***
* * * ბოლომდე არ გაგწირავს სიცოცხლე, სანამ თვალს ახელ და წამწამებით ცეკვა შეგიძლია. სამარცხვინო დიალოგებს მონოლოგებად გარდაქმნი... უყურადღებოდ ტოვებ სხვის აზრებს შენზე, რომელთა მნიშვნელობა რა ხანია, განულდა. სხვების დასანახად მორგებული ნიღბები სანაგვეს გადაულოცე. ვინღა მოირგებს? რაში გარგია, როცა ცა თავზე გემხობა და ლოდის გაწევისგან ზურგი გაგირქოვანდა. შეიძლება, საკუთარი კომპლექსებით შეჭმულმა ხალხმა შენი თვითშეფასების დაცემაც მოინდომოს, შენ კი იცნობ მათ ტრავმებს, რომლებისგან განიკურნე და აღარ განაღვლებს სხვების მიერ გავრცელებული ნარატივები... ზოგჯერ გსურს, მათ შინაგან ბავშვებს ცრემლი მოუწმინდო და ნაფრთევზე მალამო წაუსვა. იქნებ ხელახლა ამოიზარდოს მათი შეკრეჭილი, პაწაწინა ფრთების ნაკეცები... იქნებ ზიზღია შენი თავისუფლება, როგორც უნაპირო ზღვა. შენი სიურეალიზმი ალპურ კენკრასთან, ყავის ფინჯანში სერფენტივით იკლაკნება... ზღვა კი თავისთვის საუბრობს, დაიღალა ტყუილების მოსმენით. ბოლომდე არ გაგწირავს სიცოცხლე, რადგან შენ არ გაშინებს ტყეში სიცოცხლის ყოველი გამოძახილი; რომელიც თურმე შენი სულიდან ისმის... 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი