მოვლენების ჰორიზონტი...
მერანები, ტაიჭები და რაშები, ვეღარ ზიდავს ჩემს სიმძიმეს სლეიპნირი, ვერ ამწევენ ვერც ზუალის დამქაშები, ვერ მეხება ნოტუნგი თუ მიოლნირი! ჩემს ფეხებქვეშ იზნიქება გუნდაბადი და ბიფროსტი თხმელას ფესვით იბზარება, ვალჰალადან აიკრავენ გუდა-ნაბადს, თუ დარეკეს გერ-ფრეკულმა, იქ, ზარებმა! აღარ მიწევს ქვეშაგებზე სავსე მკერდით, ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის დავეკონე, ოსირისი ვერ ადგება ვერა, მკვდრეთით, საპატარძლოს არ მივუძღვნი დარდის კონებს! არც ბრუნჰილდე, არც ზიგლინდე, არც იფანი! ჩემთვის მგონი არ შექმნილა მოდგმა ქალის, საფლავიდან ამოვიღე, ძლივს ვიცანი, ვერ ვიგემე სიყვარული, თუნდ მისხალი. გინუნგაგაპს არ დავუთმობ, მე, იზოლდას, გინდ ტრისტანი მასთან უკვე ვერ მოვიდეს, ნეტავ რამე ნელსაცხებელს შევიზელდე და იზოლდას, რომ ვეგონო მე, ოდინი! ნიბელუნგი და ვაგნერი აღარ მინდა, ვერ მიქარვებს მძიმე გრძნობებს მანონ ლესკო, ვერ მომისმენს ვერც მტკვარი და ვერც მთაწმინდა! ეს ტრიუმფი წარმომიდგა, ვით ფიასკო. არც ვირჟინი, არც იზოლდა, არც მანონი! მხოლოდ პოლი, ტრისტანი და შევალიე! ვეღარ მხიბლავს ვერც ფრანგული საბრალონი, ამდენი დრო ნეტავ რატომ შევალიე?! ოდინი ვარ, ვერ მედრება ვე და ვილი, არც გუნგნირი, არც დრუპნირი არ მჭირდება! მოაცილეთ ამ ლექსიდან ვოდევილი! არც ჰუგინი, არც მუნინი არ მჭირდება! მომაცილეთ მოვლენების ჰორიზონტიც, ის ვერ იტევს ჩემი სევდის ნატამალებს! დასრულდება რაგნაროკის შორი ფრონტი და გადავწვავ ვალჰალაში, მე, ტრამალებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი