ტენოჩტიტლანის/ტეოტიუაკანის პირამიდებთან
ერთი, ექვსი, ერთი და რვა, ფიბონაჩივით ვზომავ წესწყობას, ოქროს კვეთაში თავდება წირვა, მონტევიდეოს ხედებს ეტყობა. ერთი, ექვსი, ერთი და რვა, მზის პირამიდა სიკვდილს ირეკლავს, შენს ტუჩთა კოცნით ვაღწევ ნირვანას და ლემურია მთა-ბარს იდრეკავს. ერთი, ექვსი, ერთი და რვა, ჰიპერბორეა ჩნდება რიცხვებში, მესმის აცტეკთა წარსულის გმირვა, ლიმას მზეციდან ჩემთვის იშვები. სამი, ერთი და ოთხი, ტეგუსიგალპა იწვის დაისზე, ცვილი მიდნება კვნესით და ოხვრით, ტანჯვა არ მეყო?! უკვე დამინდე. სამი, ერთი და ოთხი, ფებოსი კოცნის პერუს ჰორიზონტს, ჰიაკინთოსთა არტილერია ჰაშიშში ახშობს ანაგნორისმოსს. სამი, ერთი და ოთხი, რა ლამაზია შენი თვალები, ვით ზეფიროსი ზენა სამოთხის და ბელმოპანი დანაკრძალები. ცხელა, მივყვები კუსკოს ნაპირებს, ცხელ პერგამენტზე ვწერ ცხელ პალიმფსესტს, მზის ფაეტონი მოსვლას აპირებს, თან წამომიღებს მზიურ მანიფესტს. მე მენატრება ასუნსიონი, ჩვენი ქორწილი ურუგვაიში, როგორც რძისფერი ელისიონი, ატლანტიდური ვაით და ვიშით! მე ძლიერ მიყვარს შენი ყურება ორანჯესტადის ჩამავალ მზეზე, შენს მკერდს დაეტყო გადაყურძნება, როცა სიმორცხვე მოიმიზეზე. პარამარიბოს სურნელი მათრობს, ვით ვილემსტადი ნაირფერადი და შენი მზერა ჩილეშიც ზამთრობს, როგორც ბელიზე, მიმოფრენადი. შენი სხეული აერთებს კვეთებს, მსგავსად ევკლიდეს აქსიომების და ფაუნიდან, რომ გამოგკვეთეს, შენთვის ზევსთანაც კი ვიომებდი. როცა იცინი მაგონებ ფლორას და სიმეტრიას ვიტრუვიუსის, შენთვის გავიხდი ამ ანაფორას და დავიწვები, ვით სირიუსი. სიცხეა ისევ, ვერ ვცნობ კარაკასს, იწვის ფებოსის სხივთა კრებულში, სიცხე მაგონებს ინდურ ნარაკას, თითქოს მზე იყოს ატირებული. ქრიზანთემები ყრია მიწაზე, დგას ზამბახების კორიანტელი, შენი სიტყვების ადრე ვიწამე, კოცნაც გაჩუქე ორი ამდენი. მიყვარს ბოგოტას ლურჯი ხედები და ორქიდეა სისხლით ნაბანი, ამ გულცივობით ნუღარ ფერხდები, შენთვის დავცალე მთელი ანბანი. შენ - ორიონი, მე - განიმედე, მიჯაჭვულნი ვართ ზეცის კიდეზე, ასე სასტიკად რად გამიმეტე?! მწველი მზერით, რომ დამაიმედე. მე აღარ მიყვარს შენი ტუჩები, გადაგიყვარე პირამიდებთან და უშენობით დავითუთქები, ოღონდ შენ უკვე არ მომინდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი