მკვდარი ანტიგონე ისევ მენატრება
მკვდარი ანტიგონე ისევ მენატრება, ცეკვის საფლავიდან უკრავს გრამოფონი, დაფნით მოსილია ქალთა ნეტარება, არსად მეგულება კოცნის გამომგონი. გრძნობის სამარესთან ცრემლი მიდენია, ზღვიურ პატეფონზე უკრავს ევანგელე, ტრფობის სასაფლაო თურმე იმდენია, დამთვრალ ანტიგონეს ვეღარ მივაგენი. სისხლით იმტვერება ძველი კლავესინი, სატრფოს სუდარაში ფატა ასვენია, მუდამ გვერდით მიწევს ხმალი ალესილი, ქალზე ქორწინება ცათა სასმელია. უწინ ვიცინოდი, ახლა გვიანია, როცა სიყვარულით მიწა იფარება, მატრიმონიული თრობა მინანია, უკვე აღარ მინდა შენი მოფერება. ძველი სიყვარული, ვიცი, აღარ მოვა, მაგრამ მესიზმრება მისი მოგონება, ისევ გეენურმა გრძნობამ წამოთოვა, ვწუხვარ, მიატოვეს ზეცა გოგონებმა. რისხვით გამოვტაცე ეროსს როიალი, ქროლვით მობერილი ქალის ორგანივით, მხოლოდ ჰადესია შენით მოტრფიალე, მარად მეჩვენები ფატა-მორგანივით. ალბათ შეველევი შენგან დავიწყებას, როგორ მოიხდენდი ისევ, ციურ კაბას, ვიცი! ცისიერი ქალი გამიწყრება, ვეჭვობ, აქილევსმა ეტლზე გამომაბას. იქნებ სასაფლაო შენი ცრემლით მორთო, მიწას მოსდებია ცოდვის ყვავილები, ნუთუ ისევ გინდა კოცნით გამომათრო? ამურს ტიტანიურ სიკვდილს ვავალებდი. მზითევს გაიტაცებს დაღლილ ფიქრთა წყება, ჩემი ქორწინება მხოლოდ ფატუმია, გლოვის ჯოჯოხეთში სევდა დაიწვება, უქორწინებლობა ცივი ფანტომია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
დიდებული ლექსია! ,,ქალზე ქორწინება ცათა სასმელია" - საოცრად ლამაზადაა ნათქვამი.