სახლის სახურავზე ჩამომჯდარი ფრინველი...
*** სახლის სახურავზე ჩამომჯდარი ფრინველი, მარმარილოს ნატიფი თითები, ჩუმი ვედრება და კარჩაკეტილობა, ლიმფური კვანძების შედედებული მასა, ფიბროიდული ექსპანსია, ყრუ ტკივილი და ფანჯრის მინებში შემოჭრილი მზე, ბავშვიანი ქალი, რძისფერი სერაფიმის სახება, სიცხისგან უღონო კედლის საათი მექანიზმივით გართხმული პრიზმის ნაკვალევი,შენი ძვლები, ქვეშაგებში მოცახცახე ცხედარი, ჯერ კიდევ თბილი, ბოლო ამოსუნთქვის ხმა, ჩუმი ტირილი მიწის და ცის გასაყარი კრემაციაგანცდილი სამსჯავრო, ფასკუნჯის ცრემლი, ელვის მსროლელი ღმერთი და ეპოქა,რომელიც შედგა ... ჭერიდან ჩამოწუმპული ნესტი, კედლის ჭრილიდან ვერაგი უპეები მიმზერენ, ფსიქო- ემოციური ფონი, ხელოვნური ცისარტყელა, გაქვავებული ყელიდან შობილი პირმშო, წყენანაყლაპი გვამი, სამუდამო განსაცდელი, მტკივნეული გადასახლება, საფრთხის სუნი, ჩამომპალი ხალიჩა კედელზე, დაგლეჯილი თმა.... ქანდაკებების ჯარი,არა ტერაკოტა, ან სატირების მღვიმე,არამედ ცის კიდობანი.. უცხო ხილი და უცხო გემო .... ფიქრების წვიმა და საზეიმო განცდა, უდროო დრო .... დროის მანქანა, დარვიშების ტრიალი, მშვიდი სიმფონია ... მე,ამას ვგრძნობ .... *** 2021 #პროზადნათქვამიპოეზია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი