ჯორჯი


ჯორჯი მშვენიერი ბიჭია, კულტურული, განათლებული, დიდი ქონების პატრონი, ცოტა ფიცხი ხასიათისა, თუმცა ბუნებით მხიარული. რაც გაიზარდა და მშობლებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება მოისურვა, მას შემდეგ ხან მშობლებთან აქვს კონფლიქტი, ხან ახლობლებთან, ხანაც უბრალოდ სადარბაზოს მეზობლებთან. ჯორჯსაც ვერ გაუგია მეზობლებს რაღა უნდათო, მაგრამ გულში ეჭვობს, რომ მის ქონებაზე აქვთ თვალი, რადგან მხოლოდშობილი ვაჟია და ჯერ ცოლიც არ მოუყვანია, სიმდიდრე კი აუარებელი აქვს, მისი საგვარეულოს დანატოვარი. რაც გარდატეხის ასაკი დაეწყო იქედან მოყოლებული აგერ უკვე რამდენი წელია, დაოჯახებას ფიქრობს, თუმცა მისი სასურველი და მოსაწონი კანდიდატები მუდამ უარზე არიან. ხან მკვახე უარს პირდაპირ ეუბნებიან, ხანაც დიპლომატიურად იშორებენ თავიდან... ეს კია, რომ ჯორჯს სულ უცხოელი გოგონები უყვარდება, მათ კი პაემნებზე სიარულის მეტი არაფერი სურთ, დაქორწინებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გოგონები ჯორჯივით კულტურულები და განათლებულები არიან, თანაც გვარიანად ეხმარებიან ბიჭს დამოუკიდებლად ცხოვრების გეგმების შედგენასა და განხორციელებაში, ხან მორალურად, ხანაც მატერიალურად, რადგან ამ დიდი ქონების პატრონს გაბრაზებული მშობლები აღარაფერს აძლევენ. 
- თუ დამოუკიდებლად ცხოვრება გინდა გადადი და თავად იზრუნე შენს თავზეო - უთხრა ამას წინათ მამამ.  
ერთი გოგონა თავად იჩენს უკვე რა ხანია ინიციატივას, თუმცა მისი წარმომავლობა არ მოსწონს ჩვენს ჯორჯს, რადგან მწარედ ახსოვს ბაღში ყოფნისას პირველი შეყვარებულიც იმაგე ეროვნებისა ჰყავდა. მაშინ ჯორჯს სულაც არ უნოდა ის გოგო ყოფილიყო მისი შეყვარებული, მაგრამ ასე მოხდა, მათი დედები მეგობრობდნენ და უარი ვეღარ გაბედა. სწორედ მან გაუტეხა გული ბიჭს, უამრავი სათამაშო მოპარა, ბევრჯერ ატირა და ბოლოს წითელაც კი გადასდო, რომლისგან ერთი კვირა სახლიდანაც ვერ გადიოდა საბრალო ბიჭუნა.  
გაგრძელება იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
George Nავტორი2 დღის წინ

აღარ გააგრძელოთ))

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი