სუპერმარკეტის წინ


კოკისპირული წვიმა ნახალოვკაში ჩამწკრივებული სახლების სახურავებიდან სანთლის ნაღვენთივით ისხმეოდა. ქოლგააღმართული დედები ცამეტი წლამდე ბავშვებს მიხუტებულები მიარბენინებდნენ სახლისაკენ. წვიმა ასველებდა ქუჩებს. ბრტყელ ტროტუარებზე ტანალეწილი წვიმის წვეთების დარტყმის ხმა სასიამოვნოდ ესმოდა არემარეს. ესმოდათ დედებსა და ცამეტ წლამდე ბავშვებს; ბეწვაბურძგნულ კატებს. გარიტმული ტიმპანის მელოდიასავით ჩაეხმატკბილებოდა კორპუსის აივანზე გამოსულ ახალგაზრდა წყვილს ყურებში. მჭექარე ამინდი ყველას ახარებდა. მხოლოდ არ ახარებდა კაცს, რომლის ემოციასაც ახლო წარსულის მოგონებები დედაზე, მამასა და ძმაზე სვავივით კორტნიდა. ასეთ ამინდში ბუხრის წინ რომ დაჯდებოდა, ხელში რჩეულიშვილის პოემათა კრებულს რომ დაიჭერდა და მსუნაგივით წაიკითხავდა, ან გამოვიდოდა აივანზე, დამაყრუებლად, მაჟორული ხმით დაიყვირებდა. წვიმა მაშინვე გაისუსებოდა.
ახლა კაცი დახეულ ქურთუკზე იჯდა სუპერმარკეტის მოკლე, კრამიტიანი გადასახურის ქვეშ. ცხვირში სისველე ჰქონდა. ვერ სუნთქავდა. კაცს არ სციოდა, თუმცა სული კი ეყინებოდა. კაცმა შიგნიდან დაკვლის პირას მდგარი ბოჩოლის ხმა ამოუშვა. ხმა წვიმამ გადაფარა. გადატეხილი სიგარეტის ღერი ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან. წაუკიდა, მოსწია. მერე კვლავ ისევ იმ სასოწარკვეთილი ხმით დაიღრიალა. ხმა ისევ წვიმამ გადაფარა. წვიმა არ ჩერდებოდა. ყველა ბედნიერი იყო. კაცმა წვიმაში მორბენალი, უსახლკარო ძაღლი შენიშნა. შორიდან დაუშტვინა. მერე დაუძახა. ძაღლმა წამიერად ყურები დაცქვიტა, თუმცა გადაიკარგა. კაცი მოიღუშა. კვლავ უნდოდა დაეღრიალა, მაგრამ მისუსტებული იყო და აღარ შეეძლო. ჯიბეში ქაღალდის ხუთლარიანი ჰქონდა. დილით მოხუცმა ქალმა ჩაუგდო ქუდში, მაგრამ ვერ იყენებდა. სუპერმარკეტში არავინ უშვებდა. კაცს შიმშილი ვერ ერეოდა. ვერ ამარცხებდა სიცივე. სევდა და მწუხარებაც ვერაფერს ხდებოდნენ. კაცის ყურებში წუილი ისმოდა. მერე თითქოს შუბლზე ტკბილი კოცნისა და დედის ჩურჩულის ხმა ჩაესმოდა: “ტკბილი ძილი”. მაგრამ კაცს არ ეშინოდა. სასოწარკვეთის ღრმა უფსკრულმა დიდი ხანია გადაყლაპა და საზღვრის დასასრულზე კარგა ხანია დაიარება. ორი წამით გაყუჩდა. კვლავ სიგარეტის ბოლო ღერი ამოიღო. მოსწია და გაახსენდა ბუხარი, რჩეულიშვილის პოემები; ყვირილით  იმედისმომცემი ბრძოლა წვიმასთან; მამის დარიგება, ძმასთან წაკინკლავება და დედის ჩურჩული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი