უსათაუროდ


გულისამრევია ჩასუნთქვა და
გულისამრევია ისევ ამოსუნთქვა,
როცა ვეღარ გათბობს ათგზის მზეთა თუთქვა,
მხოლოდ ხმაური და მხოლოდ მძვინვარება!!!

ძირგამომპალია გულისთქმა და
ძირგამომპალია ცოლ-ქმრის ალერსობა,
ოდენ უღიმღამო მახლდა არსებობა,
ისმის ხმაური და მძლავრობს მძვინვარება...

გონგამოცლილია მაკბეთი და
გონგამოცლილია დასმა სამართებლის,
ვით სისხლგამოცლილი ცვენა ალუბლების,
როგორც ხმაური და როგორც მრისხანება...

ქანცგაწყვეტილია ოტელო და
ქანცგაწყვეტილია ცხენთა კარნავალი,
თუნდაც წრიალბრუნვა მსწრაფლად წარმავალი,
როგორც ხმაური და როგორც მრისხანება...

აზრწართმეულია ჰამლეტი და
აზრწართმეულია დროთა წრეტრიალი,
როგორც მეფე ლირი ქარბუქს შემტირალი,
ისმის ხმაური და მძლავრობს მძვინვარება...

გულისამრევია ჩასუნთქვა და 
გულისამრევია ისევ ამოსუნთქვა,
როცა ვეღარ გათბობს ათგზის მზეთა თუთქვა,
მხოლოდ ხმაური და მხოლოდ მძვინვარება!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი