მექანიკური ყვავილები


არტისტული ,,ეპოქა”, როდესაც გათავდა ,,დიდი”
ახლის დასაწყისი პირდაპირ ვერც ვიგრძენი. 
დაბადება არასდროს ყოფილა სასიამოვნო. 
მაშინ, როცა ჩემმა მიწამ მიმდინარე ცხოვრების წყლები დაღვარა, 
ახალი ადამიანიც ბევრი დაიბადა.
ფიზიკური არსებობა ვერაფერს შეცვლის 
თუ არსებული აბსურდი გულში არ გაგიარა… 
ასე, ამგვარად მეტალის ტვინი 
რბილი კოლექტიური ტვინისგან სწავლობს
დომინოს თამაშს, 
ლექსწერა ~ არა, არ გამოსდის… 
პრიალა ტვინი ნელ- ნელა უნაოჭდება… 
დაღვრილ წყლებზე ახალი სამყაროს ყვავილები ბიბინებენ ~ დამაზუთებულ წყლებში…
შენი ტკივილის განაწილება, 
რომ შემეძლოს ~ ვიტვირთავდი… 
არადა, ერთი სურვილი მქონდა ~
სამართლის ზეობის… 
გულღვიძლი ამოკორტნილი ამირანის ~
ჩემი დაყოფილი ხალხი…
გმირების საფლავებზე დავიარები, 
ამოდიან მექანიკური ყვავილები…
მესახება უსახური მომავალი… 
თვალებს მიწვავს ~ ვერაგი უმწეობა…
ერთი რამ ვიცი,
პროლოგში ყველა კვდება
ჩვენს სიკვდილში ახალი დაბადება 
იყვირებს… 
ყველაფერი ბუნდოვანია, 
ყველაფერი ყვავის… 
დროებით გეხვევი ჩემო მიწავ, 
მადლობა, რომ ნამდვილი ყვავილების სურნელი მასწავლე;
მაპატიე, არ ვარ ის თესლი, 
რომლის სხეულმაც დაღვრილი მაზუთის გესლი გაანეიტრალა, 
მეც არაგვი ვარ, 
ვერ ვერევი სხვა მდინარებას… 
არაფერშია სასრული და კიდეები;
არ მახსოვს პირველი კაცი, 
ვინც მტკვარში ეკიდა;
არც ის დრო,არტისტულმა,
მექანიკურით როგორ შეცვალა… 
მხოლოდ სიმშრალე 
დამშრალი ზღვების…
უსახელო გმირის ნარჩენებზე 
ყუმბარასავით ფეთქდება მომავალი… 
ნეტავ შემეძლოს ჩემი განცდიდან უმწეობის ფურცელი ამოვხიო…
მაპატიე სამშობლო…
მე არავინ არ ვარ 
და ვერაფერში გამოგადექი…

ფოტოზე ქვიშხეთის მემორიალური დაფა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი