Sedness


მინდა მოგიყვეთ დროებაზე, როცა ყვავილები მხოლოდ გარდაცვლილებისათვის მიაქვთ საჩუქრად, ცოცხლები კი რა ხანია დაივიწყეს. ამას წინათ ასათიანის ქუჩაზე ჩავიარე და თვალში მომხვდა რამდენიმე ყვავილების მაღაზია, თითქოს ტერენტი გაიძახოდა შუა ქუჩაში - "აქ ყვავილებიც მოიპოვებაო" - თუმცა მუშტარი აღარსად ჩანდა. ეს ის დროებაა, როცა მისის დოლოუეები თავად ყიდულობენ ყვავილებს. როცა ჩარლი გორდონის დანაბარევი არავის ახსოვს და ელჯერნონის საფლავზე არავინ ტოვებს ყვავილებს. როცა საყვარელი ქალის გულისთვის არ ირჯებიან კამელიების მოძიებითა და მათი დაკრეფით. ახლა აღარც ყაყაჩო შემოგხვდება გზაში, სიმორცხვით, რადგან ლოდინისაგან დაღლილმა თავი რა ხანია დახარა და აღარ გელის. არც იასამანი წუხს, რომ სულ მთლად სველია, მაინც არავინ აპირებს სატრფოსათვის მის მირთმევას. დღეს სულში არა კესანები, არამედ ბაობაბები და გვიმრები ამოდის. მარგარიტას შფოთიან, ყვითელ, ყვავილებს ლარნაკში აღარავინ დებს, პრიუდომის ვაზა რა ხანია გატეხილია. არც მიჯნურები იკლავენ სატრფოს სახლის წინ თავებს, ხელში თოვლივით ვარდებით. დღეს უცნობი ქალის გამოგზავნილ წერილს, ყვავილებთან ერთად, სანაგვეზე უჩენენ ადგილს. ფერი დაეკარგა ტიციანის სისხლისფერ მიხაკებსაც. დაჭკნა პატარა პრინცის ვარდი და მოკვდა მაგნოლიის ყვავილი, ბებია ანას გარდაცვალებასთან ერთად. ვერ გაიხარა სილაში ვარდმა. ვარდები დღეს სასაფლაოებზე ყვავიან ყველაზე  გულწრფელადა და გულმართლად.

25 მარტი 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Lilith 4 თვის წინ

პატივცემულო ანტონიო, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყოველივე?

Janetteსტუდენტი4 თვის წინ

დღეს ბევრი რამ გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე 30-40 წლის წინათ იყო.
სიმარტივე ყველაზე კარგად ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურ საქმიანობებში აისახა, რის პარალელურად სიყვარულის გამოხატვის, გამომჟღავნების ფორმებიც გამარტივდა. ზედმეტი გარჯითა და რაიმეს დამტკიცებით დღეს თავს დიდად აღარავინ იწუხებს, გინდ ეს რაიმე სიყვარული იყოს.
დღეს გრძნობებიც კი ვირტუალურია, ყვავილები სასაუბროში გაგზავნილმა მოკლე ვიდეოებმა ჩაანაცვლა და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია... ვფიქრობ, დღეს მთავარი გამოწვევა ადამიანებისათვის ვირტუალური და რეალური სინამდვილის არათანაბარი განაწილებაა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს...

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი