ალბათ შემოდგომის მზეა, ვერ დამწვა
ღრუბლებს ვაყურადებ, ამოზნექილ ტრაქეებში ქარი მიმოდის და გულ-მუცელს მიჭამს. არ ვიცი, რომელი გზა უფრო მოკლეა, საითკენ წამიყვანს დამრეცი დაქანცულობა? მრუდდება ფირები ჩვენი ერთად ყოფნის, უსასრულობამდე მომლოდინე, ტრაექტორიას იცვლის უმიზნოდ ტალღა… ზეცა შორია, რომელიც გამვლელი ქალის გულში იმედის მსგავსად გაიხსნა. მიდის ფიქრების კვალდაკვალ ჟამი, მიჰყვება შემოდგომის ხნიერი ქარი, მესერივით აღიმართა ხეებსა და ადამიანებს შორის კავშირი, თუ შორს წახვალ მოგიწევს შეწითლებული ფოთლები ისესხო, ვერლიბრის მცდელობის ვესტიბული სიმაღლეს არ თმობს, ჩემში კი ფორმა ისე იქცევა, ვერ ვგრძნობ იმ უმწეობას, რომელიც მკვდარ ჩიტებს გამიცოცხლებს… გამვლელი მიდის, ისვრის იმედს, სადღაც მიწისკენ. მკვდარს როგორ აღადგენს გავმლელის ლოცვა. ხვალ ისევ პურის საშოვარზე მიაგორებს დილა ურიკას. ვიცლები ანტიკური ღმერთების წყალობისგან… ვიცი, რომ მგზავრი ვარ მკვდარი ჩიტების. რამდენი სიწმინდე უნდა დაკარგოს ზურმუხტის ქვეყანამ წმინდად რომ იქცეს? ალბათ არც ღირდა მიტოზი მაშინ, როცა ის ქალი გახსნილ გულში იმედებს ურიგებდა ჩიტებს, მაშინ, როცა ისინი მკვდრები იყვნენ; თავს ძალას ვატან აღდგომა რომ ვიწამო… ალბათ შემოდგომის მზეა, ვერ დამწვა, ვფიცავ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი