პლასტმასის ფარდა (რატომ?!)
რატომ უნდა ვკითხულობდე დიქტატურაზე დაწერილ წიგნებს? მაშინ, როცა ფილოსოფია მიყვარს და უნივერსალურ გონებაზე ფიქრით ვწყვეტ ღამეს მთვარეულ ნათებას! რატომ უნდა ვძაგძაგებდე შიშით, მაშინ, როცა ბავშვი მთხოვს გარეთ ყოფნას სათამაშოდ. ვის ვუმალავ იმ ოთხბორბლიან ველოსიპედს, რომლის რკინა მარწუხია თითოეული მოქალაქის ყელზე და ზეფირის ჩხირად ასაღებენ ( სხვები იებს კრეფენ ამ ჯოჯოხეთში) რატომ უნდა ვფიქრობდე თავის მართლებაზე, მაშინ, როცა არაფერი ჩამიდენია საამისოდ ( იოზეფ კ. მიდევს თავთან) რატომ უნდა ვისმენდე ოცდათხუტმეტი წლის წინ მომხდარ საზარელ ამბებს ცხრა წლის ბავშვზე, რომელსაც საზოგადოება დღემდე ,,აშავებს” რისთვის აშენდა ეს ქვეყანა? ზღაპრების წერის, კი არა მსხვრევის დროა. ცივ მჭადსაც ვერ ჭამს წილხვედრი ერი. რატომ ცრუობს დიდი სიწმინდე რატომ გვიხვევს თვალებს რიტუალები, თუ შიმშილით სიკვდილი გახსნის ,,სამოთხის” კარებს. რატომ ღრიალებს არამარტო ღამით ჩვენი ქალაქი ტყვიების ხმებით, რატომ დილით და ასე უსასრულოდ, რომელი დემოკრატია მიგვაფარეს სახეზე, მაშინ, როცა ისევ და ისევ საბჭოეთის ნოსტალგიებზე იცრემლება მაღალი ელიტა, რისთვის გააფერადეს რკინის ფარდა პლასტმასის ფარსით, რისთვის ჩაგვყარეს მტრების ხახებში, თვალზე ლიბრი, პირზე მტევანი, გულში ტყვია, რატომ არ შეიძლება სხვა პლანეტაზე ცხოვრება, არ მჯერა ჯოჯოხეთის და არც სამოთხის, არც თქვენი ბეჭდური ანალიტიკის, გაქცევა მინდა, გამოქვაბულში მინდა და საერთოდ ისე დავიღალე ამდენი გვამების ქალაქის უაზრო ანალიტიკით არც თქვენი პოეზია მინდა და არც პროზა, საერთოდ შემჯავრდა თქვენი პოზა :- ,,არაფერი ხდება, ჩვენ გველანდება” არა ყველაფერი მართლა ცუდად არის! ყველაფერი ლპება! ყველაფერი დაიშალა მარტივ ნაკუწებად და თქვენი ტაში სიყალბის მესა მხოლოდ ერთ რეფლექსს პასუხობს - გულის რევას….
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი