Un verre de vérité


ვაზის ქვეყანაში, სადაც თამადობა თითოეულ მაცხოვრებელს დაბადებიდან სისხლში აქვს, ყველა ბჭესთან დევს ფეხის საწმენდი, რომელსაც ნაცვლად წარწერისა - welcome - აწერია - IN VINO VERITAS!
გაბრუება, აღტაცება, ტკბობა, ბარბაცი, თავბრუსხვევა...  - ეს ის სიტყვებია, რომლებიც, ლექსიკონთა მტკიცებით, თრობის მეტად უცნაურ მდგომარეობას მიესადაგება.
მაინც რა არის ღვინო? მხოლოდ მათრობელა, ფერადი სითხე, რომელსაც vertigo-ს გამოწვევა შეუძლია?
იქნებ  მადის გამხსნელი სასმელია, რათა, ფიროსმანის მსგავსად, ხელოვანებს მუზა ეწვიოთ?
ანდა იმ ორ მთავარ ხატებათაგან ერთ-ერთია, ჩვენ რომ კარგად მოგვეხსენება რევაზ ლაღიძის სიმღერის მიხედვით... 
ვინ იცის?
ზოგი ვარდობის თვის ვარდებით თვრება, ზოგი  უღვინოდაც მთვრალია პირად ბედნიერებით, ზოგისათვის კი თავად ცხოვრებაა უანკარეს ღვინის ფერი.
ვიღაცას ერთი ჭიქა ორმაგი კალვადოსი ჰყოფნის, სხვას კი მხოლოდ ბაბუაწვერას ყვითელი ღვინო სწყურია.
იქნებ ნამდვილად თრობაშია ჭეშმარიტება, თუ ცისფერყანწელთა ლოთ ძმას დავუჯერებთ...
განა მხოლოდ ხაიამისთვისაა შხამიანი დარდის წამალი ღვინო, განა ვაჟა არ ამბობს სიტყვებს:
„დამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალიო!“
ზოგისათვის მუდამ თრობის საათია, მაგრამ მაინც ბევრი სადღეგრძელო რჩება დაულეველი,  ზოგი კი თრობას ბოიკოტს უცხადებს და სიფხიზლეს ამჯობინებს.
ღვინის ქურდებიც არსებობენ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,  დამძალებლებიც, დეგუსტატორებიც, დამყენებლებიც და კიდევ ბევრი სხვები.
საკითხავია, თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? რას ნიშნავს თქვენთვის ეს მათრობელა სასმელი, ქართული სუფრის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას რომ წარმოადგენს და ქრისტიანობაში დიდი დატვირთვით სარგებლობს, დროებითი ბედნიერების გზას, ჭეშმარიტებას თუ რაღაც სხვას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი