ხმელეთის ლუკმა
„როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ არსებას, შენ შეგიძლია გამოძერწო და ჩამოქნა შენი თავი იმ სახით, როგორსაც აირჩევ“ -ჯოვანი პიკო დელა მირანდილო I დამიანე რუსიშვილი დაბადებიდანვე ხასიათით ლაღი, მუდამ მომცინარე და ბედნიერი ბიჭუნა იყო. ჩვილი ასაკიდანვე ეტყობოდა ფიზიკური დახვეწილობა. თვალის ფერი სექტემბრის ბალახივით მწვანე, ცხვირი მორკალული, ბოლოში ოდნავ წაწვეტებული, ხოლო წონა იდეალური ჰქონდა. წელ-ნახევრისა რომ იყო, პირველი სიტყვები წარმოსთქვა: “მა-მა“. თავიდანვე დაკვირვებული და გონიერი ჩანდა. 4 წლის ასაკში ასოების ცნობა თავისით ისწავლა. ზღაპრების წიგნს დაავლებდა ხელს, ბებიასთან ან დედასთან გავარდებოდა და ჩაეკითხებოდა: - ეს რა ასოა? - „ბ“, - უპასუხებდა დედა ან ბებია. თანდათან დამიანემ ყველა ასობგერა დაიზეპირა. 5 წლის უკვე ენისტეხვით, თუმცა თავისი მეთოდით კითხულობდა. ერთ სიტყვაში მოთავსებულ ასოებს ძლივსძლიობით წაიკითხავდა, მერე გონებაში ერთად აკინძავდა და სიტყვას ხმამაღლა წარმოსთქვამდა. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე გახლდათ, მასწავლებლები გამუდმებით მის ქებაში იყვნენ. ვერ ელეოდა ლიტერატურისა და ხელოვნების გაკვეთილებს. ბიჭი ფიზიკურადაც ლამაზი ტანის გამოდგა, ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში და ჭიდაობა, თუმცა წყალს ერიდებოდა.ზღვის მეტად ეშინოდა. მამა მუდამ უჩიჩინებდა, „ისწავლე ბიჭო ცურვა, ისწავლე, რა იცი როდის გამოგადგესო“. თუმცა დამიანე ამ სიტყვებს ერთი ყურიდან შეუშვებდა, მეორედან - გამოუშვებდა. ოჯახი ზაფხულობით დასასვენებლად წასვლას რომ დააპირებდა, მამა სიონის ტბას აირჩევდა ხოლმე, ბავშვობიდანვე საყვარელ ადგილად მიიჩნევდა, ტკბილი მოგონებები ჰქონდა ჩარჩენილი, თუმცა დამიანე ყოველთვის უარით ისტუმრებდა მის შემოთავაზებას და ოჯახიც იძულებული ხდებოდა ან მთაში დაესვენათ, ანდაც სულაც არსად წასულიყვნენ. ბიჭი 11 წლისა იყო, რომ ოჯახს მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. დამიანეს მამას ლეიკოზი დაუდგინდა. სამკურნალოდ თურქეთში გაგზავნა იყო საჭირო, თუმცა არასაკმარისი ფინანსების გამო მისი მოვლა ვერ მოხერხდა და კაცი მალევე გარდაიცვალა. ამ მოვლენამ დიდი როლი ითამაშა ბიჭის ცხოვრებისეულ რეგრესზე. სკოლაში სწავლით თავს აღარ იღლიდა, მეგობრებთანაც იშვიათად ურთიერთობდა. უმეტესწილად სახლში იყო გამოკეტილი და წიგნების კითხვით ირთობდა თავს. წელიწად-ნახევრის შემდეგ დედამისმა ევროპაში წასვლა გადაწყვიტა სამუშაოდ. ამ ამბავმა ბიჭუნასადმი, ჯერ კიდევ კონტრასტულ ფერებში აღქმული ცხოვრება მეტად გააბაცა, თუმცა იძულებული იყო შეგუებოდა მოვლენას. დამიანე 19 წლამდე ბებოსთან და პაპასთან იზრდებოდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში. სასწავლებელში რომ ჩაირიცხა, თბილისისაკენ გამოემართა, მუშაობა დაიწყო რესტორანში მიმტანად, ხოლო ვიწროოთახიანი ბინის ქირაობა ძლივს მოახერხა ვერის უბანში. უმეტესწილად ახალგაზრდას ტანზე თეთრი, გაპიწკინებული, ფართომკლავიანი პერანგი და ტანსქვემოთ მუქი ყავისფერი, კლასიკური შარვალი ეცვა. ფეხები შავი, გაპრიალებული ჩექმებით ჰქონდა შემოსილი. II ტაძრის შიგნით ხალხი სანთლისჭერით, გასუსული და თავდახრილი უგდებდა ყურს მღვდლისმიერ წარმოთქმულ ლოცვებს. მათ შორის იყო დამიანეც. მშობლები, პატარა ბავშვების თანხლებით, გაფაციცებულები იწერდნენ გონებაში თითოეულ სიტყვას, თუმცა შვილებს მაინც ვერ გაეგოთ, რისთვის უსმენდნენ ფილონმოსილ მამაოს. ზოგი ეკლესიის ეზოში გაიპარებოდა, ზოგსაც ფეხები დაეღლებოდა და დედას მაჯაზე ჩამოეკიდებოდა. წირვის მორჩენისას დამიანემ მღვდელთან გამოლაპარაკება მოისურვა. ოდნავ უჭირდა საუბარი, თითქოს სირცხვილი სჭამდა, თანაც ეშინოდა, რომ ლაპარაკს შედეგი არ გამოეღო. საბოლოოდ მაინც გაბედა მისვლა დიაკვანთან. - გამარჯობა, მამაო, ალბათ გახსოვართ. - მოკრძალებით უთხრა. მღვდელმა აათვალიერა, მერე გაუღიმა და უპასუხა - როგორ არა, დამიანე, ხომ? დაჯექი, გამიზიარე შენი ცოდვები. - არა, მამაო, აღსარების ჩასაბარებლად არ მოვსულვარ, საუბარი მინდა. - მაშ, გისმენ. - ალბათ ჩემი რთული წარსულის შესახებაც გახსოვთ. - მახსოვს. - მაგას ეხება. - რა გაწუხებს? - დედის წასვლამდე კიდევ ლაღი ვიყავი, მის მერე მუდამ თან დამდევს თითქოს რაღაც შავბნელი, მაგრამ უჩინარი. გულს მიკაწრავს ამოუცნობი რამ. ვგრძნობ, მალე გადაუჭრელ უბედურებას დამატეხს თავს. ამ რაღაცამ ჩემს ცხოვრებას გაურკვევლობის გარდა არაფერი მოუტანა. - ღვთის ჭეშმარიტად გჯერა, დამიანე? - რა თქმა უნდა. - შენ უნდა დაფიქრდე შენს თავში, შეიძლება ეშმაკმა სისუსტე დაინახა შენში, უნდა ებრძოლო და ქრისტე მოიძიო. დამიანესთვის, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი აღმოჩნდა მღვდლის რჩევა. მერე დიაკვანმა განაგრძო: - 90-ე ფსალმუნი წაიკითხე ყოველდილით და დამიჯერე, აუცილებლად დაგეხმარება. ბიჭს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, თუმცა მღვდელს კმაყოფილება მაინც აგრძნობინა და მოწიწებით დაემშვიდობა. დამიანე მეგობრის სანახავად მიდიოდა. ავტობუსის გაჩერებამდე გზა ფეხით იყო სავალი. სიარულისას ბიჭი ფიქრებით თავს იღლიდა. მანამდე ეგონა, ღმერთთან ახლოს მყოფ პირთან საუბარი კაეშანს მოაშორებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. ვინმესთან ლაპარაკი სურდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა როგორ აეხსნა სხვისთვის თავისი განცდები, ის კი არა, საკუთარ თავსაც ვერ აგებინებდა გულისტკივილს, მაგრამ მიჩვეული იყო შეუვსებლობას. „ალბათ გაივლის“, იძახდა გონებაში. თუმცა, ზოგჯერ, სულიჭამია პარაზიტისგან მიყენებულ იარებს ლექსების წერით იქარვებდა, ისიც დროებით. ამასობაში გაჩერებასაც მიუახლოვდა. ავტობუსიც მალევე მოვიდა. ტრანსპორტი თითქმის ცარიელი იყო. ეს ფაქტი ესიამოვნა ბიჭს, დიდი ხნის ნადგომი დაასვენებდა ფეხებს. მეორე გაჩერებასთან ხალხმა ოდნავ იმატა, მესამედან უფრო მეტი ამოვიდა, მეოთხეზე უკვე სულისმხუთავი ქაოსი იყო. თითოეული მგზავრი სახეშეჭმუხვნით, ხრიკიანი იყურებოდა, მხოლოდ დამიანე გახლდათ წმინდა, ის ბნელაურიანი სულებით სავსე ყუთში გამოკეტილად გრძნობდა თავს. ტრანსპორტში ამოიჩოჩა ხანში შესული ქალიც. იქაურობას კარგად დააკვირდა. მერე დამიანეს მოჰკრა თვალი, აათვალ-ჩაათვალიერა და მგლის თვალებით მიაშტერდა. ბიჭმა შენიშნა მოხუცის მზერა, ერთი შეხედა, მერე ფანჯრისაკენ გაიხედა. ქალბატონი მაინც არ აშორებდა თვალს, საბოლოოდ დაღლილი ახალგაზრდა იძულებული გახდა, ამდგარიყო და მოხუცისთვის ადგილი დაეთმო. „დაბრძანდით“ ზრდილობიანად მიუგო მოხუცებულს. ქალი უპასუხოდ დაჯდა. დამიანე ავლაბრის მეტროსთან ჩამოვიდა. მისი მეგობარი ნოა გაჩერებასთან დახვდა. ერთმანეთი პირველ კურსზე სასწავლებელში გაიცნეს, მის მერე ახლობლობენ. - ნოას ვახლავარ! - იუმორით მიესალმა. - როგორ გიკითხოთ? - იდეალურად, თავად? - მეც, მეც, მოვეშვათ არშიკობას, - მხარზე ხელი წამოარტყა - ჰა, საით გავისეირნოთ, რომ არ მოგვიფიქრებია? - მე უკვე მოვიფიქრე. - სად? - ძველ თბილისს ჩამოვუაროთ. - მანდ ხომ წინაზეც ვიყავით, ბიჭო. - ვიყავით, ახლაც ვიყოთ, ჩვენი რა მიდის. - კარგი, კარგი, მაშ, როგორც გენებოს. - სხვა გზა აღარ დაუტოვა ნოას. ბიჭები ნელი ტემპით კარგა ხანს დასეირნობდნენ ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში, თანაც რაღაცებს ორჭოფობდნენ: - დამი, შენ გეცოდინება, სოფელი და ქალაქი რამით განსხვავდება? - აბა, რა. - მე კი ვერაფრით გამოვარჩევ, ეგ კი არა, სოფლელი და ქალაქელი კაციც ერთი მგონია, მასე არაა? - რანაირადაა მასე? - რანაირად და... - ვეღარ მოუბა აზრებს თავი - ეგრეა, ვიცი... - მე კი ვიცი, რომ ეგრე არ არის. - მაშ, როგორაა? - ორივე სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სოფელში მუდამ ცოცხალი ბუნებაა, სადაც გაიხედავ სიმწვანეა, ჭალასაც ფლობს სოფელი და ტყე-მინდორსაც, ქალაქი კი კორპუსების, ქარხნებისა და მანქანებით გადატვირთული გზების გროვაა. - სულ ეგაა? - არა, ხალხიც განსხვავდება. სოფელში მეტი თავისუფლება გაქვს, ქალაქში არა. - ეგ როგორ? - ქალაქში რომ სეირნობ და გზის მეორე მხარეს ნაცნობი რომ დაინახო, შეძახილით მიესალმები? - არა, შემრცხვება. - ხოდა, სოფელში სულაც არ შერცხვება კაცს, მთელი დღის მანძილზე რომ ყვირილით ისაუბრო, კაციშვილი ყურადღებას არ მოგაქცევს. - რატომ ხდება მერე ეგრე? - მე რა ვიცი, მასეა განწესებული. - მუშაობაზე რაღას იტყვი? - ოჰ, ეგ ძნელი საკითხია. შრომით ორივე ტიპი შრომობს, ქალაქელიც და სოფლელიც. - ჰო, მგონი ჯაჭვია. - ჰო, ჯაჭვია. სოფელში მოსავალი მოჰყავთ, საქონელი უხვადაა, პროდუქტებით ქალაქის ბიზნესს ამარაგებენ და ასე შემდეგ... თორე ისე, ქალაქშიცაა ზარმაცი და სოფელშიც. - სოფელში ყველა მიწასა და საქონელზე ხომ არ მუშაობს, მერე? ბევრი სოფლის ახალგაზრდა სასწავლებლად ჩამოდის. - ჰო, ეგენი ქალაქელდებიან და საქალაქო ბიზნესში ერთვებიან. მაინც ჯაჭვი გამოდის. - შენც მასეთი გამოდიხარ, მაშინ, - სახედაკრეჭილმა კისერზე ხელი მოხვია. - მასეა. სიარულისაგან დაღლილებმა იქვე სკვერი მონახეს, სკამზე ჩამოსხდნენ, სიგარეტს წაუკიდეს და საუბარი განაგრძეს. ამასობაში სკვერის ტერიტორიაზე ოთხი სახედაღრეჯილი ბიჭი შემოვიდა. აქედან ერთი მეტად გამოირჩეოდა. ტუჩი კურდღლისა ჰქონდა, ლოყაზე უზარმაზარი ნაიარევი. ფართოდ გაშლილი, დაკუჭული შარვალი ეცვა, შარვალსა და ფეხსაცმელზე ტალახი შეშროდა. ოთხივე არაფრისგან გამწყრალი სახით მოემართებოდნენ ბიჭებისკენ. რომ მოუახლოვდნენ გამორჩეულმა წყნარად, დამაჯერებელი ღიმილით მიმართა. - უკაცრავად. დამიანემ მოიხედა და ასეთი შემზარავი მზერა რომ დაინახა, უსიამოვნების შეგრძნება დაეუფლა, ოდნავ გაუკვირდა კიდეც. - დიახ. - ერთს ან ორ ღერს ხომ ვერ გვაჩუქებდით? - გულისამრევად ირონიული ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან. - რა პრობლემაა, - დამიანემ სიგარეტით სავსე კოლოფი გაუწოდა. უცხო ბიჭმა თანამოძმეებისაკენ გაიხედა, შენიღბულად გაუცინა და კოლოფიდან ოთხი ღერი ამოიღო. - უკაცრავად, ორი ღერი არ მითხარით? - შეშფოთებით ჰკითხა დამიანემ. - კი, გითხარი, მაგრამ ახლა ოთხი მომინდა. - მასე არ გამოვა. - რა არ გამოვა? - ან დააბრუნე, ანდაც მხოლოდ ორი დაიტოვე. - ბრძანებას მიბედავ?! - წარბი შეკრა გამორჩეულმა, მერე მოძმეებს მიუბრუნდა, - ნახეთ, რამდენს მიბედავს, რისი ღირსია ახლა? მეგობრები ახმაურდნენ, დამამცირებელი სიტყვებით დამიანეს ლანძღვა დაუწყეს. ახალგაზრდას შუბლის ძარღვი დაეჭიმა, უნდოდა ერთი კარგად ეთავაზებინა რომელიმესთვის, მაგრამ ვერ ბედავდა, გულმა გაბმული ფეთქვა დაუწყო, არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში. მერე ლმობიერად მიმართა. - რა საჭიროა, ჩემო მეგობარო, ასეთი აღელვება, დაიტოვე ეგ ოთხი ღერი. - დავიტოვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ უპასუხოდ ვერ წავალთ. ამ სიტყვებმა დამიანეს სხეული შიგნიდან ლერწამივით შეარხია, ნოას გახედა. ნოა გაფითრებული სახით იჯდა და ხმას ვერ იღებდა. - შენ რა გქვია? - ნ-ნოა. - აბა ერთი წამოდექი, კარგად დაგაკვირდეთ. ნოა ხმაამოუღებლად ადგა. კურდღლისტუჩიანმა მეგობარს თვალით რაღაც ანიშნა. მეგობარმა ჯიბე მოჩხრიკა. - მოგვიახლოვდი, ბიჭო, რა დამფრთხალი იყურები, - გაუცინა და თმა უხეშად აუჩეჩა. ფერდაკარგული ნოა ამ საქციელმა ოდნავ დააშოშმინა, ეგონა, მგონი შარს გადავურჩითო, ნაძალადევი ღიმილით შეხედა სკამზე მჯდომ დამიანეს. დამიანე არ იღიმოდა. ნოამ მიხედვა ვეღარ მოასწრო, რომ მთელ სხეულში ტანგამყინავი ტკივილი იგრძნო. იმ მეგობარმა, რომელსაც კურდღლისტუჩამ რაღაც ანიშნა, ბიჭს საცერული მუცელში რამდენჯერმე დასცა. ნოამ ხელები სტომაქზე ძლივს მოიხვია, ენა ჩაუვარდა, ხმის ამოღებას საერთოდ ვერ ახერხებდა, მერე თვალები აატრიალა და ძირს დაეცა. ამის დანახვაზე დაფეთებული ხულიგნები მიმოიფანტნენ. დამიანეს ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა მომხდარი, კურდღლისტუჩიანისა და მისი მეგობრების გაუჩინარება ვერც შეამჩნია. უეცრად ყველაფერი ერთიანად გაანალიზა და ყურები გაბმულმა წუილმა დაუგუბა, ამან გამოიწვია თავის გაუსაძლისი ტკივილი და ბოლოს თვალთახედვის ამღვრევა. სადაცაა დამიანეც ჩაიკეცებოდა, რომ როგორღაც თავი მოთოკა და ხალხს დასახმარებლად მოუხმო. III - გამარჯობა, ეს პალატაა? - დიახ, შებრძანდით. დამიანე, შოკოლადის ყუთით ხელში, მიესალმა პალატაში მწოლიარე ნოას. - ეს რა ამბავი მოგვივიდა, ჰა? - ტუჩები უხერხულად აათამაშა დამიანემ. - აბა... ისე, მამაჩემისგანაც მსმენია მსგავსი ისტორიები, ცხოვრებაა და, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. - ჰო, მთავარია კარგად ხარ. - კი, თან, კარგადაც მივლიან. - როდის გამოგწერენ? - ერთი კვირა მაინც უნდა ვიყო აქ. პალატაში რამდენიმე წამით დუმილმა დაისადგურა, მერე დამიანემ განაგრძო: - აი, ეს მოგიტანე, გემრიელია. - ვაჰ, მადლობა, მაგრამ ჯერ არ მინდა. - როცა მოგინდება მაშინ შეჭამე. - ჰო, მასე ვიზამ. - მე წასასვლელი ვარ, ხომ იცი, ლექცია იწყება ცოტახანში. - მიდი, მიდი, რა პრობლემაა. - აბა, კარგად. მის მერე ერთი თვე გავიდა. ნოა დამიანეს იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა, ისიც სასწავლებელში. ნელ-ნელა უცხონი გახდნენ. დამიანეც აღარ ცდილობდა ურთიერთობის შენარჩუნებას. იმ ამბის შემდეგ ბიჭს უცნობი შიში გაუჩნდა, სიგარეტით გარეთ აღარ დადიოდა. ავტობუსში, მეტროში, უბრალოდ ქუჩაშიც კი, როცა ფართოშარვლიან ან ოდნავ შემზარავსახიან ბიჭს დაინახავდა, მაშინვე თვალს აარიდებდა და ერთი სული ჰქონდა მალევე გასცლოდა. მწველი ზაფხულის დღეებიც დადგა. ნაძვნარებს ფოთლებაკინძული ხეები გაუტრაბახდნენ, უბნებში იმატა პატარა, ხმამაღალი ბავშვების რაოდენობამ, ჯოხიანი მოხუცებულები ხის სკამზე ჩამოსხდებოდნენ, უყურებდნენ როგორ ლაღობდნენ პატარები და სირბილში, ასკინკილაში, დაჭერობანასა და დახუჭობანაში აქეზებდნენ. დილის რვაზე ჩამოივლიდა ვაშლატამებით, ატმებით, საზამთროებით, ნესვებითა და ათასგვარი ხილეულ-ბოსტნეულით გატენილი მიკროავტობუსი. ახარებდა ყველას. ამასობაში ცხოვრების წინაღობის ახალი სახე გამოჩნდა. ერთადერთი მეგობარიც აღარ ჰყავდა ბიჭს. რაღაც დაიბადა მის სულიერ განზომილებაში. ფართო, ღრმაფსკერიანმა, მერყევმა წიაღმა იჩინა თავი, თუმცა დიდად ლაბილური არ ყოფილა. დამიანე ახერხებდა ლექსების წერით უფსკრულის დაშოშმინებას, წონასწორობას ამით იკავებდა და შიგ ჩავარდნაც გამორიცხული იყო. ბიჭი იჯდა საწერ მაგიდასთან და ლექსს არა გულნაღვლიანად, არამედ იმედისმომცემად წერდა, მითუმეტეს, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ლექსის წერა რომ დაასრულა, ბედნიერების შეგრძნებაც გაუქრა. ფურცელი აიღო და საწერი მაგიდის კარადაში, სხვა ფურცლებთან ერთად შეიანახა. მერე დაიწყო ფიქრი: „სასწავლებლიდან და სამსახურიდანაც დამითხოვეს, რამე უნდა ვქნა, სადმე წავიდე, თავს ვუმკურნალო. ზღვა გამორიცხულია, მანდ წასვლას თბილისში დავრჩე ის მირჩევნია. მთა? არა, მობეზრებული მაქვს. ისე, სოფელში იმის მერე არ ვყოფილვარ, რაც თბილისში ჩამოვედი, სამი წელი გავიდა უკვე, სოფელში წავალ, უეჭველად წავალ!“. შეითანხმა გადაწყვეტილება გონებაში და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. „ეგ არის, ხვალ როგორც კი გათენდება, დილაადრიან გავეშურები“. მეორე დღის დილას დამიანე უკვე ტრანსპორტში იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და გომბორის ქედიდან, ჰორიზონტიდან ამოხეთქილ, თვალისმომჭრელ მწვანე გორაკებს შესცქეროდა. ჩაუარა თეთრწყლებსაც. ბოლოს თელავსაც მიადგა, იქიდან ავტობუსით გაემართა სოფელში, გზაში მსუბუქი აღელვება იგრძნო და იმაზე ფიქრობდა, როგორ გაახარებდა ბებოსა და პაპას ჩასვლით და თვითონაც გაილაღებდა გულს. მალევე თავის სოფლის სახლსაც მიადგა. ღრმად ჩაისუნთქა და ჭიშკარი შეაღო. ეზოში არავინ დახვდა, ამიტომაც შეძახილებით გაგონება სცადა: „ბებოო! პაპაა! სადა ხართ?!“ ბებიამისი სახლიდან გამოვიდა და დიდი ხნის მონატრებული შვილიშვილი რომ დაინახა, თვალებს ვერ დაუჯერა, ცრემლები წასკდა ჩვილი ბავშვივით, მერე უპეები მოისრისა, შვილიშვილისაკენ გამოემართა და ყმაწვილქალის სიძლიერით ჩაეხუტა. - ეს რა დღე გაგვიბედნიერე, შე ხულიგანო, ჰა? - აბა, ბებო, ისე მენატრებოდით, შენზე გახარებული მე ვარ ახლა.. - გაჩუმდი, ბიჭო, გაჩუმდი, ჩემზე გახარებული ვერა იქნები... შე ხულიგანო, შენა, - ეალერსებოდა და ღაწვებს უკოცნიდა შვილიშვილს. მერე მეუღლეს დაუძახა: „არჩილ, ბიჭო, არჩილ! გამოდი, დროზე, ეს რა კარგი დღე გაგვითენდა!“ კაცი დაძახილზე მაშინვე გამოვარდა და დამიანეს დანახვისას მოულოდნელობის გრძნობისაგან ალალად გაღიმებულს წყლიანი თვალები შეუვიწროვდა, გამოემართა ბიჭისაკენ და ბებია და პაპა ერთად შეფოფინებდნენ და ეფერებოდნენ შვილიშვილს. ეს ყოველივე დამიანეს შიგნიდან რაღაცნაირად ესალბუნა, ამდენი ხნის მერე ჭეშმარიტად გაიღიმა და თავი მყუდროდ და ქაოსისაგან მოწყვეტილად იგრძნო. კვლავ შეერწყა მშობლიურ მხარეს, სახლს, ტერიტორიასა და ბუნებას, ბიჭი ისევ გალაღდა. მართალია, ბნელი წიაღი კვლავ არ გამქრალა, თუმცა მერყეობა სრულიად შეწყვიტა. „- არჩილ, მიდი, ქათამი დაკალი, მიდი მალე... ბიჭო! უნდა შევუწვა ჩემს ოქროსა, ჩემს ბაჯაღლოსა, - ვერ აშორებდა თვალს შვილიშვილს - თაფლაკვერებსაც გამოგიცხობ, ბებო, ხაშლამა ხომ ისევ გიყვარს? ნუგზარი როა, გვერდითა სოფლიდან, ისეთი ხორცი გვაჩუქა, უეჭველად მოგიხარშავ ხაშლამასაცა - მერე გაჩერდა, თვალებგაბრწყინებით აუთვალიერა სახე და განაგრძო - ეს რა ბედნიერი დღე გაგვითენა, ასე როგორ გაგვახარა, ჰაა?!“. ქათამი შეიწვა, ხაშლამა მოიხარშა, თეთრმა ღვინომ სუფრა გაამდიდრა. პაპა და შვილიშვილი ჭიქებს უჭახუნებდნენ და ბედნიერებისა და მონატრების სადღეგრძელოებს ამბობდნენ. ბებია დამიანეს გვერდით ეჯდა და ხელზე ნიკაპდაყრდნობილი შესციცინებდა. სადღეგრძელოების ინტერვალებში საუბარს გააბამდნენ: - როგორია, ბიჭო, თბილისი, მოყევი ახლა. - რავიცი, პაპა, დიდად სასიამოვნო არ არის, ხალხი მეტია, თავისუფლება და სილაღე - ნაკლები. - ეგრეა მანდ, ეგრე! კაი ქენი, რომ ჩამოხვედი... ისე, როგორ უძლებ ქალაქსა, ჰა? - სხვა რა გზაა, პაპა, ვუძლებ, ხომ უნდა ვისწავლო. - რაზე სწავლობ, გამახსენე ერთი. - ფილოლოგიაზე. - ფილოსოფიაზე? - არა, პაპა, - გაეცინა დამიანეს - ფილოლოგიაზე, ჰუმანიტარული დისციპლინათა ერთობლიობაა. - ჰო, ჰო.. კარგია ეგ, ვიცი... - ვითომ გაიგო განმარტება ლოყებაღაჟღაჟებულმა არჩილმა. მერე ჰკითხა, - რამდენი ხნითა რჩები, ეგ არ გითქვამს. - ერთი კვირით, წესით. ბებიამ საყვედურიანი სახე მიიღო. - რას ამბობ, ბებო, რა ერთი კვირა, ძალიან ცოტაა ერთი კვირა... - რა ვქნა, აბა, ბევრი საქმეც მაქვს თან თბილისში, სამსახურს ვერ შეველევი. - კარგი, ბებიკო, შენ რასაცა გადასწყვეტ, ისე იყოს - ალერსით უთხრა და შუბლთან ჩამოკონწიალებული თმის ნაწილი გადაუსწორა. რამდენიმე საათი საუბარსა და სიცილ-კისკისში გაატარეს. დამიანეს ბევრი არ დაულევია, ჭამა-სმას რომ მორჩნენ, ბიჭმა სოფლის ეკლესიისაკენ ასვლა მოინდომა, ძალიან უყვარდა იქაური ატმოსფერო. ბებია შეშინდა, მარტო არაფერი მოგივიდეს, ვინმე წაიყოლეო, მაგრამ დამიანემ მკაცრი უარი განუცხადა. ნაშუადღევს უკვე მონასტერში იყო, მოილოცა, მერე ტაძრის მიდამოსთან სასიამოვნო ადგილი მონახა და იქვე წამოჯდა. მწვანედ ელვარე ფოთლები, სიოს მშვიდი შერხევისაგან გამოცემული ხმით, თითქოს ტყეს რაღაცას უღიღინებდნენ, ტყე იდგა დინჯად და ისმენდა ფოთლების დატკბილულ მუსიკას, ადამიანს თვალების ფუნქცია დავიწყებული ჰქონდა, მხოლოდ იყენებდა ყურებს და ფოთლების ღვთაებრივ პრელუდიას ერწყმოდა. ოდნავი ქარი ამოვარდა და პრელუდიაც მორჩა, ახლა გუნდთან ერთად ჩაერთო ბობოქარი ორკესტრი; ქარი დირიჟორობდა, ფოთლები - სოლისტობდა, ტყე და ადამიანი მსმენელები იყვნენ, მათი გულები შფოთავდნენ... უცებ კვლავ ჩაწყნარდა ქარი და დაუბერა ნაზმა სიომ, ჩაწყნარდა ადამიანისა და ტყის გულებიც, დირიჟორი მოლბა, სოლისტიც დამშვიდდა, ისევ აუღელვებელი მელოდია დაბრუნდა, კვლავ მჭექარე დარტყმას მოელოდნენ, რომ ეს ყოველივე ვიღაცის ძახილმა ჩაახშო. *** „ეი, შენა, მანდ რომ წამომჯდარხარ, აქეთ გამაიხედე!“ დამიანემ იქაურობას თვალი მოავლა, ვერავინ შენიშნა. „სად იყურები, ბიჭო, ზემოთა ვართ, ზემოთა“. ბიჭმა თვალი შემაღლებული ადგილისაკენ მიაპყრო და დაინახა გაშლილი სუფრა, საიდანაც შუახნის, ტანშიშველი მამაკაცი იყურებოდა. - დიახ, რა ხდება?! - შესძახა აქედან დამიანემ. - ამო აქეთა, ამო! - რისთვის?! - ბიჭო... ამო, ეგა უკვე მე ვიცი! დამიანეს გაუკვირდა, პირველად ვხედავ ამ კაცს და რა საქმე უნდა ჰქონდეს ჩემთანო, მაგრამ მაინც ავიდა. უცხო კაცს მარცხენა ხელში ყანწი ეკავა, ლოყები ალუბლებივით უფერადებდა, თვალის ქუთუთოები უბარბაცებდა, მისი ღრმა სუნთქვა ბუნების ჰარმონიას ახშობდა. სუფრაზე ისხდნენ სხვებიც; ღიპამოვარდნილმა ტანშიშველამ ახალგაზრდას ხელი გადახვია: - პირველადა გხედავ, ძმაო, აქა, მარა კაი ვინმე ჩანხარ, მე ივერი მქვია... - სასიამოვნოა, მე დამიანე ვარ. - შენ შემოგევლე, ჩემო დამიანე, - შუბლზე აკოცა - აგე, ესენი ჩემი ძმაკაცები არიან. - იმ ხელით ანიშნა სუფრაზე დამსხდურთაკენ რომელშიც ყანწი ეჭირა. დამიანემ ზრდილობიანად გაუღიმა და თავი დაუქნია. ოფლის მლაშე სუნი გულს ურევდა, ერთი სული ჰქონდა ხელი მოეშორებინა უცნობს. - დაჯექი, ძმაო... ბარემა უცხოების სადღეგრძელოსა ვამბობდით, შენცა ღვთის მადლით გამოჩნდი არსაიდანა. - დიდი მადლობა, მაგრამ არ მაქვს დრო საკმარისი, უნდა წავიდე. - აპ, აპ, ვერ მოგართვი... მიუსხედი ახლავე სუფრასა, - ზურგზე ხელის შემორტყმით წააქეზა. ბიჭი მაინც დაითანხმა და შეუდგნენ ქეიფ-ხარხარს. - სადღეგრძელოები გეცოდინება შენა. - კი, ვიცი, ასე თუ ისე. - ასე თუ ისე - არ ვიცი მე, გვითამადე ვაჟკაცურად. დამიანე ფეხზე წამოდგა, ჩაახველა და დაიწყო: „სიკეთეს გაუმარჯოს...“ „გაუმარჯოს, გაუმარჯოს!“ შემოსძახეს სხვებმა. „ამ ცხოვრებაში ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი ნაკლები გვეგულება, როგორც ჩვილ ბავშვს არ შესწევს უნარი პირფერობისა, ისე არ შესწევს კეთილ ხალხსაც, და, ჩემი რომ იყოს, მათ რჩეულებსაც დავარქმევდი... სააქაოში მართალი სიკეთით, რომელიც, თითქმის და უბიწობის ტოლფასია, თავს ვერ გადაირჩენ, ამაზე ფიქრით სწუხს კეთილშობილი ხალხის უმრავლესობა, თუმცა უმეტესწილად ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა ძღვენი ერგოთ ღვთისაგან. დროებით სამყაროში ბოროტებითა და მლიქვნელობით მოხვეჭილი ძალაუფლება, ქონება და გავლენა უსარგებლოა. როგორც კეთილი ხალხი იტანჯებოდა და იტანჯება ამ წუთისოფელში, ოღონდ გარკვეული დროით, ისე დაიტანჯება ავგულიანი ხალხი იმიერში, ოღონდ მარადიულად, ამიტომაც უხაროდეს კეთილშობილ ხალხს ღვთიური საჩუქარი, გაუმარჯოს სიკეთეს!“ „გაუმარჯოს, გაუმარჯოს!“ - ვაჰა, ვაჰა, ვაჰა, - ამოიხარხა ტანშიშველამ, - სიკეთეს კი გაუმარჯოს, მაგრამა, ჩმორი თუ ხარ ცხოვრებაში, ეგა უკვე სიბოროტესა უსწრებს. - სიკეთის მაძიებელი ადამიანი ჩმორი ვერ იქნება, - უპასუხოდ არ დატოვა დამიანემ. - ჩემი აზრით იქნება! სიკეთესა გააჩნია. - ბიჭ-ჭი მართ-თ-ალს ამბობ-ბ-ს... კედ-ი-ლი ადამიანი ჩ-ჩ-მორი ვერ ი-ქ-ნება - ჩაერია თათარი, რომელიც მოქეიფეთა ჯგუფის წევრი იყო. - ეე, შენ რა გესმის სიკეთისა, საიდ, დაგვაცადე ჭკვიან ხალხს საუბარი, - არა დამიანე? ახალგაზრდამ აღარ უპასუხა. თამადობა გააგრძელებინეს, ბევრ პრობლემას შეეხო სადღეგრძელოებში, ბევრი სიბრძნეც თქვა, თუმცა სუფრაზე მჯდომთა უმრავლესობა არ ეთანხმებოდა. სადღეგრძელოები რომ მობეზრდათ, სალხინო ისტორიების მოყოლა დაიწყეს. - გუშინა, ჩემს ცოლს ვეუბნები, ჩემი ძმაკაცი სახურავიდან გადმოვარდა, ხოდა თბილისში წაიყვანეს სამკურნალოდ, მეც უნდა წავიდე იქა და ერთი დღე დავრჩე - მეთქი. - ვინ გადმოვარდა, ივერ, სახურავიდან? - შეშფოთებულმა ჰკითხა ვიღაცამ. - არც არავინა... ვაჰა, ვაჰა, ვაჰა, - ჩაიხარხარა გულიანად, - მოვატყუე და ჩემმა ბრიყვმა ცოლმაც დაიჯერა, ვაჰა, ვაჰა, ვაჰა. - რისთვისა გჭირდებოდა, მერე, მოტყუება? - ამას წინათ, იმ ქალზე რომ გიყვებოდი, თვალი დავადგი - მეთქი, ხომ გახსოვს? - მახსოვს. - ხოდა, მასაც მოვწონებივარ, თურმე, იმ ღამესა მისი ქმარი სახლში არ იყო, დრო ვიხელთე და მთელი ღამე კარგადაც ვლაღობდით, ვაჰა, ვაჰა, ვაჰა! - ყოჩაღ შენა, ივერ, ვაჟკაცურად გაგიბედნია! - შეაქო მეგობარმა. - აბა, აბა, ჩემისთანა თუ გაბედავდა მხოლოდ მაგასა! - ყელმოღერებულმა წაიტრაბახა, მერე დამიანეს მიუტრიალდა, - შენა, ბიჭო, ქალის ალერსი იცი როგორია? ვაჰა, ვაჰა, ვაჰა, მარა რაღაცა არ გეტყობა, გამოგეცადოს! ბიჭი სირცხვილისაგან გაწითლდა, ზიზღნარევი ღიმილით შეხედა და უპასუხოდ გაატარა კითხვა. - ივერ, იმ ღამეს რაც მოხდა, დეტალურად მოგვიყევი... - თხოვნით მიმართა ძმაკაცმა. „ჰო, ჰო, მოგვიყვევი!“ - წააქეზეს სხვებმაც. - რ-რას ამ-მბობთ, ხალხნო, ეკ-კლესიის წინ ვსხედვართ, ქრის-სტე გაბ-ბრაზდება, არა მოჰყვე ეგენი! - გააფრთხილა თათარმა. - ვაჰა, ვაჰა, ვაჰა, შენ მასწავლი, ბიჭო, ქრისტიანობასა? ორი თვეა მოინათლე და თავი ჩვენზე დიდი მართმადიდებელი გგონია? ვაჰა, ვაჰა, ვაჰა.. დამაცადე, უნდა მოვყვე და იცოდე, არ შემაწყვეტინო, - კეფაში ხელი წამოარტყა და განაგრძნო, - მოკლედა, ასე მოხდაა... დამიანემ ვეღარ გაუძლო ამ ტრაგიკომიკურ სიტუაციას და მაგიდიდან ადგა, - უნდა წავიდე. - მოიცა, დამიანე, დარჩი, ამასაცა მოვყვები და წადი მერე, თუ გინდა. ბიჭიც ზუსტად იმის გამო მიდიოდა, რომ ეს ამბავი არ მოესმინა. წასვლა დაიჟინა და მოქეიფეებიც თხოვნა-მუდარით ვერაფერს გახდნენ. დამიანე სახლში დაბრუნდა. - რა ქენი, ბებო, რა ხდებოდა მონასტერში? - ისეთი არაფერი, ახალი ხალხი გავიცანი. - რა კარგია, ბებიკო, როგორ მიხარია, რაო, მერე, კარგი ხალხი იყო? - კი, ძალიან... წავალ, დავიძინებ. - მიდი, შემოგევლოს ჩემი თავი, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე აუცილებლად. - კარგი, ბებო. *** „დამიანეე! დამიანეე!” იძახოდნენ ვიღაცები ეზოდან დილის რვა საათი იყო, დამიანე ზლაზვნით წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. დაინახა თავისი სოფლელი ბიჭები. - როგორა ხარ, დამიანე? გავიგეთ, ჩამოვიდაო და მაშინვე აქეთა გამოვეშურეთ. - ვაჰ, ესენი ვინ ყოფილან! მშვენივრად ვარ, თქვენ როგორ გიკითხოთ?! ძალიან შეცვლილხართ სამივე. - მაშ... ჩამოდი, ბიჭო, მაქედანა რომ გველაპარაკები! ალაზანზე ვაპირებთ წასვლასა, შენც ხომ წამოხვალ? ბიჭი რამდენიმე წამი დადუმდა, მერე ჩასძახა: - ვერა, ბოდიში, სხვა გეგმები მაქვს დღეს! - ეეე! სულ ასე იცოდი შენა. მაშ, რა გაეწყობა... გაგვიხარდა შენი ნახვა! - მეც, აბა თქვენ იცით! დამიანე ლოგინზე ჩამოჯდა. გუშინდელი მომხდარი კვლავ ჭრილობის კვალად ჰქონდა ჩარჩენილი გონებაში. თითქოს გუშინ დილით უფრო ბედნიერი იყო. სოფელში დაბრუნების პირველ წუთებს განსხვავებული ხიბლი ჰქონდა. ქრონიკულ კმაყოფილებად წარმოიდგინა ეს ყოველივე, მაგრამ სიხარულის ნატამალი მაინც დარჩენოდა შიგნით... თუმცა ეს გრძნობა სიხარულს კი არა, იმედს უფრო წააგავდა. ვერ გაეგო რა იწვევდა მასში უკმაყოფილებას. იქნებ მისი ბრალია და პიროვნებას არ შეუძლია ცხოვრებასთან შეგუება, იქნებ და ყველა ადამიანი მასავით წუხს, თუმცა ამარცხებენ დარდსაც და უკმაყოფილებასაც და მხოლოდ დამიანეა განსხვავებული, თვითონ ის არის სუსტი და არ შესწევს უნარი ამ ცხოვრების. უნდა, რომ გუშინ ნათქვამ სადღეგრძელოში მოხსენიებული ხალხის სიაში შევიდეს, მაგრამ თავის თავს ამის ღირსადაც არ მიიჩნევს. „ადამიანი როცა აცნობიერებს, თუ რა პიროვნებაა, ცხოვრება მაშინვე ენგრევა“ გაიფიქრა და ოდნავი თვითზიზღი გაუჩნდა, არ უნდა ეფიქრა ამდენი. რამდენიმე საათში დამიანე ვენახიდან დაბრუნებულ პაპას ნაკერიანი ტომრების ეზოში შემოზიდვაში ეხმარებოდა. - პაპა... - გისმენ... - შენი აზრით, ადამიანი, რომელსაც ცხოვრების შესაძლებლობა არ გააჩნია, შემთხვევით დაიბადა, თუ ღმერთმა გაიმეტა ასე? - ყველა ადამიანსა გააჩნია ცხოვრების შესაძლებლობა, დამიანე, მთავარია შენ მოიხმარო ცხოვრება ზუსტად. - უუნარო ადამიანებიც ხომ იბადებიან, როგორ უნდა მოიხმაროს მასეთმა კაცმა ცხოვრება ზუსტად? - უუნარო არ იბადება, თანდათანა ხდება მასეთი. - ეგ როგორ? - როგორა და, კაცი რომ ერთხელ უარს იტყვის საჭირო რისკზე წასვლაზე, მიეჩვევა და თვითონაცა უუნარო გახდება და ცხოვრებასაც გაიხდის. - რა შუაშია რისკები, პაპა, ვერ გაგიგე. - რისკი, ბიჭო! რისკი და გამბედაობა აძლებინებს ადამიანსა ამ ცხოვრებაში! თორემ იჯექი ქვევრში და ითვალე ბუზები, ეგეცა შენი უუნარობა. - ვერ მეუბნები რაღაცას სწორად. - ეე, მიხვდები მალე, აი ნახავ! ბიჭს ჩაეცინა და დილას მომხმდარი გაიხსენა. - დღეს ბიჭები იყვნენ მოსულები. - ვინ ბიჭები? - ყარო, ლუკა და ბესო. - რაო, მერე. - ალაზანზე წამოდიო, მე კიდევ, ხომ იცი, არ წავიდოდი, როგორ არ მიყვარს ზღვ... - ეე! სწორსა გეუბნებოდა მამაშენი, ბიჭო, სულ მასე ხომ არ შეგეშინდება წყლისა, ისწავლე ცურვა, ისწავლე! - გვიანია უკვე. - არ არის გვიანი, ისწავლე, ბიჭო, დამიჯერე! ტომრების შემოზიდვას რომ მორჩნენ, ბებიამ დამიანე გააფრთხილა, რომ მეზობლის დაბადების დღე იყო და დაპატიჟებულები იყვნენ. ბიჭს მეტად არ უყვარდა მსგავსი დღესასწაულები, თუმცა უარის თქმა ვერ გაბედა, კარგად გამოიწკიპა და საღამოხანს უკვე ბებო და შვილიშვილი მეზობლის სახლს მიმდგარიყვნენ. კარი გაუღეს, ხალხი უკვე შეკრებილიყო. დამიანე რომ დაინახეს, ყველა სიხარულით შეხვდა, სუფრაზე დაისვეს და ნაირ-ნაირი საჭმლით გაუმასპინძლდნენ. ხალხი იცინოდა და ლაღობდა, თამადას გიტარა დაეჭირა და შეკრებილთ ძველი ქართული ესტრადის ჰანგებით აჯადოვებდა. პატარებისთვის მომცრო, თავისუფალი სივრცე იყო განკუთვნილი, სადაც ცეკვავდნენ და თამაშობდნენ. ბიჭი იჯდა სკამზე გულჩათხრობილი, თუმცა სხვებთან არ იმჩნევდა. მალევე მობეზრდა იქ ყოფნა. უეცრად კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. „მოვიდნენ... მოვიდნენ, როგორც იქნა!“ თქვა ერთ-ერთმა ქალბატონმა და კარის გასაღებად გაემართა. ოთახში შემოვიდა სახემბრწყინავი, მზისადარი გოგონა, თვალები ნუშისა ჰქონდა, ბაგეები ალმანდინივით უელავდა; ტანი - კვიპაროსივით ნატიფი, მკერდი - ვარდივით აკოკრებული, მისმა შემოსვლამ ყველას ყურადღება მიიქცია, გვერდით მამიდა ახლდა. ყველა გოგონას ელოლიავებოდა, ბავშვები ათასგვარ კითხვას უსვამდნენ, თმაზე ეფერებოდნენ. დამიანე განცვიფრებით შეჰყურებდა გოგოს, „ნუთუ მართლა ის არის?“ გაიფიქრა გონებაში. - ტაისია? - ოდნავ მორიდებით ჰკითხა ბიჭმა. - დიახ, მე ვარ, - ღიმილით უპასუხა გოგონამ. - ტაისია, არ გახსოვარ? - უკაცრავად, ვერ გცნობთ, ბოდიში. - დამიანე ვარ... ახლაც არ გახსენდები? - რას ამბობ, ვერ დავიჯერებ! - თვალები გააფართოვა გოგონამ. - მეც ვერ ვიჯერებ შენს დანახვას, მაგრამ აქა ხარ! - ღიმილი შეშროდა სახეზე - მოდი, გვერდით დამიჯექი. გოგონა უპასუხოდ მიუჯდა დამიანეს. ღრმა ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ დამიანეს მამა ცოცხალი იყო, ტაისია და დამიანე განუყრელი მეგობრები იყვნენ, თუმცა რამდენიმე წელიწადში გოგონა მშობლებთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, მის მერე სრულიად დავიწყებოდათ ერთმანეთი. - საიდან გაჩნდი აქ, დამიანე? - შვებულებაში ვარ, ხოდა, ვიფიქრე, დავისვენებ - მეთქი... შენ როგორ აღმოჩნდი სოფელში? გოგონა ამ კითხვაზე უეცრად დაიბნა. - მე... მამიდამ მთხოვა ჩამოსვლა. დამიანეს ყურადღება აღარ მიუქცევია ტაისიას პასუხზე. ერთმანეთის ამბები გამოიკითხეს, კარგად გამხიარულდნენ, შემდეგ ბიჭმა ღრმა ბავშვობის მოგონებების გახსენება დაიწყო: - გახსოვს, ალაზნის ვაკის მახლობლად, გაშლილი მინდორი? - რა თქმა უნდა, რა დამავიწყებს. - რამდენი ტკბილი მოგონება ჩამრჩა... გულში ეკლად მაქვს ის ფიქრი, რომ ბავშვობას ვეღარ დავიბრუნებ. - სამაგიეროდ, უკეთეს მოგონებას შეიქმნი, - გაუღიმა გოგონამ. - რას გულისხმობ? - იმის შემდეგ, რაც მე და შენ ჩამოვშორდით, მინდორზე გასულხარ? - არა. - ახლა რომ გახვიდე, ძველ მოგონებას ახალი ჩაანაცვლებს, ასე არაა? - ახლა წავიდეთ? - ჰო, მერე რა? - ხალხი როგორ დავტოვოთ? - ცოტახანი დაველოდოთ, კიდევ კარგად შეთვრებიან და გავიპაროთ. რამდენიმე ხანში შეკრებილთა უმრავლესობას ღვინის მძლავრი ხასიათი მოერია. ზოგს იქვე მისძინებოდა, ზოგი თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, ზოგიც სულაც წასულიყო. უკვე დრო დადგა გაპარულიყვნენ დამიანე და ტაისია. სკამები ნაზად გაწიეს მაგიდისგან მოშორებით, რომ გასრიალების ხმას ყურადღება არ მიექცია, ფრთხილად წამოდგნენ და გარეთ შეუმჩნევლად გავიდნენ. მინდვრამდე გზა ორმოცი წუთის სავალი იყო, თუმცა ლაპარაკ-ლაპარაკსა და სიცილ-ხარხარში დრო ისე უჩინრად გავიდა, გოგონა და ბიჭი ვერც კი მიხვდნენ. მალევე მიადგნენ დანიშნულების ადგილს. მთვარის შუქი მინდვრის მწვანე ბალახებს ოდნავ ლურჯ გრადაციას სძენდა, საიდანღაც ჭრიჭინობელა ღამის მუსიკას უკრავდა, თბილ ჰაერს ფილტვები ნეტარებით იღებდნენ. ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, ორივეს სხეულს თითქოსდა ჭინჭარი მკურნალად სუსხავდა, შიგნიდან გრძნობდნენ გაცეცხლებულ ზადიკს, ეს რაღაც ახალი იყო. ბალახებზე დაწვნენ და სახეები ცისაკენ მიაპყრეს. ორივე დუმდა, თავიდან მხოლოდ მომენტით ტკბებოდნენ. ცოტახანში ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და წაუკიდა. - ოჰ. - რა მოხდა? - როდის აქედან ეწევი? - რამდენიმე წელია. - მერე, არ შეიძლება, სასტიკია. - ვიცი, მაგრამ მეხმარება ზოგჯერ. - რაში? - კონცენტრირებაში. - რისი? - ცხოვრების. გოგონას გაეცინა. - რა არის სასაცილო? - სისულელეს ამბობ. - რატომ? - ვიღაცის მონაჩმახია და შენც მასე გჯერა. - არავისი არ არის, მე თვითონ ვთქვი. - ჰო, კარგი. ორივე გაყუჩდა, კვლავ მომენტით ტკბობა განაგრძეს. გოგონამ დუმილი დაარღვია: - რამე ახალი არ მომხდარა შენს ცხოვრებაში? - რა ვიცი, ზუსტად რასთან დაკავშირებით? - აი... აი, მაგალითად... ცურვა კიდევ არ იცი? - ჰო, კიდევ არ ვიცი. - ჰა, ჰა, ჰა, - ჩაიხარხარა ტაისიამ. - რა მოხდა? - სიგარეტის მოწევას, სჯობდა ცურვა გესწავლა. - შენც პაპასავით ნუ დამიწყებ, - ოდნავ იუმორით უთხრა. - ჰო, კარგი, კარგი, უბრალოდ მიკვირს, დღემდე რომ არ გისწავლია ცურვა. - რას ვიზამთ, არ მიყვარს ზღვა... ისე, რამდენი ხნით რჩები აქ? - ჯერ არ მომიფიქრებია, შეიძლება ერთი თვეც გავჩერდე, შენ? - ჰო, მეც ზუსტად მასე ვაპირებ. რამდენიმე საათი მინდორზე იყვნენ, საკმაოდ რომ დაგვიანდა წასვლა გადაწყვიტეს. IV კვირაზე მეტი გავიდა. ბებოს უკვირდა, რამ შეაცვლევინა აზრი დარჩენაზეო, თუმცა არაფერს ეკითხებოდა და მადლობელი იყო მომხდარით. ბოლო დღეებს გოგო და ბიჭი ერთად ატარებდნენ, თუმცა ტაისია რაღაც მიზეზის გამო, ხშირად ვერ ახერხებდა დამიანეს ნახვას. ამ დღეს ალხიანი მზე სწვავდა ყველაფერს, თელავში გაისეირნეს, კაფეში დასხდნენ, მზის ჩასვლისას თავიანთ მინდორზე გავიდნენ. ბალახზე დამსხდრები მდუმარედ გასცქეროდნენ უკიდეგანო ჰორიზონტს, ერთი სხვას ფიქრობდა, მეორე - სხვას. ხმას არც ერთი იღებდა. ერთ ხანს ბიჭმა ჩაახველა, გოგომ მისკენ გაიხედა, ბიჭმა შეხედვა ვერ გაბედა. ცოტახანი კვლავ დადუმებულები გასცქეროდნენ ჩამავალ მზეს. ახლა ბიჭმა მიიხედა გოგოსკენ, გოგომაც მიაპყრო თვალები. მზეს ცოტაღა აკლდა გაუჩინარებისთვის და ამ დროს ბაგეები ახალმოკრეფილი, სათუთი ბამბებივით ერთმანეთს შეეხო. ორივე შეკრთა, ისევ ჰორიზონტისკენ გაიხედეს. მზე აღარ ჩანდა ცაზე, ახლა მოჩანდა მხოლოდ კამკამა ცა. დამიანეს მუცელში ჭუპრი გაიხსნა. მის სულიერ განზომილებაში სრული გადატრიალება მოხდა, - მერყევი წიაღი გაჩერდა და მთლიანად ამოიტუმბა, ეს იყო მაგიური თერაპია, რომელსაც ბიჭი ამდენი ხნის განმავლობაში ლამობდა. - გინდა, ხვალ მდინარეზე წავიდეთ? - მართლა მეკითხები? - გაიკვირვა გოგონამ. - ჰო. - როგორი სამწუხაროა, ზუსტად ხვალ არ მცალია. - არაუშავს, ზეგ იყოს. - ზეგ შეიძლება თბილისში წავიდე. - რა? - შეშფოთდა დამიანე - არაფერი გითქვამს მაგის შესახებ. - ჰო, იმიტომ, რომ მეც ვერ გადამიწყვეტია. - როცა დააპირებ თბილისში ჩასვლას, მეც წამოვალ. გოგონამ პასუხი აღარ გასცა. დაღამებულს ბიჭი სახლში მივიდა, ძალიან ბედნიერი იყო, ბებოს გამოეცეკვა, ლოყებზე კოცნა დაუწყო, თანაც რაღაცებს ღიღინებდა. პაპას შესთავაზა, თუ რაიმე საქმე გაქვს დაგეხმარებიო, მაგრამ კაცმა უარი უთხრა: „გვიანია, ბიჭო, სად გაგონილა ესეთ დროს საქმის კეთება“. *** შემდეგ დღეს არჩილმა დამიანე თავის ნაკვეთში წასვლაზე დაითანხმა, ამდენი ხანია აქ ხარ და, როგორ არ დაგათვალირებინოო. შუა დღე იყო, ყველაფერი იწვოდა. პაპამ შვილიშვილს ჩალის ქუდი ათხოვა, „თავში მზე არ ჩაგივარდესო“. არჩილი ბიჭს უხსნიდა სად რა იყო დარგული და დათესილი: „აი, ამ პატარა ტოტსა ხომ ხედავ, მიწიდან რომ არის ამოსული, ეგა ნუშია, ბებიაშენმა დამარგვევინა...“ სიცილით აუხსნა, შემდეგ თითით ანიშნა „იქითა გაიხედე, მანდა ვენახი მაქვს გაშენებული, მოსავალი რომ მოვა, ღვინო ერთად დავწუროთ, ჰა?“ მხარზე ხელი წაჰკრა. ბიჭი ყველაფერზე თავს უქნევდა და უღიმოდა, სულ არ ადარდებდა არც ნუში და არც - ვენახი, რაღაც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, თვითონაც ვერ გაეგო რა იყო ეს. არადა, გუშინ ყველაფერი დასრულდა, წიაღი ხომ მოიშორა თავიდან, საიდან ჰქონდა ეს ახლადმოსული მჭმუნვარება? ტაისიას ნახვა უნდოდა, მხოლოდ ის შეძლებდა მის დახმარებას. მალევე არჩილმა თვითონვე თქვა, მზე ძალიან მწველია და სჯობს სახლში წავიდეთო. შინ რომ დაბრუნდნენ, დამიანე ოთახში შევიდა, ფურცელი ამოიღო და ლექსის დაწერა დააპირა... თუმცა ვერა! ერთი სიტყვაც ვერ გადაიტანა ფურცელზე. წერას შეეშვა და ჩაფიქრდა: „მარტო ხომ არ წავიდე ალაზანზე? არა... ან... კი, მოდი, წავალ, იქნებ ამან მიშველოს, მე ხომ არ ვიცი წყალს რა შეუძლია, იქნებ გავიწმინდო იქ, შეიძლება დამეხმაროს ცუდი გრძნობის გაანალიზებაში, ან... არა, მგონი ტაისიას რომ ვერ ვნახულობ ამიტომ ვარ ასე... არა! მაგას ალაზანზე რომ წავალ მაშინ გავიგებ!“ ბიჭი ალაზნისაკენ დაიძრა. მისული ხან ნაპირთან ჩამოჯდებოდა და მდინარის ხმასთან შერწყმას ცდილობდა, თუმცა ისე ეჯავრებოდა წყალი ვერ უძლებდა მის დგრიალს, ხან ადგებოდა და აქეთ-იქით გაივლიდა, მერე ისევ დაჯდებოდა, ასე აკეთებდა ისევ და ისევ. ერთხელაც, როცა ადგა და გაიარა, მოშორებით შენიშნა მწოლიარე გოგო და ბიჭი, როგორ ტკბებოდნენ მზის ცხუნვარებით. მაშინვე ტაისია გაახსენდა, ნეტავ აქ იყოს, ჩვენც ასე წამოვწვებოდით და მზეს შევეფიცხებოდითო, ახლა კი მარტო, უაზროდ დახეტიალობდა ალაზნის ნაპირზე. მოშორებით, ჩუმად უყურებდა წყვილს, თან ფიქრობდა, თუ როგორ ძალიან ჰგავდა გოგო ტაისიას და ამით დარდს უფრო იმწვავებდა. ბიჭი გოგონას ღაწვებზე ეფერებოდა, მერე ნელ-ნელა მუცლისაკენ ნაზად დაუწყო ხელის ჩაცურება, ვნებიანი მოფერება. უეცრად დამიანე ადგილზე გაიყინა, თითები ოდნავ აუკანკალდა, შიგნიდან რაღაცამ ინერციით დაარტყა და ტკივილმა მთელს სხეულში დაუარა... რანაირად?! როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?! თვალებს ვერ უჯერებდა ბიჭი, კიდევ დააკვირდა, უფრო მიუახლოვდა, მაგრამ არა... „შეუცდომლად ის არის!“ გოგონა ტაისიას კი არ ჰგავდა, ის იყო! დამიანე, დაბნეული და გაშმაგებული, უკან გაბრუნდა. ახლა გასაგებია... გასაგებია გოგოს სოფელში ჩამოსვლის მიზეზი, ყველაფერი ნათელია, ყველაფერი! ამიტომაც არიდებდა ხანდახან დამიანეს თავს, ამიტომ ვერ ახერხებდა ხშირად ბიჭის ნახვას! კი, მაგრამ რატომ ატარებდა დროს დამიანესთან?! რისთვის სჭირდებოდა მოტყუება, თვალთმაქცობა?! „ცურვა რომ არ ვიცი, ამიტომაც არჩია სხვა?.. ჰა, ჰა, ჰა... რა სისულელეა, რა ჩმახი და ბავშვური მიზეზია!“ სიმწრის სიცილი ჰკლავდა შიგნიდან და ნანახი გულს სვავივით უკორტნიდა, წიაღი ნელ-ნელა თვალებს ახელდა. ბიჭი სახლში მივიდა. - სად იყავი, ბებო? - სასეირნოდ. - ცივად უპასუხა და ოთახში ავიდა. ფურცელი ამოიღო და ლექსის წერას შეუდგა. ეს იყო საუცხოო შეგრძნება. აქამდე, როცა ლექსის წერა ოდნავ აბედნიერებდა, ახლა სრულიად მოსწყვიტა გარე სამყაროს და თავისივე თვალით დაინახა საკუთარი სულიერი განზომილება: შავ-ბნელი, უკუნითი და ვარამით დამტვერილი, არაფერი ჩანდა, გარდა მოკაშკაშე უფსკრულისა, რომელიც გათავისუფლებულიყო და წინა დროსთან შედარებით, უმდგრადობა მოჰმატებოდა. ბიჭმა ლექსის წერა დაასრულა: „რად გამაჩინა სამყარომ, ან რად მშვა დამშვრალ მიწამა. თუ ვეფხვის ძალამ არა და, ბაყაყის შარმმა მიწამა. ან რად მოვედი ამქვეყნად, რად არ მეკაწვრის სხვა დარი. მე ვერც სპილენძი დავძებნე და ვერც ოქრო, ვერც მადანი. საიმისოდ ვარ მოსული, რომ ფესვი მოვჭრა, გავთელო. ან მე რა მინდა ამ ქვეყნად, ან მე რამ მომცა სამსჯელო. რად გამაჩინა სამყარომ, ან რად დამდევენ ურემით. გოლგოთის მწვერვალს ვემთხვევი ვერც ცხენით და ვერც უღელით.“ *** ბიჭი დასეირნობდა ზღვის ნაპირას. ხმელეთიდან მოშორებით, წყლის შუაგულში შენიშნა მხრჩობიალე კაცი. დამიანე გაჩერდა და თვალების მოჭუტვით კაცის ამოცნობა სცადა. „მამა?“ ჩაიჩურჩულა და გულმა გაბმული ფეთქვა დაუწყო. უცებ გაქვავდა, ირგვლივ ყველაფერი გაქრა, გარდა მამამისისა. ბიჭი მხოლოდ ყვირილს ახერხებდა: „მამა! მამა!“ და გაფითრებულს ამასობაში გამოეღვიძა. ოფლად იღვრებოდა, ჯერ კიდევ ვერ გაენალიზებინა ნანახი. ღამის ხუთი საათი იყო. ლოგინიდან ადგა, სახეზე წყალი შეისხა, ბარგი ჩაალაგა და ბებოს და პაპას გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. სიზმარი გონებაში განუწყვეტლივ უტრიალებდა. ფიქრობდა, ტყუილად არ დამესიზმრებოდა, რაღაც ნიშანი უნდა იყოსო. ნელ-ნელა თენდებოდა. დამიანე თელავიდან მიმავალ ტაქსს გაჰყვა, რომელიც სიონისაკენ მიდიოდა. მისული ნაპირთან ჩამოდგა. ირგვლივ მხოლოდ სიმშვიდის ხმა სუფევდა, ტბის ნარნარა ტალღების ბგერები უერთდებოდა გარემოს სიწყნარეს. დამიანე, სულიერად გამოფიტული, იდგა და იხსენებდა მოგონებებს მამაზე... ოჯახზე, ბავშვობის წლებზე. რა წიაღი... რის წიაღი? იმ დროისთვის სულიერი განზომილება საამური ფერებით სავსე ჰქონდა.. ახლა? ახლა კი მერყევი უფსკრული წინა დროებთან შედარებით მოურჯულებელია, ალბათ, ვეღარაფერი შეაკავებს მის სიძლიერეს, სადაცაა ჩავარდეს ბიჭი შიგ. ველურად, საიდუმლოდ იღიმება წიაღი. ამასობაში მზეც ამოსულიყო, სრულად გაენათებინა იქაურობა. „აქა ვარ, მამა, შენს საყვარელ ადგილას ვდგავარ, ახლა ხომ მაინც აგისრულე თხოვნა? ხომ მიყურებ, ხომ ხედავ რაც მჭირს?“. ესაუბრებოდა გონებაში მამამისს. უეცრად ტბიდან ყრუ ხმა მოისმა, თითქოს ვიღაც იძახისო. დამიანეს გაუკვირდა, „რანაირად უნდა ისმოდეს წყლიდან ხმაო“. ტბას მთლიანად მოავლო თვალი. რაღაც სილუეტი შენიშნა, კისერი ოდნავ წინ წასწია, თვალები დაძაბა და... აი ტრაგედიაც! უცხო კაცი იხრჩობოდა. ყრუდ ესმოდა ბიჭს მისი ძახილი „მი-შ-ვ-ეე-ლ-ეთ!“. დამიანე გაოგნდა, არ იცოდა რა მოემოქმედებინა. ხან მარცხნივ გაიხედა, ხან მარჯვნივ. მერე ბოლო ხმაზე დაიყვირა: „იხრჩობა, კაცი იხრჩობა!! გამოჩნდით ვინმე! კაცი იხრჩობა!“ თუმცა არავინ ჩანდა. იფიქრა წავალ და ვინმეს შევატყობინებო, მაგრამ დრო არ ეყოფოდა. ახალგაზრდა ჭკუიდან გადავიდა, ნერვიულობისაგან ძლივსღა სუნთქავდა. მერე ისევ დაიწყო ყვირილი დასახმარებლად, თუმცა უშედეგოდ. კინოკადრებად გაახსენდა მომენტები, თანაც ხელოვნური ექოსავით ჩაესმა გონებაში მამის სიტყვები: „ისწავლე, ბიჭო ცურვა, ისწავლე“. გაახსენდა პაპის დარიგება, თვალწინ დაუდგა ტაისიას დაცინვა იმაზე, თუ როგორ არ ჰქონდა დღემდე ნასწავლი ცურვა. ტბიდან სილუეტი გაქრა... დამიანე წიაღში ჩავარდა, უფსკრულმა შეისრუტა მისი სულიერი განზომილებაც. როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება, ცურვა რომ ესწავლა? ალბათ მეგობრებს გაიჩენდა; ყაროს, ლუკას და ბესოს. ალბათ, სიყვარულითაც არ ეტკინებოდა გული, პირიქით... და, ალბათ, სიცოცხლეს აჩუქებდა კაცსაც, არ დაიდებდა ზურგზე უწონო ტვირთს. თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა გადაერჩინა თავისი ცხოვრება. აღნაგობაც ხელს უწყობდა ამაში, მამაც და პაპამისიც, თუმცა ბიჭი მუდამ ქვევრში იჯდა და ელოდა კარზე მოკაკუნე ბედნიერებას, გაიხადა თავისი თავიცა და ცხოვრებაც უუნარო. აღარ არის დამიანე სული, მისგან დარჩა მხოლოდ ხორცის ფორმამიცემული ნაჭერი. ცოცხალია, თუმცა მკვდარი. აღარაფერი შეუძლია ცხოვრებაში, გაქრა სრულიად, ბიჭი ხმელეთის ლუკმა გახდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი