ვინ დაბრუნდება?


ბრიტანეთის გაზაფხულის თბილი ჰავა ატკბობდა ოთარის ლოყებს. მომცრო სკვერში იჯდა სკამზე, თავის წინ ოდნავ გალაიმისფერებულ პატარა ტბას გაჰყურებდა. წყალი სულ არ ტოკავდა, სიოც კი არ უბერავდა ბრიტანეთში. ოთარმა სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაუწყო. 
- უკაცრავად, ასანთი ხომ არ გექნებათ? - ვიღაცამ ჰკითხა ინგლისურად.
 ოთარს აქცენტი ეცნო, ახედა უცხოს. კიო, ამანაც ინგლისურად უპასუხა და ასანთი გაუწოდა. უცხო გოგონამ ჰკითხა, გვერდით დაჯდომა თუ შეიძლებოდა, ოთარი გვერდზე გაიწია და ღიმილით თანხმობა ანგრძნობინა. ორივე სიგარეტს ეწეოდა. სიგარეტების კვამლი სწორად, ვერტიკალურად ადიოდა ზემოთ, არსაითკენ იხრებოდა.
- აქაური ხარ? - ისევ ინგლისურად ჰკითხა.
- არა, ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, ან… შეიძლება დავრჩე…
- საიდან ხარ? 
- საქართველოდან..
- მერე, აქ რამ ჩამოგიყვანა? - ახლა უკვე ქართულად ჰკითხა გოგონამ.
 
ოთარმა ოდნავ გაიკვირვა, მაგრამ არ აგრძნობინა და მანაც ისე გაუგრძელა დიალოგი, ვითომც არაფერიო.

- ქარმა დაუბერა ძალიან ჩვენკენ, ჩრდილოეთის ქარმა, ლამის იყო, წამიღო მეც. სანამ არ ჩაწყნარდება არ ჩავალ.
- ცუდი მიზეზი გქონია.
- რატომ, ვითომ?
- უნდა დარჩენილიყავი, კი არ უნდა გამოქცეულიყავი, - ჩამწვარი სიგარეტი იქვე ურნაში მოისროლა.
- აუჰ… შენ რისთვის ჩამოსულხარ?
- მე დიდი ხანია აქ ვარ, დედაჩემი აქ არის გათხოვილი.
- რა გენაღვლება…
- რას ამბობ, საქართველოში ჩასვლას ვეღარ ვახერხებ.
- რაზე დარდობ? ნეტავ შენსავით ვიყო მეც.
- მე შენსავით ვიყო ნეტავი, ფეხს არ მოვიცვლიდი იქიდან. წამოხვედი ჩრდილოეთის ქარის გამო, სხვაც მოგბაძავს, მერე იმას სხვა მიბაძავს. ვინღა დარჩება რომ შეებრძოლოს?

ოთარი ერთხანს ჩაფიქრდა, დადუმდა. ცოტა ხნით ხმა არ ამოუღია, მერე უპასუხა:

- კარგი ერთი, ჩემი წამოსვლით ვის რა დააკლდება, ან მოემატება? 

გოგონამ პასუხი არ გასცა, ცოტახანი გაყუჩდა.

- როგორც კი შანსი მომეცემა, ისევე წავალ.
- წადი, მერე, არავინ გიშლის.
- წავალ, აბა რას ვიზამ… 
- წადი - მეთქი, ვინმე კი არ გაკავებს, - ისეთი ტონით უთხრა ოთარმა, თითქოს კაი ხნის ნაცნობები იყვნენო.

ისხდნენ უცნობები, მაგრამ ეროვნებით ნათესავები  ცოტახანი გვერდიგვერდ. გოგონა ადგა, დაემშვიდობა ოთარს და სახლისკენ წავიდა, თანაც გზაში ფიქრობდა: “სახლში მისვლა მეთაკილება, დედაჩემი ისევ შემიჩიჩინებს სამშობლოში დაბრუნდი, ვერ ხედავ რა ამბებიაო. მე ხომ… მე ხომ დედაჩემის გამო არ მივდივარ… არა?” მორიდებით ჰკითხა თავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი