გამორიყული თემიდას თვალები


ყველა საბუთი ხელმოწერილია,
ხარვეზს ვერ უპოვნი… 
დიდი ხნის გეგმა ვიღაცის 
გონებაში მოიხარშა 
და სინდისის გადაკვეთით 
უფასოდ დარიგდა…
შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში რიგდებოდა: 
პლაკატებზე, ეზოებში, ხეებზე, 
გაზეთებში და ცისფერ ეკრანზე…
თეთრი ხმაური გაზაფხულივით მოდიოდა, 
მერე ისევ მიდიოდა ~ჩვეულად…
თეთრ საღებავიან პლაკატებს წვიმა რეცხავდა, 
ხოლო გონებაში გამუდმებით რჩებოდა… 
გადმოდიოდა თეთრი ხმაური ქუჩებში, 
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე…
სიკვდილიდან სიკვდილამდე ~
ყოველდღიური სახე მიიღო…
აზრად არავის მოსვლია თეთრი ხმაურის გამორთვა, 
რადგან სახელდახელოდ მესაჭეობა ჭირდა, 
ამიტომაც რინგიდან, კორტებიდან, სპორტული დარბაზებიდან 
შევიდნენ ისინი მთავარ დარბაზში…
როცა სინდისის ძაფი წყდება, 
ვაჭრობას არაფერი უდგას წინ…
ტყუილში გაწაფულ ენას, 
შემოდგომის ქარები ვეღარაფერს აკლებენ…
,,ამას ვერ აიტანს, ამას ვერ გაუძლებსო”…
როგორ არა, თეთრი ხმაური გალურჯდა…
გაცვითა ოცნება, მშვიდობა და იმედი…
დატოვა მორჩილება, თავდახრა და გახლეჩა… 
გაუცხოება დადის ქუჩებში და სიმართლეს ასამართლებს, 
თემიდას დათხრილ ქუთუთოებზე 
ხორუმს ცეკვავს მტერი,
მას ეროვნული სამოსი აცვია: 
ზრდილობა და IQ… 
ყველაფერი ინგრევა, 
რადგან მტერი ფხიზლად არის, 
ტრაქტატის გაუქმებიდან ხელახლა დაწერამდე, 
აბსურდის საბუთებით დადის… 
ზღვა თავისთვის ღრიალებს, 
გუშინწინ დილას, 
თემიდას თვალები გამორიყა…
თუ თვალები თავს იკლავდნენ, 
მაშინ, რაღას ვუხვევთ ღვთაებას…
რომელ სასწორზე იღვიძებს სიმართლე?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი