ჰიპოკრენეს შესართავებთან...


როდოდენდრონი, როდოდენდრონი,
ცა დადნობია პიონის ბურჯებს,
როდოდენდრონი, როდოდენდრონი,
შოზიზმის კულტი ვერ დამამუნჯებს!

გეორგინები, გეორგინები,
ტრანსჰუმანიზმის ირწევა დროშა!
გეორგინები, გეორგინები,
ღმერთი არისო! - ვინ წამოროშა?!

ჰიბისკუსები, ჰიბისკუსები,
ღმერთი მოკვდაო! - არ ითქვა ადრე?!
ჰიბისკუსები, ჰიბისკუსები,
პოსტჰუმანიზმის აღელდა Mare...

ნარშავთა გუნდი, ნარშავთა გუნდი,
რუსთაველის დრო არ წასულაო?!
ნარშავთა გუნდი, ნარშავთა გუნდი,
ღმერთი ხომ იქცა შავ წარსულადო?!

ზამბახთა ფენა, ზამბახთა ფენა,
პოსტმოდერნიზმის ზეიმობს მარში!
ზამბახთა ფენა, ზამბახთა ფენა,
ცაც ჩაწოლილა სისხლიან ქნარში...

ფურისულები, ფურისულები,
ღვინით ირწყვება რეა-კიბელე!
ფურისულები, ფურისულები,
ჯვარცმულის რწმენით მზე დავიბნელე?!

ტილანდსიები, ტილანდსიები, 
სამთა წრეწირთა იწყო ზეობა!
ტილანდსიები, ტილანდსიები, 
ვისღა ანაღვლებს ენამზეობა?!

ორქიდეები, ორქიდეები, 
გალაკტიონი დარჩა ექოდო!
ორქიდეები, ორქიდეები, 
ქთულჰუს ლირიკა შემოვრეკოთო!

ქრიზანთემები, ქრიზანთემები, 
კიბორგთა ლაშქარს მივესალმოთო!
ქრიზანთემები, ქრიზანთემები, 
ძველებურ გრძნობით ნუთუ არ მოთოვს?!

ჰელიკონია, ჰელიკონია,
ჯვარცმა მხოლოდღა თეატრიაო!
ჰელიკონია, ჰელიკონია,
ოდენ ღვთისგმობას შენატრიანო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი