ქვის უდაბნოში
ჩვენი შეკრების ადგილი იყო ნანგრევები ქვის უდაბნოს შუა მდგარი. იქ, ალბათ, ვერც პოლიცია მოგვაგნებდა და ვერც ვინმე წამლის ქურდი. თექვსმეტი წლისა ვიყავი, მარიხუანა მობეზრებული მქონდა, მტვერის სახლში ავედი, ბიძამისმა პატარა აბები შემოგვთავაზა, თავიდან უარზე ვიყავი. მტვერმა დამითანხმა ბოლოს, მეც სულ ვსვამ, გაგისწორდებაო. ოთხი ცალი ვყლაპე, დღემდე არ ვიცი რა აბი იყო. ჯერ არაფერი, მერე ამიტანა სიცხემ, ოფლმა დამასხა. თვალებში ნისლი ჩამიდგაო თითქოს, მერე ნისლი გაიფანტა. რაც მოძრაობდა, თავისი კადრი ექოსავით დაჰყვებოდა, იმათი ლაპარაკი თითქოს დიდ კათედრალში ვიყოთო ისე მესმოდა. იმ დროისთვის ასეთი მდგომარეობა არ გამომეცადა, თავიდან მესიამოვნა, როცა გავიდა ხანი და უფრო და უფრო მძაფრდებოდა ეფექტები, შევღონდი, ნერვიულობამ ამიტანა. გაშეშებული ვიჯექი სკამზე, ხმას არ ვიღებდი და ერთი სული მქონდა, მალე მორჩენილიყო ყველაფერი. ისინი ლაპარაკობდნენ, მე არც ვუსმენდი. მერე სიცილი დაიწყეს, მანდ დამეწყო პარანოია. მე დამცინიან, უეჭველად მკვდრის სახე მაქვს - მეთქი. ბიძამისმა ჰკითხა მტვერს, ხო კარგად არის შენი ძმაკაცი, მიდი წყალი მოუტანეო. კარგად ვარ - მეთქი, არ შევიმჩნიე. წყალი დავლიე, ცოტა ხნის მერე ტუალეტში გავედი. ვაღებინებდი უსასრულოდ ასე მეგონა. ღებინებას რომ მოვრჩი, საკმაოდ ჩაწყნარდა სიზმარი, დავუბრუნდი სინამდვილეს. მის მერე მოსაწევსაც აღარ გავკარებივარ, მაგრამ ერთ დღეს, არ ვიცი… არ ვიცი რატომ, ჩემს თავს დღემდე ვუჯავრდები, დავიწყებულის განცდის სურვილი გამიჩნდა ისევ. მტვერს ვუთხარი ისევ გაჩითე აბები - მეთქი. “მოიცა, რა… უფრო მაგარი რაღაც მაქვს”, მითხრა და ქვის უდაბნოში წამიყვანა, რაღაც ნანგრევებში. ოდნავ კი ვიგრძენი თავი არაკომფორტულად, მეთაკილა იქ ყოფნა. თითქოს კედელი ჩამოინგრესო, ნაგვით იყო იქაურობა სავსე, შარდის სუნით ყარდა რამდენიმე კუთხე. აქა-იქ ძაღლის, ან, მგონი, ადამიანის ფეკალიებიც ოხრად იყო. მოკლედ, ზიზღმა ამიტანა, მაგრამ მტვერისთვის არაფერი მითქვამს. მტვერი ჩემზე ორი წლით დიდია, ბავშვობიდან ვძმაკაცობდით, კლასელები ვიყავით ადრე, ეგ ორჯერ ჩარჩა და ჩემს კლასში დატოვეს. იძახდა ხოლმე, ძალით ჩავრჩი, ერთად რომ ვყოფილიყავით, თორემ მართლა დებილი კი არ ვარო. ქუჩის ლაპარაკი იცოდა ოსტატურად. როცა ვინმე ჩემ დაჩაგვრას მოინდომებდა, მტვერი მოვიდოდა და ისეთებს ეტყოდა, იმ ვიღაცას ენა ეკვეთებოდა, იფსამდა ჩუმად. მტვერი იმიტომ დაარქვეს, ერთხელ რომელიღაცა კლუბის ტუალეტში შეჯიბრებია ვიღაც დიდ ტიპს და გაუმარჯვია. ხუთას-ექვსას მილიგრამამდე შეიყნოსა, ალბათ. მის მერე ყველა მტვერს ეძახის. მოკლედ, მომიყვანა ამ გადასაწვავ ნანგრევებში. ჯიბე მოჩხრიკა, დახვეული პლასტიკატი ამოიღო, შემომხედა, ეშმაკურად გამიღიმა და გახსნა დაუწყო. მოსაცმელის ჯიბიდან კოვზი, სპირალიანი ასანთი და ორი ცალი გაუხსნელი შპრიცი გააჩინა. საქმეს შეუდგა. ავფორიაქდი მაშინვე, არ ვიყავი ასეთი რამისთვის მზად, მინდოდა მეთქვა, მაგას ვერ ვიზამ - მეთქი, მაგრამ ნამუსზე აგდებას დამიწყებდა, ამდენი ვიწვალე და შენ უარს მეუბნებიო, მაგრამ არ მინდოდა, ვერ გავაკეთებდი და რა მექნა. ბოლოს მაინც გავუბედე, სხვა გზა არ მქონდა: - ბიჭო… - ჰო… - მე-ე - ახლა არ მითხრა, რომ…. - ჰო… ვერა, რა, მტვერო, ვერ ვიზამ მაგას, მეშინია. - ეეუუ! შენ რა ქვეშაფსია ხარ, ბიჭო… ეს იცი რა ძნელი მოსაპოვებელია? ხალხი ოცნებობს ამაზე! - ჰო.. მაგრამ… - რა - მაგრამ? მოიცა, რა… ბიძაჩემმა მითხრა, მოსაწევზე სუსტიაო, დამიჯერე, უბრალოდ ეს ეიფორიაში გაგდებს და ყველაფერი გისწორდება. - ჰო… მაგრამ… ნემსის მეშინია. მტვერმა ამაზე სიცილი დაიწყო, ცრემლები წასკდა იმდენი იცინა. მე გაგიკეთებ ისე, რომ ვერც გაიგებო. ბოლოს და ბოლოს დავთანხმდი, ამ ერთხელ გავიგებ გემოს და მეტჯერ აღარ გავეკარები - მეთქი. - ისე, რა ქვია? - მეფედრონი… - გამიგია. - ჰოდა, რაღა გიჭირს, გცოდნიათ ერთმანეთი, რიღასი გეშინია. კუნთთან ბინტი წამიჭირა, მუშტი შეკარი, - გაუშვი, შეკარი, - გაუშვიო. - პირველი მე? - ჰო, აბა… მე რომ გავიკეთო, ჩავკაიფდები და შენ როგორღა გაგიკეთო, მერე? - იღრიჭებოდა ცხენივით. შემიყვანა დოზა, მართლა ვერაფერი ვიგრძენი, მტვერი გამოცდილი იყო ასეთებში. თხუთმეტი წუთის მერე მოგვიტანა ორივეს. აუჰ, რამდენი ვილაპარაკეთ, რამდენი ვიცინეთ. თავი მეფეები გვეგონა, ამ სამყაროს ბატონ-პატრონები. მტვერმა გამანდო თავისი მიზნების საიდუმლო: რეპერი უნდა გავხდე, გავმდიდრდები, კაი მაყუთს ვიშოვი, ქალები ზედ დამეხვევიან, მდიდრული სახლი, მანქანა, შენც გიყიდი ერთსო. მეც იმ მომენტში ისევე დავიჯერე, მეტიც, ჩემ თვალწინ ცნობილი, მდიდარი რეპერი მეგონა, იდგა. იმ მომენტში სულ მთლად გადამავიწყდა დედაჩემის და მამაჩემის ამბავი, რა ბედნიერი წუთები იყო… პატარა რომ ვიყავი, მე და ჩემი დიდი ძმა სულ დავყავდით დედას და მამას კინოში, მაკდონალდში, მთაწმინდის პარკში.. აუუჰ! რა მაგარი იყო… ეგ კი არა, საზღვარგარეთაც წაგვიყვანეს ერთხელ, პრაღაში, არასდროს დამვიწყებია. ასე მეგონა, დედაჩემი და მამაჩემი გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ისე უყვარდათ, ისე, რომ… ვერც აღვწერ როგორ. მაგრამ გავიზარდე თუ არა, გავიგე ყველაფერი. გავიგე, რომ დედაჩემს სხვა უყვარდა ახალგაზრდობაში, უჭკვიანესი, ძალიან განათლებული, მაგრამ ეს ტიპი ოდნავ მონაზო ყოფილა, იმ დროისთვის მკრეხელობა იყო ეგ. მამაჩემი კი… ქუჩის ბიჭი იყო. როცა იმ ტიპმა ხელი სთხოვა დედაჩემს, დედამ უარით გაისტუმრა, რადგანაც ასე ჰქონდა დავალებული მშობლებისაგან. ჩვენ ვინც გვინდა, იმას გაჰყვებიო. მამაჩემი შეაჩეჩეს ხელებში. ეჰ, საწყალო დედაჩემო, რა მტკივნეული იქნებოდა შენთვის… ჩემი და ჩემი ძმის გამო… არა, არა, უფრო მეზობლების გამო არ შორდებოდნენ. როცა უბანი შევიცვალეთ, მაშინვე დაშორდნენ. პატარები იყავით შენ და შენი ძმა, შვილო, და ვერ დაგანახებდით მე და მამაშენს დაშორებულებსო. მის მერე ვცხოვრობდი დედაჩემთან, მაგრამ სახლში იშვიათად იყო, სულ ვიღაც კაცებს ხვდებოდა. მოკლედ, მეფედრონის ამბის შემდეგ შევეჩვიე ყველაფერს. როცა გაჭირვება იყო, მოსაწევიც მყოფნიდა ან აფთიაქის ტაბლეტები. მის მერე მე და მტვერი უფრო და უფრო დავახლოვდით. სკოლა სულ დავივიწყე. ერთხელ ვიღაცა ქურთს ჰქონია სახლში რაიმე. მტვერმა ღამით გავტეხავთ სახლს, მოვპარავთ და გამოვიქცევითო. ეუუფ! რა გვინდოდა, ნეტა. შუაღამე რომ დადგა, მტვერმა თმის სამაგრით გააღო კარი, სიჩუმე და სიბნელე იყო. მაგრამ საძინებელში რომ შევიპარეთ, შუქი აინთო. იარაღმომიზნებული გვიყურებდა ქურთი. გაგვცრა ორივეს, სუნთქვა შემეკრა ლამის, მტვერს მოვუჭირე ხელი, ვანიშნე, დარხეული გვაქვს - მეთქი. მტვერმა თავის გვერდით ტუმბაზე რკინის ყულაბა შენიშნა. ოსტატურად აიღო, ისე რომ ქურთს არც დაუნახავს და სახეში გაუქანა. მოვძუძგეთ ისევე, ქურთი გამოგვეკიდა და მტვერი ფეხში დაჭრა. კიდევ კარგი, მარილის ტყვიები იყო, ერთი ის იყო მთავარი, რომ მტვერმა როგორღაც მოახერხა იმის წამოღება. ის ღამე ნანგრევებში გავატარეთ. იმის მერე მტვერი რამდენიმე დღე აღარ მინახავს. მიკვირდა, სად უნდა დაკარგულიყო - მეთქი. ბოლოს ბიძამისს შევეხმიანე და დაუჭერიათ თურმე იმ ამბის გამო. ის ქურთიც ჩაუყუდებიათ, არც ერთმა გამთქვა. მე კი მშვიდად ვიყავი, მაგრამ მტვერი რო დაიჭირეს ჩემს თავს ვაბრალებდი, სინდისი მჭამდა შიგნიდან. ხუთი წელი გავიდა მის მერე. რაც მტვერი აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში, ნარკოტიკებს აღარ გავკარებივარ, როგორღაც ტოლერანტი აღმოვჩნდი სიფხიზლისადმი. არც მკურნალობა დამჭირდა და არც არაფერი. კოლეჯში ვისწავლე, მუშაობა დავიწყე. მტვერიც გამოფრინდა ამასობაში. მომაკითხა სახლში, გახარებული ჩავეხუტე, ბოდიშები ვუხადე, თანაც ვკოცნიდი შუბლზე, ლოყებზე. ცრემლიც კი მომადგა. რა საბოდიშაო, ბიჭო, მანდ ჩაჯდომას მე ისედაც ვაპირებდიო, გამიცინა და მხარზე წამომარტყა ხელი. - ჰა, აბა, წამო, მაგარი რაღაცა ვიცი. მე გამიკვირდა, ჯერ ახლა გამოვიდა და უკვე ამას მეუბნება - მეთქი? ვუამბე ყველაფერი ჩემ შესახებ, რომ დავანებე თავი ყველაფერს, სამსახური დავიწყე. ამის გაგონებაზე მოიღუშა, გამიღიმა ნაძალადევად და მითხრა: “მიხარია, მაშ რა გაეწყობაო”. წავიდა… წავიდა და აღარ გამოჩენილა კიდევ კარგა ხანს მტვერი. საიდან აღარ ვცადე დაკავშირება, მაგრამ არ ჩანდა მაინც. ისიც გავიფიქრე, ისევ ხომ არ დააბრუნეს - მეთქი, მაგრამ არა… არ იქნებოდა მასე. ორი კვირა იყო გასული, ბიძამისთან ავედი. კარზე დავაკაკუნე, არ გაუღია. ჩაკეტილი იყო კარი. ხმა რომ არავინ გამცა ვიეჭვე რაღაც, ჰოდა, მტვერისაგან ნასწავლი ხრიკი გამოვიყენე - თმის სამაგრი. შევედი თუ არა, იქაურობა ყარდა. ლამის ღებინენა დამეწყო მაშინვე. მისაღებში აღმოვჩნდი და… მტვერი და ბიძამისი დივანზე გვერდიგვერდ სხედან. სხეული ჰქონდა სულ მთლად დამპალი ორივეს, თვალები თითქოს ამომწვარი, დუჟი შეშროდა მტვერს პირზე. საწყლები, არავის მოუკითხავს არც ერთი… საბრალოები.. მტვერო, მაპატიე… მტვერო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი