იფიგენიას აუტოდაფე


ძლიერ მიყვარხარ იფიგენია,
საბერძნეთია შენი სამარე,
ამდენი ცრემლი არ მიდენია,
შენი სიკვდილი, რომ გავიაზრე.
 
გინდა შეაკვდე ელადის სახელს,
აგამემნონი მზად არის მოგკლას,
თავი გასწირე, არ ელი ძახილს,
არ აპირებდი ტირილს და გლოვას.
 
მაგრამ შეჩერდი ზეცის ასულო,
მე, შენ მაგივრად დავხვდები დანას,
ეს მსხვერპლშეწირვა არ შეასრულო,
თუნდაც ეს სიტყვა განგებამ ბრძანა.
 
ფასი არა აქვს მთლიან ელინეთს,
შენ თუ მოკვდები შევარყევ ზეცას,
მუზებო ძილში მაინც მომევლინეთ,
რომ გავაგონო საყვარელ მზესაც.
 
ნუთუ მამა ხარ, უზნეო კაცო,
მზად ხარ ქალწული ხარივით დაკლა,
გუშინ ათენამ ფარულად მამცნო,
ამის გაგებით დამეცა დამბლა.
 
ნუთუ დაინგრა მამა-შვილობა,
წმინდა არ დარჩა ამქვეყნად რამე,
სულ განადგურდა ძველი ზრდილობა,
ვენებს დავითხრი უმთვარო ღამეს.
 
არ დაგანებებ მსხვერპლად შეწირვას,
სულთა საუფლოს დავანგრევ წამსვე,
სიზმარში ვნახე, სკიპტრა გეჭირა,
ხოლო თვალები დარდით გაქვს სავსე.
 
თუ სადმე დაძრწის სამართლის ალი,
მაშინ გადაწვას მთელი სამყარო,
თუ უნდა მოკვდეს ეს წმინდა ქალი,
მაშინ იმედი რას დავამყარო.
 
მაგრამ ვაი, რომ წინ ტანჯვა გველის,
რადგან თვითონ ის, მზად არის მოკვდეს,
მაშ! ამ სამყაროს აღსასრულს ველი,
მაშინ მზადა ვარ, მეც უმალ მოვკვდე.
 
ძლიერ გავწვალდი იფიგენია,
ეს დითირამბი შენია მხოლოდ, 
გთხოვთ, აღიაროთ მგოსნის გენია,
უხმოდ დაგვმარხეთ სეანსის ბოლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი