ლურჯა სერენადები
მეცხრე სილურჯის, მეცხრე ზეცაზე, ცისფერ თეატრში ვარდთა დასების, ღამე ჩაძირა, როგორც მზემ ცაზე, მოლურჯო ჩრდილმა ციურ არსების. ტალღით ნაფერებ ლურჯფერ ნიჟარებს, ფერხთით უწყობენ აპრილის თვიანს, თავზე დაჰნათის მზისფერ რიჟრაჟებს, თვალს ვერ ვუსწორებ ოქროსფერ თმიანს. ლაჟვარდ ზამბახთა ულევ წყებაში, ლურჯად ჩაძირულ ოცნებას გავხარ, მზეთა დამჩრდილავ დავიწყებაში, ზღვის კაბადონის ციაგი მყავხარ. როცა შევხედე ყვავილთა ფენას, მათში ვიცანი შენი ღიმილი, ამურულ ტუჩთა ზეცად აფრენას ვერ დამავიწყებს მზეთა ტკივილი. გამოვფრინდები ლურჯა ცხენებით, თეთრი რაშებით მოვივლი ცარგვალს, თავს შეგიმოსავ ყურძნის მტევნებით, არცერთი ქალი მშვენებით არ გგავს. ოჰ! რა ბრწყინვალედ გმოსავენ თმები, რომ შევცქერივარ მხრებზე დაფენილს, თითქოს მზეების ჩანჩქერში ვთბები და მივუყვები ლურჯფერ ქვაფენილს. როცა მიწაზე ფეხით დადიხარ, ზეცად მართავენ მთვარენი ქორწილს, თვალისმომჭრელი მზეზე, მაშინ ხარ, როცა გიმღერი, სინაზით მორჩილს. მინდვრის ყვავილთა ეროსულ ქროლვით, ლურჯი გრიგალი ზეცად გაგაფრენს, ცხრავე პლანეტის ფეხმარდი მოვლით, თუ ვერ გიპოვნი, სევდით გავაფრენ. თავიდან დავწერ ცხრა სიმფონიას, რომ შენ მოგიძღვნა ძეგლი პოეტის, სხვა რომანტიკა არ მიპოვნია, მსურს გაელვება კოცნის, კომეტის. მინდა შევიგრძნო თმების სურნელი და დავეწაფო ეროტულ ტუჩებს, სხვა ქალწულების არ ვარ მსურველი, შენს სილამაზეს ბროწეულს ვურჩევ. ჩვენი ხელები გავდევით ხიდად, ფეხქვეშ მდინარებს ფრანგული სენა, ლაჟვარდ ტბორებში შეგყურებ მშვიდად, შენს ბაგეებთან ზღვამ შეისვენა. თრობით წამლეკავს შენი სახება, აღემატება ლოცვით, ჟირაფებს, სხვა ქალიშვილი არ მესახება, ვერ შეედრები მგოსნის მირაჟებს. მეცხრე სილურჯის, მეცხრე ზეცაზე, ცისფერ თეატრში ვარდთა დასების, ღამე ჩაძირა, როგორც მზემ ცაზე, მოლურჯო ჩრდილმა ციურ არსების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი