ცა ტიროდა კვლავ


ამ საღამოს დიდი ქარბუქი ამოვარდნილიყო. გურო პაპა იჯდა ჩაფიქრებული საქანელა სკამზე ბუხრის წინ და ფანჯარაში იყურებოდა. მყინვარწვერი მოსჩანდა ნათლად ფანჯრიდან, თუმცა გოლიათი ნაცარ ღრუბელს დაემწყვდია. “როგორა, კაცო, როგორ ერევა ხუთ დევისტოლა მთას ეს ოხერი ღრუბელი?” ფიქრობდა გულში გურო პაპა. ცამ დაიღრიალა უეცრად, ჭექა-ქუხილმა გააყრუა ყაზბეგის მიდამოები მთლიანად. გაჩუმებისას თითქოს ერთი-ორი წინწკალი დაეცაო მიწას, ამ ორ წინწკალს მოჰყვა ჯგროდ წვიმის წვეთები. ახლა წვიმდა კოკისპირულად. 

- რა ჭირი სჭირს ამ ამინდს, დილით მზე აცხუნებდა არადა, - დაიწუწუნა ციცომ.
- ცამაც იცის ბრაზი და ტირილი, შენ რა გგონია.
- რა ატირებს, კაცო, მერე. ცა ვიყო ნეტავი და, ტირილად გავიხდიდი საქმეს?
- ჩვენი შემყურე, ჩემო ციცო, იტირებს და იბრაზებს, აბა რა იქნება. ღმერთს ცისთვის მიუცია ყველაზე დიდი სასჯელი, ადამიანებს უყურებდა და უყურებს მუდამ ეს საწყალი. ჩვენ რა გვედარდება, მოვკვდებით ადრე თუ გვიან და გაქრება ეს სამყაროც, ცა კი ვერ მოკვდება, ცოდოა ძალიან, - ეს უთხრა ცოლს და ამოიოხრა საწყლად.
- სულ გაგიჟებულხარ ამხელა კაცი… მოდი მაგიდასთან, ჩაი დავასხი, ბავშვებსაც დავუძახებ.

შვილიშვილები ჩამოცვივდნენ ბებოს დაძახილზე, ჩაი არ გვინდაო, შოკოლადებს დაავლეს ხელი მხოლოდ. უმცროსმა, ხუთი წლისა რომ იყო, პაპას და ბებოს თვითმფრინავები აჩვენა თავიანთი გაკეთებული. შეუქო ორივემ, გაუხარდათ ბავშვებს ძალიან. გურომ ჭიქა აიღო და ისევ ბუხრის წინ დაჯდა. კედრისაგან დამზადებულ დაძველებულ იატაკს ჭრიჭინი გაუდიოდა, რადგან ბავშვები აფრენდნენ ოთახში ქაღალდის თვითმფრინავებს. “არა ჩემი ჯობია, არა ჩემიო”. გურო უყურებდა შვილიშვილებს, შური ჰკლავდა შიგნიდან. რა იღბლიანიაო ბავშვი, ზედაპირულიაო მისთვის ცხოვრება. ჩვენ, უფროსებს იმაზე ფიქრი რომ გვღლის, სიკვდილი მაინც გარდაუვალია და რისთვის ვაკეთებთ საქმეს ან რისთვის ვირჩენთ თავსო, ზოგჯერ რომ დანებების სურვილს გვიჩენს ეს აზრები, ბავშვი იმაზე ფიქრით იღლება, ქაღალდის თვითმფრინავი სიმეტრიულია თუ არა. 
 ხან გაიხედავდა ფანჯარაში, ხანაც უყურებდა შვილიშვილებს. სადგომიდან ცხენების ჭიხვინი ისმოდა ხანდახან, ქარი ჩურჩულებდა ხმამაღლა, მყინვარწვერი დაეფარათ სრულიად ღამისფერ ღრუბლებს, ცა ტიროდა კვლავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი