ტყე არის ჩუმი


ტყე იყო დინჯი, ტყე იყო ლანდი,
ხის შუაგულებს ჭრიდა მზის სხივი,
ადიდებული, ზღვასავით მზარდი
ჩემი გონება წარსულს მისტირის.

ტყე არის ჩუმი, ტყეა ჩაგრული,
ველური ღამე იცინის ჩუმად
და ის წარსული გადაკარგული
ჩაწვება ლანდში მარადის მდუმრად.

სულ ორიოდედ მომიკრავს თვალი,
თუმც დაგიხსომე სამარადისოდ,
მის მერე ფიქრით მე დამაშვრალი
ვარ შენაღონად და უხალისოდ.

სალვიის ბუჩქს გიგავს შენ წამწამები,
თვალის მახლობლად როკავს ვარსკვლავი,
მზე შემოგცქერის და ის წამებით
შეშურებული ცრემლს ღვრის საბრალი.

შენი თითები თლილი ხე არის,
ღაწვები შენი ბლებია თეთრი,
სურნელი გიდის თითქოს ხილნარის
და სიტკბოება იგრძნობა მკვეთრი.

ხარ პეიზაჟი, - დილა სოფლისა,
ზუსტად ისეთი, თვალს რომ აამებს,
ფეხებს მოჰკვეთავს და ჩაფლობისას
ტალახში მზაკვარ მახეს დააგებს.

შენ ხის შაშვივით ხმა გამოგჟღერის,
არყის ხისფერი გასხია ტანზე,
სუნთქვაც კი ნაზი გაქვს მგალობელის
და თავთუხები გემჩნევა თავზე.

ტყე არის ჩუმი, ტყეა ჩაგრული,
ველური ღამე იცინის ჩუმად
და ის წარსული გადაკარგული
ჩაწვება ლანდში მარადის მდუმრად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი