ფიქრი ფიქრზე


თანამედროვე ჟამი, რომელსაც პოსტმოდერნიზმი ეწოდება არის ეპოქა პოსტადამიანისა, რომელიც არის ორმაგი უარყოფა თეოლოგიისა (თეოს-ღმერთი, ლოგოს-სიტყვა) და თეოსოფიისა (თეოს-ღმერთი, სოფოს-სიბრძნე). ეს ის ეპოქაა, რომელშიც გაიგებთ სიტყვებს: "რაღა დროს ღმერთია 21-ე საუკუნეში." რელიგიურობის გაუფასურება განმანათლებლობას უკავშირდება, სადაც ვოლტერის, დიდროსა და სხვათა ძალისხმევით მივიღეთ დეიზმი, ევიდენციალიზმი (ევიდენს-მტკიცებულება) და რელატივიზმი.

   ეპიკურეისტული დეიზმის მიხედვით "ღმერთებს", ხაზი ესმება მრავალღმერთიანობას, სულაც არ ვადარდებთ, მათ თავიანთი "საქმეები" აქვთ. ამიტომ უნდა მოვიშოროთ ცრურწმენანი ღმერთის ან ღმერთების მზრუნველობის შესახებ.

   მექანიცისტური დეიზმის მიხედვით კი სამყარო თვითორგანიზებადი და თვითრეგულირებადი მექანიზმია, რომლის ფუნქციონირებაშიც ღმერთი არ ერევა ან მონისტური პანთეიზმის მიხედვით, ღმერთი გათქვეფილია მუნყოფიერებაში და საკუთარ თავში მარად თვითმყოფობს შინაგანი, სპინოზისტური აუცილებლობით ან სეფიროთული ემანირების შედეგად, მუნყოვლიერება წარმოიქცევა უზენაესი აბსოლუტისაგან.

   რელატივიზმი კი უფრო დაბლა ეშვება და აცხადებს, რომ ყველა რელიგიური წარმოდგენა თანატოლია და მხოლოდ რელატიურად ანუ ფარდობითად ჭეშმარიტი, რაც თავისთავად აუქმებს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ვიღებთ გაუქმებული ობიექტური ჭეშმარიტების ობიექტურ ჭეშმარიტებას. 
ამ ყველაფერს კი მოჰყვება საკრამენტალიზმის სრული გაუფასურება. 

   ეს კი გაგრძელდა ლოკის "Camera Obscura"-თი, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის ბნელი ოთახი, რომელიც საკუთარ თავსაც კი ვერ ენდობა, რაც კონფრონტაციაში შედის დეკარტეს თანდაყოლილ იდეებთან, რომლებიც მიმიძღვებიან ტრანსცენდენტალური ღმერთისაკენ. 

   დღევანდელი გადმოსახედიდან კი მივედით პოსტმოდერნიზმამდე, რომელიც არა პრემოდერნისა და მოდერნის სინთეზს, არამედ ტრადიციონიზმის ორმაგ უარყოფას ეფუძნება. სახეზეა პიროვნებისგან დაცლილი - უპიროვნო - ქვეპროგრამა, რომელიც ქიმერული მატრიცის უსახურ ჭანჭიკად იქცევა. 

   მიმდინარე "მოდერნული" მყოფობა ამ კონდიციამდე ენციკლოპედისტების გარდა რენესანსისტებმაც მიიყვანეს, როდესაც პეტრარკამ გადაწყვიტა ანტიკური წარმართიზმი აეღორძინებინა და აქტიურად დაენერგა რეალობაში. 

   ამან გააცოცხლა მრავალღმერთიანობა, ცრურწმენიზმი და ბოლოს ღმერთის ქმნილ იდეამდე და ოდენ სოციოლოგიურ ფენომენამდე დაყვანა, რამაც ღმერთი თითქოსდა "მოწყვლადი" გახადა, რაც ნიცშემ დააგვირგვინა ცნობილი ფრაზით: "ღმერთი მოკვდა." ღმერთის, როგორც ნომინალისტური ანუ გონითქმნილი იდეის "სიკვდილმა", უზომოდ გააძლიერა ანთროპოცენტრიზმი ანუ ადამიანის გაღმერთება. 

   აღნიშნულს მოჰყვა გაღმერთებული ადამიანის სრული განადგურება ფროიდის მიერ, რომელიც ჯერ ჩამოქვეითდა ქვეცნობიერისგან მართულ უპიროვნო ინდივიიდუმამდე  (ევოლუციონისტურ/ბიჰევიორისტულ ბიოორგანიზმამდე), დღევადელი საზომებით კი "უუმსგავსეს" და "უუპიროვნო" პოსტინდივიიდუმამდე.

   შესაბამისად, ადამიანყოფილი ეგზისტენცია "პოზიტიური" ნიჰილიზმის უკიდეგანო ოკეანეში უგზოუკვლოდ მოცურავე პაწაწინა თევზს დაემსგავსა, რომელიც თვალაუხილველად მიცურავს ყოფიერების უსაზღვრო და ცარიელ სივრცეებში..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი