მთვარის მონოლოგი
ღამის ცაზე მთვარე ცურავს დარკალული, ის დაჰნათის ჩემი უბნის აივნებს. თვალს ვუსწორებ, თანაც ვუსმენ გულისყურით, რადგან მალე თვის მონოლოგს დაიწყებს. ჯერ ღიღინით გამარინდა, ყურს სიტკბო მოესალბუნა, მერე სხივით მომეფერა, წარმომიდგა, როგორც ლუნა. ღიღინს მორჩა, ჯერ გაყუჩდა, ოდნავ ღრუბლებს მიეფარა და კვლავ გაჩნდა სილუეტად და მომმართა მოქარგულად: “შენ შვილი ხარ ჩემი, მზისა, კოსმოსის და თვით ღმერთისა, თუმცა ის ხარ, ვინც სამყარო ვერ იცნო და შეითვისა. სააქაოს ძღვნად მოგეცა ხორცი ნებად მოსახმარი, დანარჩენი შენ უნდა ქნა, დანარჩენი შენზე არი! შენ ყოველდღე შემოგვცქერი მე, მზეს, ცას და ვარსკვლავებსა, ნუ ოცნებობ, ვერ გახდები შენ ჩვენსავით უსასრულო. შენ განგებამ მოგიბოძა კაცად ყოფნა, მოკვდავობა, ეგ ოცნება რომ გაქვს კიდევ, არის შენი უვარგობა! დრო მიჭენავს პეგასივით, მიწას ფეხსაც არ აკარებს, მოგჭიხვინებს, ჩლიქებს გირტყამს, მაშ შენს სხეულს არ ახარებს. აჰა, ახლა მე გაფხიზლებ, რომ გაგიქრო ეგ სიზმარი! დანარჩენი შენ უნდა ქნა, დანარჩენი შენზე არი! შენ ღმერთთან დაგიჩივლია, რად არ გავჩნდი ცხოველადო: კატად, ძაღლად, თუნდაც ჩიტად, ანდაც სულაც თხად, მელადო?! მათ ხომ წუთისოფლის ცნება, არ იციან, ვერ ხვდებიან, თავს ირჩენენ, იამებენ, ბერდებიან და კვდებიან. კაცს კი სიამეზე მეტად სხვა მეტი აქვს საფიქრალი, ჯერ ჩვილია, მერე დიდი, ბოლოს ნეშთია გამქრალი. ის თუ ცხოველს დაემსგავსა და იცხოვრა უმეცარად, გაქრობისას იმის სახელს ხალხი ჩათვლის სულ არაფრად. შემახსენე შენ სახელი ცხოველის ღვაწლი რომ უძღვის. რატომ სდუმხარ, თვალს მარიდებ, გული ცეცხლით ხომ არ გეწვის? მაშ მიიღე ღვთის განგება და იცხოვრე როგორც კაცი. დრო მიჭენავს, მოასწარი სახელი შექმნა ყურწარმტაცი! ახლა, ჩემო შვილო, კარგო, ამოვარდა ოდნავ ქარი, იმედი მაქვს რაც ვთქვი შენს გულს ესმინა ვით ნადებარი, აბა კარგად, მე კვლავ მოვალ, არ გავხდები საძებარი, დანარჩენი შენ უნდა ქნა, დანარჩენი შენზე არი!” ქარმა ღრუბლებს უბიძგა და სულ დაფარა მთვარე ბადრი. ჩემ გარშემო მთვარის გარდა კვლავ იგივე არის კადრი. მომაშორა ზღაპარიც და გამიქარვა თან სიზმარი, დანარჩენი მე უნდა ვქნა, დანარჩენი ჩემზე არი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი