მიყვარს სიცივე იისფერ თოვლის...
მიყვარს სიცივე იისფერ თოვლის, თვალებზე ცრემლად, რომ მომადგება, მახსოვს სიცივე კუბოში თრთოლვის, როგორც ზღვის პირზე შემოღამება. შენ ისევ ზიხარ, სარკის წინ, მარტო, ღამენათევი თვალებით სავსე, როგორც სილურჯე სააპრილ-მარტო და მიუსაფარ ზამბახთა ფენა. ოჰ! როგორ მიმძიმს თვალთა დაფენა და საიქიოს ცხენთა ნავარდი, უცხო მხარეში, ვით მინავარდნი, სილაჟვარდე და სილაში ვარდი. უწინ, იანვარს უფრო ვუყვარდი, როგორც ლურჯ რაშთა გამოსვენება, კუბოში ვწევარ მე-მოჩვენება, გაყინული და ლურჯი ტუჩებით. გაყინული და ლურჯი ტუჩებით, მიტოვებული უცხო მხარეში, უკვე არავის აღარ ვახსოვარ, ვაშლის ყვავილთა მზისფერ თარეშში. მე დავიბადე ივნისის თვეში, ქლიავის რძისფერ ყვავილებიდან, აღარ ვახსოვარ ტუჩებს, ვნებიანს, აღარც თვალების გამოთოვლებას. მე დავიბადე ივნისის რვაში, ვაშლის ლაჟვარდი ყვავილებიდან, ახლა კი ვკვდები უცხო მხარეში, განამკრთალ თვალთა სიმწუხარეში. მტრედისფერ თვალთა სიმწუხარეში, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! როგორც მერანთა გამოსვენება. ვით ლურჯ ტაიჭთა გამოსვენება, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება, კუბოში ვწევარ მე-მოჩვენება, გაყინული და ლურჯი ტუჩებით. მიყვარს სიცივე ვერცხლისფერ თოვლის, თვალებზე ცრემლად, რომ მომადგება, მახსოვს სიცივე კუბოში თრთოლვის, ვით მთაწმინდაზე შემოღამება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი