იანვრის სერენადა


დეკემბერს, თებერვალს, იანვარს,
ზურმუხტის თოვლიან ფენაში
მდელოზე მოვაბნევ ია-ვარდს
ყვავილთა მკრთალ მიმოფენაში...
მხოლოდ იქ, მე და შენ, სენაზე,
ფრანგული მდინარის ცეკვაში,
დაჩრდილავ ქალწულებს სცენაზე,
მიმოზთა ფურცლების ცვენაში...
ჩუმ კოცნას დავფარავ ხეებით,
ტუჩებზე შემოგრჩა, რომელიც
და მოგდევ იმ ლურჯა ცხენებით,
უშენოდ ყოფნისას, რომ მელის...
პაემნის სიმღერას ჩურჩულებ,
ვითარცა ყურძენი ვენახში,
აბრუებ ქიმერულ ურჩხულებს,
ასეთი უწინ ხომ მენახე...
გვირგვინად გადგამ გვირილებს,
შენი თმის მღელვარე ჩანჩქერში
და კოცნას, მდუღარეს გვიგრილებს,
თოლია იანვრის ნამქერში...
ნიავი გეკვრის ვაზივით,
ჩვიდმეტი იანვრის მხარეში
გეგები ფიანდაზივით,
ლურჯ ფიფქთა სიმწუხარეში...
ზამბახთა ზამთრიან სუნთქვაში,
მოცული ნისლიან ნიავით,
რამდენი რამ დარჩა უთქვამი,
გრძნობათა ფეთქვაა გვიანი...
დაფნათა ელვარე თვალებში,
იგრძნობა მთვარეთა ბროლება,
იელვებს წვიმათა თარეში
და ფრთათა გამოქროლება...
დეკემბერს, თებერვალს, იანვარს,
ზურმუხტის თოვლიან ფენაში
მდელოზე მოვაბნევ ია-ვარდს
ყვავილთა მკრთალ მიმოფენაში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი