Zugzwang...
ჩემი მუნმყოფობა, როგორც ცუგცვანგია, მარად გამრიყავი ბინდბუნდ ნაპირებზე, როცა სიცოცხლესაც ვეღარ უვარგია, თითქოს ყულფის მობმას ისევ ვაპირებდე... ნუთუ კურარეა ყულფზე უკეთესი, ანდა სტრიქნინია შვების მომბერველი, აგიზგიზებული როგორც პრომეთესი! დარდის ტირანიის მარდად მომრბეველი... მარტო ატორტმანდა მკრთალი Amor Fati... ყულფის ბაწარივით ყელზე მორგებული, არ ვარ ფარაონი! არ მსურს სარკოფაგი! განსაწმენდელში ვარ გადმობარგებული... იქით ქიში არის, აქეთ შამათია... იქვე გიზგიზია პურგატორიუმის, უკვე შუაღამის სამი საათია, ვითომ სიმშვიდეა, ბუტაფორიული... აქვე მეფე ლირი რატომ მაგონდება?! ახლა მითუმეტეს, მსგავსი ცუგცვანგია! მალე სიზიფოსი მთიდან დაგორდება, რადგან ერთფერობას გადაუჟანგია... ირგვლივ მობნეულან სევდის ფიგურები, შავ-თეთრ უჯრედებზე გვამთა გროვებია, მეფე მაკბეთივით გამოვიყურები, მშვიდ ძილს მარადჟამს, რომ გამოსთხოვებია... ვგონებ, საიქიოც ეკლესიასტეა... წრეზე გაშვებული მწუხრის მინამგვანი, სევდის სამარე და ოდენ სინესტეა! რადგან ამაოა ვნების ნიაღვარი... ჩემი ეგზისტენტი, როგორც ცუგცვანგია, მარად გამრიყავი შემკრთალ ნაპირებზე, ოდეს სააქაოს ვეღარ უვარგია, თითქოს ყულფის მობმას კვლავაც ვაპირებდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი