შუქურის შუქში...


მომაღლო შუქურა, მდგომარე ეულად!
ცივ ზვირთებს აბრმავებს, ვითარცა პროტევსი,
ტეტანუსს რომ იწვევს, თანაც მეყსეულად!
და გემებს ისრუტავს გეენურ პორტებში...

მივედი, შევხედე, ამაყობს შუქურა!
ის ხომ სულ მარტოა, მარტოა ჩემსავით,
თითქოს ჰელჰეიმში გიზგიზებს სპირტქურა,
აღრენილ ტალღებზე შიშების მთესავი...

ვართ მხოლოდ მე და ის, ან იქნებ ერთნი ვართ?! 
ცეცებით ციმციმებს ფებოსის ეტლიდან, 
შუქურის შიშების შუქებში შევდივარ 
და მათი მითების სიბრაზე შეტიტვლდა.

სელენეს ირეკლავს კალმარის საცეცი,
შუქურის წვეტივით მიაპობს სიბრმავეს,
ქთულჰუში არ არის ნათელის ნამცეცი,
ვერც ჩემში იპოვი ვერასდროს იმავეს.

მოლურჯო ქაფიდან ნეპტუნი დარდება,
მას მედგრად მოხუცი უდგება პონტოსი,
შუქურის შრეებში ნერევსი დანებდა,
როდესაც განელდა ლავკრაფტის პათოსი.

რვაფეხულ ფერხულში ერთვება ედგარ პო,
სტივენ კინგს აშინებს post-mortem ნათება,
შუქურის ღმუილმა კოცნა არ შემარგო,
ფიქრობ რომ გათელეს კერბერის თათებმა.

სიცივე, სიბნელე, ტალღების ღრიალი,
ასთავა ჰიდრაც კი ამასთან ვერ მოვა!
ისევ ის სიზმარი, პოგო მომღიმარი,
კლოუნის კლანჭები ძარღვებში შემოვა!

ფერმიხდილ ფაეტონს ახურებს შუქურა...
ღმუის და ზუზუნებს სამკაპა კრაკენი,
სიღრმეში ირღვევა ზვირთების სტრუქტურა,
მუქდება, ბინდდება იმედის ნარჩენი.

მოცისფრო შუქურა, მდგომარე ეულად!
ბრმა ტალღებს ადუღებს, ვითარცა პროტევსი,
მირაჟებს რომ იწვევს, თანაც მეყსეულად! 
და გემებს ისრუტავს ჰიპნოტურ პორტებში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი