Amore Fati
* * * ორრქიანი საშოდან დაბადებული სიწმინდე, გამოწვდილი ხელებიდან ჩამოღვრილი ვედრება, ოქროსფერი ჯვრის ყუნწის ეკლესიის გუმბათზე გადაფრენა, ზურმუხტისთვალა ანგელოზის ფრესკა, სიფხიზლის მოთმენა, ხეების ნადიმი,ჩვილის ცრემლები ფოთოლცვენად, გულ-ღვიძლიდან მომდინარე სისხლი და ოცნებების ნაქსოვი ბადის ზღვის წყალს გადასროლა, ცნობიერება-თეთრი ზეწრების ქროლვა მზის კრისტალების დაშლა, ქვეცნობიერება- თხემიდან გაღებული სახლის მეორე კარი და უცხო ფიგურებით სიზმრებში ფრენა, არა ალადინის ხალიჩა,არამედ სხვა, ჯინის ლამპარი,ან გრაალის თასი... ფანჯრის მინებზე ორთქლით ნამღერი მარტოობა, ფარდის შრიალი და ნარინჯისფერი ქუჩის მომღერლის მუსიკა, გამვლელებს ცრემლები ადგებათ, თუმცა აღარ ტირიან, მათ,ვინც სიყვარული თავისი ხელებით ამოიგლიჯა გულიდან და გონებაში მეორე კარის გავლით შესვა, დარაზა არაცნობიერში- გაწყვეტილი სიყვარულის ძაფი. ვიღაც კლდის ქიმზე,ყვირის: Amore Fati! და მიათრევს ცხოვრების ლოდს, ეკლესიის სარკმლის შემოღამება, ღამის სიმბოლოთა თარეში,უცხო სხეულის სუნთქვა შენში, სიკვდილის შიში, დილის დაბადება- ბუტაფორული ქალაქი ზღვაში... ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი