, შენ რომ გულზე დაგიწვინე...
მე, რაღაც ახალი გავაჩინე.
ხანდახან ვფიქრობ- ჩემი სიცოცხლის ფასად - 
რომ სიცოცხლეს თავისუფალი ფორმა ეშვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი