ზამთრიანი რევერანსი


ვწუხვარ ღამე გათენდა,
ნისლიანი ხეებით,
და ტაიჭთა ათენამ
მამცნო გამოსვენებით.
 
ეჰ! ქალებო, ვერ მხედავთ,
ჩემში ზეცა ანათებს,
აქამდე თქმას ვერ ვბედავ,
ბნელ ტყეს ვაფრქვევ სანათებს.
 
მე ხომ თვით ამური ვარ,
თქვენთვის მანათობელი,
ღვინოს სისხლში ავურევ,
ჰელიოსის მფლობელი.
 
მე ღმერთს არ ვეჯიბრები,
ის სიმღერის წყაროა,
ცხენის ფრთაზე დაბჯენილს
მიფრენს ცათა წყალობას.
 
მე-გრანელის მემკვიდრეს,
აპოლონის თვისებით,
მიესალმეთ ევკლიდეს,
ტაშის კვრის მითვისებით.
 
მე ეროსის სხივი ვარ,
სხვებში მიწა ანათებს,
გეენაში მივდივარ,
ვხედავ დალის საათებს.
 
აპლოდისმენტს არ ვითხოვ,
თავის ქალაც მეყოფა,
ჰამლეტივით დავითხოვ
ჯოჯოხეთის ხელყოფას.
 
შენ კი ისევ ვერ მხედავ,
ქალთა სახის მშვენებავ,
იქნებ ფიქრობ ვერ ვბედავ,
ზღვის მეჯლისის ჩვენებას.
 
მე ვარ თვით სიმფონია
ბეთჰოვენის, მეხუთე,
ოთხგზის ეიფორია,
კერბერს თუ ჩავეხუტე.
 
ილიონის პრინცივით
ვიცავ ტროის მდელოებს
და ჰერაკლეს კვიცივით 
აღარ ვაკლებ მცდელობებს.
 
მე, არტისტულ ყვავილებს,
ლურჯ ცხენებით გაცვეთილს,
კოლხ მედეით ავიკლებ,
იორიკში ჩაცვენილს.
 
ფაუსტივით შეშლილი,
სიბრძნეს ვეღარ ვინელებ,
მკლავს ეროსის შიმშილი,
შევეჩვიე სიბნელეს.
 
მე-მოცარტის რექვიემს,
სიკვდილის წინ დაწერილს,
აღარ მახსოვს რა მქვია,
ვეძებ ჰელენეს წერილს.
 
მე ხომ შარლ ბაირონი,
ბოროტების ყვავილებს,
როგორც მთვრალი ბარონი,
ხელს ეკლებში ჩავავლებ.
 
კუპიდონი მე დამდევს,
აფროდიტეს ასული,
ჩემს პანაშვიდის დამდეგს,
ტალღის თაღზე ასული.
 
მე-ტერენტი ტაბიძე,
მოცარტის უფლისწული,
თლილ კაბადონს ვაღვიძებ
და მომაქვს ყვავილწნული.
 
მე-თავადი მიშკინი,
იდიოტის სავანე,
მომკლეს, როგორც პუშკინი,
მარტოსული მავანი.
 
როგორც დიად ედგარ პოს,
მტანჯავს ჩრდილთა წვალება,
ნეტავ სევდამ გამაპოს
და დასრულდეს წამება.
 
იქნებ დრო არ დამდგარა,
გავემართო დუელზე,
ზღვის ღელვა კი ჩამდგარა
მარტოობის ღუმელზე.
 
მე იმ ლურჯა ცხენივით,
სიზმარიან ჩვენებით
და ნისლიან ხევივით
ვწევარ დაჭრილ ვენებით.
 
ნუთუ შეძლებ აიდა,
ბურუსიან ბაღნარში,
ანათებას თავიდან,
ვარდების ნიაღვარში.
 
ვიცი წარმავალია,
ქალთა ლაჟვარდი წყება,
ცხენთა კარნავალია
მომავალ წლის დაწყება.
 
მე და გალაკტიონი,
ჭავჭავაძის საფერი,
ავუგეთ ბასტიონი,
ბარათაშვილს სამფერი.
 
მე, პაოლო იაშვილს
ვხვდები პირამიდებთან
და იმ სფინქსის პანაშვიდს
ვაწყობ ცისფერ ხიდებთან.
 
აღარ ყვავის ლოტოსი,
ეგვიპტელთა სკიპიტრა,
კვლავ წევს სამიკიტნოში,
როს მზე გამოიტირა.
 
მიატოვეს ბახუსი
თავის ლურჯა ცხენებთან,
ცარგვალს გამოსახული,
ჩონჩხისთავა ხეებთან.
 
დაშრა თრობის ნილოსი,
წყება უდაბნოეთის,
ვით ნახატი ტილოსი
და ვერტერი გოეთეს.
 
მე, როგორაც ტიციანს,
დამჭკნარს ორპირის ფშანზე,
უდღეურნი მცინიან
შემჯდარს ტრფობის ფაშატზე.
 
ეჰ! ქალებო, ვერ მხედავთ,
ჩემში ზეცა ანათებს,
აქამდე თქმას ვერ ვბედავ,
ბნელ ტყეს ვაფრქვევ სანათებს.
 
ვწუხვარ ღამე გათენდა
ნისლიანი ხეებით
და მერანთა ათენამ
მამცნო გამოსვენებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი4 წლის წინ

ბრავო!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი