COVID-19
ახლახანს ვფიქრობდი და დავასკვენი, რომ ამჟამინდელი ვირუსი, კარანტინი (კომენდანტის საათი), დღევანდელი უსახური ყოფ(ნ)იდან ერთგვარი გამომაფხიზლებელია, შემაჩერებელია, უაზრო წრეტრიალის გამწყვეტია. დღეს პოსტადამიანი, ადამიანყოფილი მანქანა-პირუტყვი მიისწრაფვის, რომ გახდეს უკვდავი მატერიის უკვდავი ჭანჭიკი, მეხსიერების შენახვით, ცნობიერების მანქანაში გადატანით. კორონა ვირუსი კი უცებ გაფიქრებს, გაფხიზლებს, აზრსაცნაურ ციტადელს დაუფარავად გაჯახებს... ჰაიდეგერის არ იყოს, როცა ადამიანი ივიწყებს სიკვდილს და მის განდევნას ცდილობს უკვდავ მატერიასთან შერწყმით, თუნდაც პიროვნულობის, ინდივიდუალურობის დაკარგვის ხარჯზე, ის ემსგავსება მრავალფუნქციურ საგანს, ხელოვნურ ინტელექტს, უკვდავ და სერიულ მანქანას. კორონა ვირუსი კი შანსია საკუთარ თავში დაბრუნებისა, ადამიანის გამანქანების (დეადამიანიზაციის) შეჩერებისა... თითქოს ორი არჩევანი გვაქვს: პირველი არის ხელოვნური გაუკვდავება, სხეულის უკვდავება და სულის დაკარგვა. დაკარგულ სულს კი ვერცერთი სულიერი ვეღარ დაგიბრუნებს, რადგან ღვთის სუნთქვის შთაბერვით მოგებარა და შენვე უნდა დაგეცვა, ხოლო თუ უკვდავი სულის შენარჩუნების გამო შეგიპყრობს სიკვდილი და სულის შენარჩუნების გამო სხეულს დაკარგავ, მიიღებ უმაღლეს ჯილდოს, სხეულის კვლავ აღდგინებას, რადგან გამოცდა გაიარე, უკვდავი სული შეინარჩუნე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო ცდუნება მატერიალური გაუკვდავებისა... "COVID-19" - დღევანდელი ვირუსი (კორონა) ფილოსოფიური შავი ჭირის მსგავსია, რომლის მიზანია შეგვახსენოს საკუთარი არსებობა, ეგზისტენცია. ბერძნული სიბრძნის მთავარი თაურნიშანია Memento Mori, ანუ სიკვდილის მახსოვრობა, რომელიც ასე აკლია ფსევდოტრიუმფითა და ძალაუფლების კვაზიტიმოთური ტირანიით გაჯერებულ კაცობრიობას. "გახსოვდეს სიკვდილი" - სულის გადარჩენის ერთადერთი და უსაბოლოესი ფორმულაა, მატერიალური უკვდავებისკენ მიმავალ თითქოს პროგრესულ, მაგრამ პიროვნულობის გამანადგურებელ უახლეს (რ)ევოლუციურ საფეხურზე. დადგა არჩევანის გაკეთების დრო ფიზიკურ სიკვდილსა და მატერიალურ უკვდავებას შორის; სულიერ უკვდავებასა და მატერიალურ გაუკვდავებას შორის; პიროვ-ნების ნიშნით აღბეჭდილ შეზღუდულობასა და პირ-უტყვობის ნიშნით დაბეჭდილ ფიზიკურ უკვდავებას, მატრიცულ, ხელოვნურინტელექტუალურ აზროვნებას შორის... "COVID-19" - ფილოსოფიური შავი ჭირი, ეგზისტენციალურად სანიმუშო გაკვეთილია საკუთარ თავში შებრუნებისა; თვალების დახუჭვისა; გრავიტაციული ოცნებებიდან თავის დაღწევისა; პიროვ-ნების შენარჩუნებისა; ქთულჰუს ყოვლისშემძლე ძილბურანიდან, ძიმითიზმიდან, სომნამბულიზმიდან თავის ამოგლეჯისა. ღმერთთან, შუქთან, მზესთან, ონტოლოგიურ სინათლესთან მიბრუნებისა... "COVID-19" - კორონა (გვირგვინა) ვირუსი, როგორც ნოომაქიური შავი ჭირი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩვენში მივიწყებულ ადამიანობას აღვიძებს, რომელიც ყოველდღიური, რუტინული ყოფ(ნ)ის ჰიპნოტურ და გამაყრუებელ ბაკქანალიაში, ობივატელურ წრებრუნვაში ჩაკირულა, დამწყვდეულა... "COVID-19" - ყოველდღიური რუტინის დამანგრეველი ექსკალიბურის მახვილია; სიბრძნისმოყვარულთა გამომაფხიზლებელი შავბნელი შუქურაა; პირ-უტყვობის გადამლახავი ტრამპლინია; საკუთარ იმანენტში, ტრანსცენდეტში დაბრუნების სიმბოლოა; სასიკვდილო სპექტაკლის მეტაფორაა; პიროვ-ნების გამომაღვიძებელი, მიძინებული გმირის შეჯანჯღარების ვიწრო გზაა. არათუ ვიწროა გზა, არამედ თვით კერკეგორისეული სივიწროვეა გზა გადაბადებისა; ახალი ადამიანის შთამოვლენისა; გოლგოთის ჯვრის ღირსეული ტარებისა; ქრისტეს ჩვენში შობისა, აღდგენისა, ჩახუტებისა და ხელის ჩაკიდებისა; ქრისტეს საკუთარ თავში პოვნისა და აღორძინებისა; მატერიალური უკვდავების დამარცხებისა; უკიდეგანო სივრცესთან შერწყმის გაყინვისა; უმყოფობითი, ვოიდისტური სანსარ/სამსარ-ნირვანის გაგლეჯისა; ონტიური შეცდომის ჰეროიკული გამოსწორებისა; ჯოჯოხეთიდან დაბრუნებისა; ქრისტესთან ცოცხალი პაემნისა, ჯვრისწერისა და ქორწინებისა!!! 2020 წლის 9 აპრილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი