მარტოობის პოეზია
მარტოსული ყმაწვილი უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა ქალაქის ქუჩებში. არასოდეს, არავის არ ჰყვარებია, არასოდეს არ აუტანია სიყვარულის მწველ ვნებას, არასოდეს არ დაჰკონებია ბაგეებზე კეკლუც ქალიშვილს. დღეს, ყველაფრისათვის წერტილი უნდა დაესვა. გული ერეოდა უაზრო ცხოვრებაზე, რომელიც ყველაფრისაგან დაცლილიყო. ღვთაებრივი სიტყვაკაზმულობის უბიწო ხელოვნება კი ერთადერთი ეგზისტენციალური ძაფი იყო, რომელიც მანკიერ საწუთროსთან აკავშირებდა. მოულოდნელად, მშვენიერ ანგელოზს მოჰკრა თვალი, გული აუჩქროლდა, მოსვენება დაკარგა, სიკვდილის სურვილი კი უმალვე უკუიქცა, ეტიკეტის ყველა დოგმა უკუაგდო და ულამაზეს გოგონასთან მიიჭრა. - უკაცრავად, თქვენ აფროდიტეს/ვენუსის გადაბადება ბრძანდებით? გოგონამ არაფერი არ უპასუხა, გაოგნებული შესცქეროდა არსაიდან გამოჩენილ უცნაურ ყმაწვილს, რომელსაც სახეზე ვნების ალმური მოსდებოდა. ბოლოს კი გოგონამ გულგამგმირავად ჩაიქირქილა და უპასუხა: - მაპატიეთ ყმაწვილო, ალბათ სასმელი ზედმეტი მოგსვლიათ და მოჩვენებებს აუტანიხართ. გთხოვთ, წადით სახლში, გამოიძინეთ და ხვალ, ამწუთას წარმოთქმული არცერთი სიტყვა აღარ გემახსოვრებათ. ქალიშვილის მიერ მსგავსი სიკეკლუცითა და ირონიით წარმოთქმული სიტყვები კუპიდონის დაკბილული ისარივით შეერჭო გულში და სული დაუსერა. გულმოკლული, ტირილის ზღვარზე მყოფი, მაინც არ უკუიქცა და ქალიშვილს უგრძნობ თვალებში ჩახედა. - ცდებით ქალიშვილო, ერთი წვეთიც კი არ დამილევია, მე მხოლოდ მწველი სიყვარულით ვარ გათანგული, რადგანაც შეუძლებელია თქვენს გარეგნობაში ასახული მშვენიერების შტრიხები სილამაზის ქალღმერთს არ ახასიათებდეს. მხოლოდ აფროდიტე/ვენუსი თუ შეძლებდა თქვენი ულამაზესი იერსახის გამოქანდაკებას. გოგონაზე მის აღსარებას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, უბრალოდ კეკლუცად ჩაიცინა და უხმოდ გაშორდა. ყმაწვილი გულმოკლული შეჰყურებდა თავის ანგელოზს, რომელიც თანდათან შორდებოდა მის უაზრო არსებობას. სიყვარულის ნაზი ალი კი ცეცხლისმფრქვეველ ქიმერად გადაიქცა, რომელიც მის სულს წალეკვით ემუქრებოდა. სიკვდილის მსუსხავმა ნიავმა ისევ დაუბერა, თანატოსის დაკრუნჩხული ხელის შეხება იგრძნო, სიცოცხლე თანდათან ტოვებდა მის ისედაც განგმირულ გულს და სხეულს, აზრაილი კი შეუბრალებლად, მეტი გაშმაგებით ეწაფებოდა მის სულს, რომელიც სიყვარულისგან დაცლილიყო და ყმაწვილს შეუჩერებლად აჯილდოებდა პირველი და უკანასკნელი კოცნით. ყმაწვილი უსიტყვოდ დაჰყვა აზრაილის გამყინავ კოცნას, ახლაღა მიხვდა, რომ ერთადერთი ვინც სულ თან სდევდა და ერთადერთი ვინც თავისი სუსხიანი კოცნით დააჯილდოვა - სიკვდილი იყო, რომელსაც ყმაწვილი არასოდეს არ მიუტოვებია, სულ თან დაჰყვებოდა, არასოდეს არ უღალატია მისთვის და ერთადერთი ჭეშმარიტება ამ ცხოვრებაში, სწორედ სიკვდილთან გარდაუვალი ქორწინება იყო. ასე, სიკვდილის ბაგეებზე დაკონებული, მისი ცივი კოცნით გაბრუებული, გაშორდა ამ სამყაროს, სადაც არასოდეს, არცერთი ქალიშვილის სიყვარული არ ღირსებია, არცერთ გოგონას მისთვის ვნებით არ შეუხედავს და არასოდეს არ მისცემია ამურულ თავდავიწყებას საყვარელი ქალის მკლავებში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი