ლირიკული კონსერვატორია


ალილუია, ალილუია, 
მოცარტი სწვდება ფსკერს გულისთქმების, 
მზე კაბადონზე განწირულია 
ჩემი რითმებით. 

ვიტრუვიუსის სიმეტრიებით 
გაწყობილია ლირიკა ესე, 
გვირგვინს გიმკობენ მეტი იები 
და დარდის მესებს. 

ორგანის ჟღერა იწვევს კრეშენდოს 
და მოგონების გრავიტაციას, 
ლურჯა ცხენების მინდა შემენდოს 
იმიტაცია. 

ჩემი პოემა ზამბახით სავსე, 
ჰგავს დეკრეშენდოს ბერძნული არფის, 
შენი პორტრეტი მე განვათავსე 
სარტყელში დაფნის. 

ორქიდეების ჯარი მზადდება 
ლაჟვარდოვანი მატრიმონიის 
და პერიოდი სწრაფად თავდება  
მტირალა იის. 

პაიაცივით აპოკალიფსი 
დავატრიალე ქრიზანთემების, 
უკვე შემძულდა ლურჯი კალიფსოც 
მიზანსცენების. 

ალილუია, ალილუია, 
მოცარტი სწვდება წვერს გულისთქმების, 
მთვარე ცის ქიმზე განწირულია
ჩემი რითმებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი