შენ ანგელოზად მოვლენილი, ჩემს მფარველს გავხარ


შენ ანგელოზად მოვლენილი, ჩემს მფარველს გავხარ

როცა ლოდინი სიგარეტის ბოლო ღერს ჩაწვავს, 
ღამის წყვდიადი რექვიემად მომევლინება, 
და მოგონება აშლის ფიქრებს ვით მაძებარ ძაღლს,
ხო, ბოლო-ბოლო ეს დაცემაც გამოვლინდება. 

როცა ოთახში სიბნელეა, შენ მაშინ ჩანხარ,
როცა სიცივე კვლავ აიღებს ფიქრების კოშკებს, 
შენ ანგელოზად მოვლენილი, ჩემს მფარველს გავხარ, 
აღარ ვაჩვენებ ჩემს ხელის გულს ქუჩის ძველ ბოშებს. 

და ახლაც ვფიქრობ, როგორ მერგო ასეთი ჯილდო, 
რომ მარტოობის გვირგვინები დამადგეს თავზე, 
ხო ვიცი, ზოგჯერ რომ საშინლად, საშინლად ვფლიდობ,
რომ საზიზღარი არსება ვარ დედამიწაზე.

მაგრამ ოთხაში შენ სილუეტს როცა ვერ ვხედავ 
სიგიჟედ მინდა განვაცხადო ჩემი ფიქრები, 
ხო ისევ ისე მეჩვენები როგორც აქამდე, 
კვლავ გამიგიჟდნენ სიყვარულის ქსელში რითმები. 

ახლა უჯრებში, ჩემი ძველი ლექსები ვნახე, 
ყველა დავხიე, ვხარხარებდი როგორც ეშმაკი, 
და ამ წკვარამში მოგონებების სანთლები ვანთე, 
იცი ტკივილებს ვერ უშველის ახლა ვერავინ. 

აღმოგაჩინე, მაგრამ გაქრი როგორც გჩვევია, 
შენი სურნელიც მოიტანა უძილო ღამემ, 
ისევ დავრწმუნდი მარტოობა ჩემი ხვედრია, 
ნეტავ აქ იყო... დაგანახა სიგიჟე რამემ. 

საფერფლე ისევ სავსე იყო გიჟის ოთახში, 
ჩემმა ვნებებმა კვლავ დაათრო ეს ცივი ღამე, 
ბოლო ღერს მოვწევ, იქნებ ჩემთან ისევ მოხვიდე, 
დაიძინეო, თვალი ჩამიკრა ლამაზმა მთვარემ. 

რა დამაძინებს, კვლავ გამიტყდა ფიქრების თასი,
საათი ისევ შენი მოსვლის დროზე გაჩერდა, 
მე უკვე ღამე ჩემს მეგობრად გამოვაცხადე 
და შენი ფიქრი, ძილის ნაცვლად ახლაც დამჩემდა. 

იქნებ ეს ლექსიც დამიწუნო, სხვა ლექსის მსგავსად,
ისევ სიგარეტს მოვუკიდე, სევდას ვაბოლებ, 
რომ მოგატყუო, დაგივიწყე და არ მიყვარხარ, 
არ გამომივა - დილაობით შენზე მაბოდებს. 

ახლა ჩავწვები სევდის საბანს გადავიფარებ, 
ჩემი საწოლი გაყინული ფიქრის ლოდია,
მარტოობას მე ავაფარებ ლექსებს ფარებად,
ეულის ტიტულს, ეს რამხელა ტანჯვა სცოდნია! 

      ზ.ნემსაძე   14.09.21     თბილისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი