თეატრიული საგონებელი
მე და ჰამლეტი ვამბობთ მონოლოგს, ღმერთო! სიცოცხლე გველის შხამია, იქნებ გაგვივლის, როგორც სოლომონს, სისხლში ვიხრჩობით დიდი ხანია. ფიქრით შევავსეთ ტრფობის ფიალა, ოფელიაც კი გაგვშორდა ზეცად, ღამის კოშმარმა ამაწრიალა, სევდის პერანგი ჰადესშიც გვეცვა. სულეთის ფრთებმა შეკრეს კამარა, ისევ მივმართე ეროსულ ჰამლეტს, დავრჩით, ამსოფლად, კოცნის ამარა, მინდა გამოვკრა ღონივრად სასხლეტს. ვწვდები ჰელიოსს ვულკანის ეტლით, კვლავ მელანდება მოკლულს, ჰამლეტი, ტანჯულ მიჯნურებს ულევად გეტრფით, ვერას გვიშველის ტყვიაც, ცამმეტი. მალე ვიცეკვებ სიკვდილის ტანგოს, ვეღარ მოვისმენ მიჯნურთა წირვას, ისევ უარვყოფ დედოფალ მარგოს, როცა ჩამესმის მოკვდავთა გმინვა. ისევ ვასრულებ უაზრო ცეკვას, ამაოდ ყოფნა მძიმეა მეტად, ზღვიური ტალღა უბრძოლოდ მეცვა, ლექსის წარმოთქმა მიშველის ნეტავ?! მინდა ვემსგავსო სამას არაგველს და ლურჯი სისხლით მოვრწყა ქვეყანა, ჩანჩქერად მოვთქვამ ქალურ ქარაგმებს, ქალწულთ გალობამ ბინდი შეყარა. ჰერაკლეს ვართმევ თორმეტ გმირობას, ბუკეფალს ვკოცნი დანისლულ თავზე, მაშ! შევუსრულებ ამურს პირობას და ვიარსებებ მხოლოდ თავთავზე. მინდა, რომ მჯიჯგნოს პრომეთეს ქორმა, იქნებ ვემსგავსო დიდებულ ჰამლეტს, მერანის ფრენამ შორს გამაქროლა, როს შევეჭიდე ტიტანურ ათლეტს. ღვინოში ვმარხავ ფატუმის ფატას, ზეცა მიმზადებს საფლავის მზითევს, მაგრამ გეენა ოცნებებს ფანტავს და ჯოჯოხეთში ჭენებით მითრევს. მსურს დაგიჩოქოთ ძველო დევებო, თქვენს სამარეზე მოვიდე იად, ხოტბას შეგასხამთ უძლეველებო, სანამ ზეცაში არწივნი ჰქრიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი