Exegi Monumentum
გუშინ იფეთქა შროშანთა გუნდმა, ლილიებს შორის ინათა მზემაც, ვიფიქრე მნათობს ამოსვლა უნდა, თურმე ქალწული დაჰბადა ზეცამ. როცა ჩავხედე ზურმუხტის ტბებში, ორბიტის გავლა შეწყვიტა მთვარემ, ცარგვალთა კრთომა ლაჟვარდ ტიტებში, დაგვეუფლება სიმწვანით მთვრალებს. თერთმეტ საათზე და თერთმეტ წუთზე, ცისკრიდან იშვი ივლისის თვეში, მწვანე ღამეში შეგეხე ტუჩზე, წამსვე მოვყევი მეწამულ თქეშში. თერთმეტი წამით შემხედა მკაცრად, თერთმეტი ხანჯლით დამსერა იქვე, თერთმეტი სუნთქვით მაქცია ნაცრად, თერთმეტი ცრემლი წამომცდა პირქვე. მე გადავლახე შენი სიმწვანე, თერთმეტი ზეცა მოვვლე ჭენებით, შენს მოძებნაში ბევრი ვიწვალე, შენს სილურჯეში ჩავესვენები. იისფერივით ცივი ხარ თითქოს, მწვანე ხანძარი ჩამქრალა შენში, ცდილობ დამალო ცისფერი სითბო, გსურს დაიკარგო ცხრაკლიტულ მთებში. ლურჯა ცხენებით მოგაგნებ მაინც, ყორღანებიდან ტაიჭს ავაფრენ, ვერ გამაგრილებს რანდევუს ნამიც, ლექსი მეწყერით ისევ გავაფრენ. რომანტიული მზის კაბადონზე, ეროტულ კიბით მოხვედი წვიმად, აღმატებულო თვით საბადოზე, ლურჯფერ შარავანდს ანათებ წმიდად. როცა გეგონა, რომ ვერ გხედავდი, მწვანე თვალები აგევსო ვარდით, მზის შეჯიბრებას მაინც ბედავდი, ვითარცა ადრე ზეცას, რომ ვგავდით. თერთმეტფრთიანი რაშების ფრენით, თერთმეტი ღამით გატანჯულ მერანს, თერთმეტი ტყვიის მწვანე რეფრენით, თერთმეტგზის კოცნის უდავოდ მჯერავს. თავზე იდგამდი ციაგთა გვირგვინს, ვერ შემამჩნიე თავსხმაში მზეთა, მთვარიდან ვიშვი შუაღამის ივნისს, ყვავილებს ვამკობ ზაფხულის თვეთა. ვარდის სურნელით იწვის ბაგენი, ზაფრანის ტუჩებს დავხატავ ფანქრით, შენ გარდა მნათობს ვერ მივაგენი, თუ ის უარმყოფს, ზეცანო ჩაქრით! შენთვის ვიმღერებ ლურჯ სერენადას, თერთმეტი გამით ავიწევ მაღლა, მზესაც დაჩრდილავ, ვით ესმერალდა, შენი შემყურე ვერ ვიგრძნობ დაღლას. თვით ბუნებამდე ყვაოდი უწინ და განიმზადე წალკოტი შენთვის, შენი დიდება ზეცამაც უწყის, შენი ტუჩები მზის დისკოს ერთვის. ეს ძეგლი მხოლოდ შენთვის ავაგე, რაშებს ავაფრენ პეგასის ფრთებით, გიძღვნი სამეფოს, სიბრძნით განაგე! შენ, რომ იძინებ სიცივით ვკრთები. ფურისულების ჩრდილში იწექი, ოჰ! რა ჩვენება დამიდგა თვალწინ, თურმე დედოფლად იქვე იქეცი, რა დაუნდობელ ზმანებებს მაწვდი. როცა დადიხარ ზანზარებს მიწა, შენი სურნელით ივსება ფლორა, ზამბახთა წყება მდელოზე მიწვა, ზღვისფერმა ქარმა შეწყვიტა ქროლვა. როცა იფეთქა ზაფხულმა ისევ, მწვანე მინდორში აყვავდა ნუში, ფრანგულ პაემანს მოგიძღვნი მყისვე, ოცნების ბაღნარს აგინთებ სულში. თერთმეტ ტალღაზე ამოვკვეთ ნოტებს, ქრიზანთემებით შევმოსავ მთვარეს, მაშინ შეისხამ ზეციურ ყლორტებს და მომანათებ ზურმუხტის თვალებს. გუშინ იფეთქა შროშანთა გუნდმა, ლილიებს შორის ინათა მზემაც, ვიფიქრე მნათობს ამოსვლა უნდა, თურმე ქალწული დაჰბადა ზეცამ. შენიშვნა: Exegi Monumentum - ავაგე ძეგლი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი