მხოლოდ შენ გიხმობ სიკვდილო, ხვალის


ზეციურ სახნისს ხნავს ჩემი ლექსი,
მე მიმღერიან ცხრავე მუზანი,
სამმა დამტოვა, შემომრჩა ექვსი,
რადგან დაგლიე, ვით მუკუზანი.
 
არ მინდა სხვა რამ, გარდა ფრენისა,
რომ გადავლახო ცრა ზღვა და ცხრა მთა,
ვგრძნობ ზედმეტობას კოცნა-ხვევნისა,
ცრემლს ვერ მიგრილებს ტრიალი ჟამთა.
 
ვკითხულობ ბევრ წიგნს რომანტიაზე,
მაგრამ არ ვიცნობ სიყვარულს ქალის,
მიჯნური მასხამს ფრთებს მანტიაზე,
მინდა შევირთო სიკვდილი ხვალის.
 
გიხმობ სიკვდილო, რად არ მოდიხარ,
რად მახვეწნინებ შებორკილს ღამით,
არავინ მიყვარს და შენ მინდიხარ,
ველი პაემანს დიდი ხნის გვამი.
 
იქნებ რანდევუს ფრანგულად ელი,
რით ვერ იკადრე მოხედვა ჩუმი,
თუ ეს მიშველის, შემომაქვს ძღვენი,
მზად ვარ დაგადგა ყვავილთა წნული.
 
ერთ კითხვას მისვამს ბებერი ნიცშე,
ნუთუ ღირსი ხარ უყვარდე ვინმეს?!
უკვე აღარ მსურს საყვარლად ვიქცე,
ჩემს გულისცემას მოწყენით ვისმენ.
 
მეტად ვერ ვიტან საკუთარ სუნთქვას,
მინდა, რომ დაშრეს ვენებში სისხლი,
სიკვდილს, შავებში გახვეულს, უთქვამს:
მიუწვდომელ ქედს არასდროს ვიხრი.
 
ჩემი სამშობლოც, ჩემ ერთად კვდება,
წითელ სისხლს გწოვენ, ვიდრე დაღამდე,
ცისკრის ლაჟვარდი თუ შემოკლდება,
ირმის რქებითაც ვერ ვწვდები ცამდე.
 
რაც უნდა მოხდეს, მაინც აქა ვარ,
შენზე მობმული ვითარცა შველი,
ვერ მიგატოვებ ძვლების სახრავად,
ტრფობის გარეშე ვერარას გშველი.
 
თუ შენ და ღმერთი აღარ იქნებით,
უსაქართველოდ ვკვდები და ვქრები,
ჩემ ერთად გიცავს ზეცაც ირმებით,
ნეტავი იმას, ვის დაჰკრან რქები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი