ავტობუსის მუსიკა
ასე… მიაჭენებს ავტობუსი ქუჩიდან ქუჩას, თან კვალს ტოვებს მცირე ბუღით. ასე… შიგ ათასგვარ ხალხს მოუყრია თავი; გოგონა გინდა? არის გოგონა, მოხუცი გინდა? არის მოხუცი, თვალგასიებული ბიჭუნა გინდა? არის ისიც. ასე… მიაჭენებს ავტობუსი ქუჩიდან ქუჩას, თან კვალს ტოვებს მცირე ბუღით. თანაც… ავტობუსის რადიოში ჟღერს საამო სიმფონია “ფოქსტროტისა”, სულხან ცინცაძის… არც ისე საამო; ოდნავ თავხედური, მეტიჩრულიც, დამცინავიც. ასე… მიაჭენებს ავტობუსი ქუჩიდან ქუჩას, თან კვალს ტოვებს მცირე ბუღით. ირონიულ მუსიკას მძღოლი ჰყვება ღიღინით, თანაც ვერ ხვდება, რამხელა ზიანს აყენებს მგზავრებს. მუსიკა კი სარკასტულად ხარხარებს. ავტობუსის ძელს მოჭიდებულ გოგონას დილით ბებო მოუკვდა, მუსიკა კი იცინის და მეტი უნდა. სკამზე რომ ზის ვიღაც ბიჭი თვალებგასიებული, წეღან სახლში მომავალი ხულიგნებმა უმოწყალოდ სცემეს უსაბაბოდ. მუსიკა კი იცინის და მეტი უნდა. ეჰ… ქალბატონი კი, მოხუცებული, სახე რომ აქვს მოღუშული, სკამზე რომ ზის, არ იფიქრებდა დაჯდომაზე, დილით შვილის საფლავთან მგლოვიარე რომ არ მდგარიყო დაუსაბამოდ. ჰა, ჰა, ჰა! ასე… მიაჭენებს ავტობუსი ქუჩიდან ქუჩას, თან კვალს ტოვებს მცირე ბუღით. მუსიკა კი შიგნით მსხვერპლებს აპამპულებს როგორც უნდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ყველაზე ნიჭიერი ძმაკაცი სამყაროში!