როსინანტული ტრაგიკომედია
მიტოვებული წისქვილის მიღმა, ბერძენ ბაყაყთა ამფითეატრში, მონოლოგია ტობოსელი დულცინეასი. თავი მგონია სულ ენეასი ამ მონოლოგის მოსმენის შემდეგ. ბუკეფალოსი თუ როსინანტი? უკვე ვერ ვარჩევ რომელია ჩემი ფაშატი, ან დონ კიხოტი, კონტრა თუ ანტი? ან სანჩო პანსა ქსანთიას ვირით? მე რომელი ვარ ვერ გავერკვიე. მოლნირით ვებრძვი დონ კიხოტის ქარის წისქვილებს, სანამ მამალი სამჯერ იყივლებს და ჩემი თხები გამაჭენებენ. ახლა ოპერას მღერის ალდონსა, იორმუნგანდზე, ფენრირზე და ღმერთთა დაისზე. ჰგავხარ იდალგოს მღვიმის მადონას, როგორც შენს თვალებს მოჰგავს ვალჰალა. ჰეფესტოს ნაჭედ ნოტუნგს ვამზადებ, წისქვილის გარდა მიდგარდია ჩემი სამიზნე. ტუჩების კვალი არ ჩანს სასმისზე, არც რაგნაროკი იორმუნგანდის. ვალკნუტის ნიშანს მადებს ვოტანი, ვეღარ მაფხიზლებს ხმა ტობოსელ დულცინეასი. მის თვალთა მზერა ვერ ავიტანე, ასგარდის ხევებს ვუყვები მასზე. ფენრირი ყლაპავს ფებოსის სხივებს, მე კი პეგასოსს მივაჭენებ, როგორც როსინანტს და ქალთა მოდგმას უკვე ვერ ვიტან! ანტიკურ ფონზე არფის და ჩელოს, ბერძენ ბაყაყთა ამფითეატრში, დიალოგია სანჩო პანსას და ლამანჩელის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი