Ex Nihilo ~ დღე. 1,2,3,4(1),5(2);


Ex Nihilo ~ დღე. 1,2,3,4(1),5(2); 

პოეტი ~ მაატის გულით:
 _არ არის ბუმბულზე უფრო მსუბუქი ბავშვის სული,
სხეულს ზიდავს ბავშვური სილაღით...
რამდენი წელი იქნები გაქვავებული მზერით?
თუ ფიქრით მოსილი?
კიდევ რამდენი გული აწონის მიწის ანფასს,
რამდენად ღრმა ნაფაზი შეგიძლია დაარტყა დაღრეჯილ სიგარეტს სისხლის გუბურის და რამდენჯერ გადაარჩინო შენი დროშა ფეხით გათელვას?!

შუადღე 1. 

გუშინ გორგილაძეზე,
მოლის შესასვლელში, პარფიუმერმა გოგონამ მომცრო თეთრი ფურცლის ზედაპირზე
"Ex Nihilo" ~
წარწერით სურნელი მომაწოდა
(ქაღალდზე სუნი და სიმართლე მარადიულად რჩება);

საღამო 2. 

ფურცელი ჯიბეში ჩავიცურე და არაფრიდან ყველაფერი შევურიე არსებობას, 
განსაკუთრებით სიმართლეს
და გაქცევაზე ფიქრით დაღლილმა 
კვლავ ჩაძინება ვცადე...
თეთრი ქრიზანთემების სურნელში ჩავიძინე,
რომელიც ჩემი შვილის მამამ 
მეგობრის ეზოში დამიკრიფა...

შუაღამე 3. 

ფიქრები ირევა ჩემს თავში და დაგეგმილი სულელური ტრაფარეტები თავზე მემხობა,
როგორ არ იღლებიან ადამიანები თამაშით ~  ,,ყველაფერი რიგზეა" 
და როგორ თამაშობენ ისე ნიჭიერად თითქოს ცხოვრება ნარდის დაფა იყოს,
ყველა ფიგურა უშეცდომოდ გამოთლილი:
ერთხელ გააგორებ კამათელს და დუ - შეში დაჯდება...

დილა. 4(1) 

კბილის ტკივილიანი შვილის წაშლილი სახე გებლანდება და სულჩახუთული მოჩვენებასავით დგები; 
უზომავ სიცხეს და ტკივილგამაყუჩებელს ასმევ ,,აწკმუვლებულ" ბავშვს;

შუადღე. 5 (2) 

საგაკვეთილო თემა - "Super Suzy "
_ აბა ბავშვებო, ვინ არის გმირი? 
( Ex Nihilo Nihili) 
_ დედა, რადგან ჩვენ გვიძლებს;
_ თქვენ, რადგან ჩვენ გვიძლებთ;
_ Spiderman;
_ Batman;
_ Ironman;
_ Superman;
აბა კიდევ...
(არ ვნებდები ნიჰილიზმს და განსაკუთრებულ პასუხს ველი,
ვიცი, სადღაც თითოეულ კლასში არის ის ერთი, ვინც ნიჰილიზმის მორევში დახრჩობას არ მიქადის, 
მოვა და მეტყვის:,, მე ვარ ის, ნუ გეშინია"~ მაგრამ მხოლოდ თვალებით საუბრობს ის ერთადერთი და ყველაფრის ამოსაყირავებლად დაიბადა) 

_ გმირი ის არის, ვინც თავის თავს უძლებს...
(იყო პასუხი)
 
დღის დასასრული~ 1,2,3,4(1),5(2); 

პოეტი ~ მაატის გულით:
 _არ არის ბუმბულზე უფრო მსუბუქი ბავშვის სული,
სხეულს ზიდავს ბავშვური სილაღით...
რამდენი წელი იქნები გაქვავებული მზერით?
თუ ფიქრით მოსილი?
კიდევ რამდენი გული აწონის მიწის ანფასს,
რამდენად ღრმა ნაფაზი შეგიძლია დაარტყა დაღრეჯილ სიგარეტს სისხლის გუბურის და რამდენჯერ გადაარჩინო შენი დროშა ფეხით გათელვას?!

დიდება გმირებს! 

Ex Nihilo...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი