Axis Mundi
იდიოტი ღმერთები წყლიან კუბოში წვანან და კიბელეს მდედრები გრავიტაციას გვანან! მე არა მაქვს იმედი სააქაოს ვარ სანამ, აჰრიმანთან მივედი, ის დამატყვევებს განა?! ცხრა სფერო გავამრუდე, სეფიროთებსაც გავცდი, თუ საზღვარი დავუდე, აზრი არა აქვს რას ვცდი! დულცინეა აღარ ჩანს, ბუკეფალოსიც გაკრთა, ჰექტორი ვერ გადარჩა, დაუშვით ახლა ფარდა! თრთება ზეცის სილურჯე,, ქაოსის მტვერში დარჩა, ტაიჭების საუნჯე რაინის ფსკერში ჩარჩა... სად გაქრა როსინანტი? ახლა რაღა ვქნა ნეტა?! შენ გარდა ვის ვინატრი?! ლპება ალფა და ბეტა! იგდრასილი მკვდარს ისხამს, სლეიპნირივით მდინარს, ვერ გავიგებ მე მის ხმას, არ გადავიხდი დინარს! ძირს ცვივა სესტერცები, მსხვერპლად თუ ვწირავ მერნებს, ადგომას შევეცდები, არ გადავიჭრი ვენებს! მიმოქრის ბედაური, სიკვდილის მარში ისმის, რაშია სადაური? რატომ სვამს ნეტავ სასმისს?! სავსეა ტარტაროსი, ფაშატის ძვლები ყრია, იხრჩობა იკაროსი და თავდაყირა ხრიან. ჰექტორივით არა ვარ, ულაყი ათრევს გვამებს, იცოდე: ვარ არარა! პეგასოსს ვატან ქარებს... იდიოტი ღმერთები ცივ სარკოფაგში წვანან და კიბელეს მდედრები გრავიტაციას გვანან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი