გოთიკური მანიფესტი


ედგარი, ალანი თუ პოე,
ვერხვივით ჩრდილებში მშფოთვარე,
გვამებში ყორანი ვიპოვე,
ვერცხლივით ელვარე, ვით მთვარე.
 
ისევ ის, ისევ იქ, ისევ ქრის,
პოეს ფრთით მოსილი ლაჟვარდი,
შემზარავს სიცივე იმ ფიქრის,
როცა კლავს მდუმარე ვაჟს ვარდი.
 
მოვდივარ ამქვეყნად რვა ივნისს,
მბოჭავენ კვირტები ზაფხულის,
მეტრფიან ბაგენი იანვრის,
არ მჯერავს თვით თვალით ნახულის.
 
მწვანეა ისევ ის გუგები,
გრანელის რითმივით მწუხარე,
იმ ქალწულს პირისპირ ვუდგები
და ლექსი მეწყერი ვუთხარი.
 
სიმწვანე მის ტბებში მღელვარებს,
ტუჩებით რა მითხრას არ იცის,
იცილებს გოთიკურ ძველმანებს,
რადგანაც იცის, რომ არის ცის.
 
მის ფერხთით ვალაგებ მიმოზებს,
დაბრუნდა წრიული ზამთარი
და იღებს ივნისი მზის პოზებს,
თუ მის ქვეშ ოლიმპოს მთა არის.
 
ზღვის პირას დავდივარ შეშლილი,
სულ მარტო ვათენებ ღამეებს,
მიტაცებს გრძნობათა შიმშილი,
აშინებს თვით ვამპირ ღამურებს.
 
მე ვანგრევ ნისლივით ხეობებს,
დამჭკნარი იების ქროლვაში,
ცხენების ჩონჩხიან შენობებს,
ვპოულობ სილურჯის გროვაში.
 
მეცხრეჯერ შევხედე ბეთჰოვენს,
ლურჯ ცხენთა სიავდრის მხარეში,
სიგიჟის პანიკა შევთხოვე,
მწოლიარს თვის სიმწუხარეში.
 
ედგარი, ალანი თუ პოე,
ვერხვივით ჩრდილებში მშფოთვარე,
გვამებში ყორანი ვიპოვე,
ვერცხლივით ელვარე, ვით მთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი