გამომიშრა რითმა, გამომიშრა რიტმი...
გამომიშრა რითმა, გამომიშრა რიტმი, ჩამოსწიეთ ფარდა, უარს ვამბობ როლზე, დავიფიცე ლამის, სიტყვას აღარ ვიტყვი! და ვოცნებობ ჩიტზე, ზეცად გადამქროლზე. გადავაგდე არფა, გადავაგდე ლირა, მოკვდა მნემოსინე და ცხრა მუზაც მიყვა, წამოვდექი ნელა, წამოვდექი ფრთხილად და წარმოვთქვი ჩემი საბოლოო სიტყვა! ყოფნა მინდა იქნებ, ან არყოფნა მინდა?! ეს არ არის ჩემი, ეს ჰამლეტში ითქვა, დადგა ვერცხლის ნისლი, ანდა გადაბინდდა, დამაყარეთ მიწა, ან თუ გინდათ კირქვა. მე მგონია ვითომ, ეს ლექსია თითქოს, არ მივარგა რიტმი, არ მივარგა რითმა, მე კი ვფიქრობ თითქოს, ეს ლირიკა იყოს, პოეტია ვითომ?! ისმის მოთქმა-მითქმა. დაუძლურდა რითმა, დაუძლურდა რიტმი, მიწყდა მნემოსინე, ცხრავე მუზაც მიყვა, დავიფიცე უკვე, სიტყვას აღარ ვიტყვი, დავიფიცე უკვე, რომ ვთქვი ბოლო სიტყვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი