Vertigo


"უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარ გზაზე ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული..." 
სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ ნახევარი გზაც არ მაქვს გავლილი, უფრო მეოთხედი, თუ მხედველობაში ასაკს მივიღებთ და არა გამოცდილებას...
გზადაკარგულობა კი ზოგადად ახალგაზრდების ზედროული ჯვარცმაა, რომელიც მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუცდია ადამიანს... 
თუ გადავხედავთ ქართულ ან მსოფლიო ლიტერატურას, საკუთარი თავის ძიების უბადლო გზა სახლის დატოვებასა და შორეულ თავგასავავლებში მოგზაურობაზე გადის. დომენიკოც ხომ ამიტომ მიდის სახლიდან და ერთ დრაჰკანსაც არ ტოვებს სოფელში... დღევანდელ რეალობაში კი მსგავსი მასშტაბური მოგზაურობები უფრო ხელშესახებია...
სიმართლე ითქვას, მშურს ასეთი გმირებისა და ადამიანებისიც, მეც რა ხანია მიღიტინებს მსგავსი სურვილი, მაგრამ პატარაობიდან რისკიანის იარლიყმოკრულს  სიახლეები მაშინებს, ან სახლის დატოვება, კომფორტის ზონიდან წასვლა, თუ შეიძლება ამ ყოფას უკანასკნელი ტერმინი ეწოდოს...
არადა ბარათაშვილიც ხომ იმავეს ამბობს - "ეძიე ყმაო შენ მხვედრი შენიო"...
განა ყველაფერი შეძლებაზე გადის? მთავარი ხომ ძლიერი სურვილია!?
დიდი ხანია მივხვდი ემპირიულობის უპირატესობას, მაგრამ თავს ვერ ვაღწევ მხოლოდღა ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრებით დაკმაყოფილებას...
პირობას ვდებ, დღეიდან უფრო მოვინდომებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი