უოთერსთოუნების სარკე


ანტიკურ ყაიდაზე ნაშენები სახლის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ვიქტორიანული ეპოქის ძვირადღირებული ავეჯით იყო გაწყობილი, ნორმანი ფეხაკრეფით შეიპარა. ირგვლივ, ყველაფერი ერთგვარი მისტიციზმით გაჟღენთილიყო. ოთახის ჭერი უდიადესი ხელოვანის, მიქელანჯელო ბუონაროტის ‘’განკითხვის დღით’’ იყო მოხატული, კედელი კი უამრავი ხელოვნების ნიმუშით იყო დამშვენებული. მათ შორის, ყველაზე მეტად, ნორმანის ყურადღება ლეონარდო და ვინჩის ‘’მონა ლიზას’’ შეუცნობელმა ღიმილმა მიიქცია. კუთხეში კი ანტიკვარული კლავესინი იდგა, რომელზეც ბაროკოს ეპოქის უდიდესი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის ‘’გოლდბერგის ვარიაციები’’ ეწყო. საკუთარი სასოწარკვეთილებით შეშფოთებულმა ირგვლივ მიმოიხედა და იგრძნო, როგორ იმსჭვალებოდა მისი ტრანსცენდენტური ყოფიერება ერთგვარი „თხევადი“ წყვდიადით, რომლითაც მთელი ოთახი გაჟღენთილიყო. გული, რატომღაც გამალებით უცემდა და ვერაფრით მიმხვდარიყო მსგავსი სულისშემძვრელი აფორიაქების რეალურ მიზეზს. კარი ფრთხილად მიხურა, ერთხანს შეიცადა და გაუბედავად მიუახლოვდა ერთადერთ ფარდაჩამოფარებულ, დაგმანულ  ფანჯარას, რომლიდანაც ოთახში მზის სხივები ძლივს აღწევდნენ და ირგვლივ გამეფებულ წყვდიადს ერწყმოდნენ. როდესაც დარწმუნდა, რომ ოთახში მარტო იყო და ვერავინ ვერ ხედავდა, სწრაფად მიუახლოვდა სანდრო ბოტიჩელის რეპროდუქციას, რომელზეც დანტეს სახელგანთქმული „ჯოჯოხეთი’’ იყო ილუსტრირებული და მის უკან მოთავსებული მომცრო ზომის გასაღები გამოაძვრინა, საკეტს მოარგო და თვალსა და ხელს შუა სამალავი ოთახი გამოჩნდა, ის სახლისქვეშა გვირაბს უკავშირდებოდა, რომელიც სახლს უსაფრთხოების მიზნით ჰქონდა დატანებული. უეცრად სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა, ეგზალტირების არავითარი ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. სამალავ ოთახში შეაბიჯა, დერეფანს გაჰყვა, კრეტსაბმელს მიუახლოვდა, რომელზეც უილიამ ბლეიკის „დიდებული წითელი დრაკონი’’ იყო გამოსახული, გადასწია და უზარმაზარ სარკესთან „tête-à-tête’’ აღმოჩნდა.

   რენესანსისდროინდელი უოთერსთოუნების საგვარეულო სარკე, რომელიც ოქროთი გახლდათ მოვარაყებული, გრაციოზულობითა და იმპოზანტურობით გამოირჩეოდა. ის ანდამატივით იზიდავდა ნებისმიერს, ვინც თვალს მოჰკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ უოთერსთოუნების გვარის საკრალური რელიკვია იყო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მხოლოდ ნორმან უოთერსთოუნმა შეძლო სარკის ჭეშმარიტი არსისა და დანიშნულების ამოცნობა. მოზღვავებული მისტერიული ენერგიით, სარკიდან მტვერი გადაწმინდა და მტვრის სქელი ფენის ქვეშ დამალული წარწერა გამოჩნდა: „Lasciate Ogni Speranza, Voi Ch’Entrate’’.  წარწერის დანახვაზე შეშფოთებამ კვლავ წამოუარა და უკან დაიხია, საკუთარ ანარეკლს თვალი ძლივს გაუსწორა. შემზარავი სანახაობა გადაიშალა ნორმანის თვალწინ. მან იცოდა, რომ სარკე არა სხეულებრივ, არამედ სულიერ საწყისს ირეკლავდა. მისი სული საბოლოოდ გახრწნილიყო და ღმერთისმიერი არსებისა აღარაფერი ეცხო. ასევე იცოდა, რომ სარკის ნებისმიერი დაზიანება მის სხეულსაც პირდაპირპროპორციულად აზიანებდა და განადგურების შემთხვევაში, ნორმან უოთერსთოუნი სამარადჟამოდ გამოეთხოვებოდა თავის პერვერტულ სიცოცხლეს. სარკე ორ ადგილას გაბზარულიყო და ნორმანსაც იგივე ზომის ორი ნაიარევი გასდევდა მარცხენა მკლავზე. ბზარი სარკეს კვლავ ნორმანის გამოისობით გაუჩნდა, როდესაც მის განადგურებას ლამობდა, რადგანაც სარკის ინფერნალური და მონსტრუოზული საწყისი, მისი უწმინდური აზრებისა და სულიერი გადაგვარების პირველწყაროდ ქცეულიყო.

   ნორმანის ფსიქიკა უკვე დიდი ხნის დარღვეული იყო. ის, 1921 წლის ზაფხულში მოევლინა ქვეყანას და მშობიარობის შემდეგ, ექიმების დაუდევრობის გამო, სახეზე უზარმაზარი ნაიარევი შემორჩა. ემა უოთერსთოუნმა კი, როდესაც შვილის დასახიჩრებული სხეული იხილა, პირველი შეხედვისთანავე შეიძულა და მის დედობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ფრენსის უაითგეითი კი, როდესაც ემას ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, უკვალოდ გაქრა. ემა სასოწარკვეთილი ეძებდა ფრენსისს, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, არავინ იცოდა ასე უეცრად სად გამქრალიყო.

   მშობლებისაგან მიტოვებული ნორმანი ინგლისის ერთ-ერთ გარეუბანში, ჰერდფორშირის ბავშვთა სახლში შეიფარეს. თავიდანვე გულჩათხრობილი იყო და მის ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ  სახეზე ნაიარევის გამო სასტიკად დასცინოდნენ ბავშვები. ექვს წლამდე თავშესაფარში იზრდებოდა და ეს გაუსაძლისი ექვსი წელი, წარმოსადეგი და კარგად ჩაცმული, ასაკოვანი ქალბატონის მოულოდნელი გამოჩენით დასრულდა. უკვე სამოცდაათ წელს მიღწეულს, სახეზე აღბეჭდოდა წარსული სილამაზის კვალი, რომელიც სიბერის გამოისობით დაშრეტილიყო. ელისაბედ უოთერსთოუნი ნორმანის ბებია აღმოჩნდა დედის მხრიდან და გაუკუღმართებული ყოფიერებით გატანჯული, თავისთან წაიყვანა უოთერსთოუნების საგვარეულო სახლში.

   ელისაბედ ოუთერსთოუნი ოდიოზური ხასიათის ქალბატონი აღმოჩნდა, ნორმანს მუდმივად ჩასჩიჩინებდა, რომ დედამისი, ემა უოთერსთოუნი, მავან, მდიდარ მეწარმეს გაჰყოლოდა ცოლად და უკვე ემა ნოთინგეილს სამუდამოდ დაევიწყებინა ნორმანის არსებობა, რამაც ნორმანის ისედაც დარღვეულ ფსიქიკას საუკუნო დაღი დაასვა. 1938 წელს, ნორმანმა ელისაბედი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. 17 წლის ნორმანი კი სრულიად მარტო დარჩა უოთერსთოუნების საგვარეულო სახლში და გარესამყაროსაგან მოწყვეტილი, საკუთარ თავში ჩაიკეტა. მის სულიერ სამყაროს კი თანდათან მონსტრუოზული საწყისი იმორჩილებდა და სულიერი ფასეულობების დესტრუქციას იწვევდა.

   ერთ დღესაც, ნორმანი საკუთარ სულში ჩაბუდებული ფანტასმაგორიული ურჩხულისა და დემონური საწყისის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს, რადგანაც მის ცხოვრებაში ნორმა ენჯელი ჩნდება. უმშვენიერესი ნორმას გამოჩენამდე, თითქოს ამაოების ამფითეატრში, აბსურდულობის ავანსცენაზე იდგა და სულში ჩამარხული მონსტრის მარიონეტად ქცეულიყო. ნორმას გამოჩენამ აიძულა საკუთარი პიროვნების მართვის სადავეები უკან დაებრუნებინა და ურჩხულის წინააღმდეგ ებრძოლა. ამიტომაც მიისწრაფვოდა მეტამორფოზისაკენ და უოთერსთოუნების სარკის განადგურებას ლამობდა, თუნდაც საკუთარი უბადრუკი სიცოცხლის ფასად.

   ახლა კი, როდესაც სარკიდან საკუთარი დამახინჯებული და გახრწნილი ეგზისტენციის ანარეკლს შესცქეროდა, არარაობაში დანთქმაზე, ესკაპიზმზე და საკუთარ თავში ჩამარხვაზე ოცნებობდა. მსგავს ფიქრებში იყო გართული, როდესაც შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა. ნორმანის ფიქრთა მდინარება მოულოდნელად შეწყდა, სამალავი ოთახი საიმედოდ ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიგდო და სულმოუთქმელად გაიქცა ნორმას შესახვედრად. კიბე ჩაირბინა თუ არა პირდაპირ ნორმას შეეფეთა, რომელიც უჩვეულოდ იყო აღელვებული. ნორმანი გრძნობდა, რომ მისი დემონური საწყისი ნორმას მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდა, მას კი არ შეეძლო მისი დათმობა და ურჩხულის დაშოშმინებას ცდილობდა.

   - ამ კაბაში მშვენივრად გამოიყურები, - აღნიშნა დაბნეულად ნორმანმა.

   - მართლა მოგწონს? ერთგვარი მოჩვენებითი გულგრილობით უპასუხა ნორმამ. - ის ჩემთვის უძვირფასესია, დედაჩემმა მაჩუქა გარდაცვალებამდე და სპეციალურად შენთვის მოვირგე. 

   ამ დროს ნორმა მიუახლოვდა, ნაიარევ ლოყაზე შეეხო, ამურული გრძნობებით აღსავსე თვალებით შეხედა, მისი ვნებიანი და მწველი ტუჩები ნორმანის ტუჩებს დაეწაფა და შემდეგ გადაეხვია. ურჩხული კი თავისას მოითხოვდა და ნორმანი ხვდებოდა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, დროებით თრგუნავდა ურჩხულის თვითნებობას, მაგრამ ის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო და ნორმას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ნორმანმა უხეშად მოიცილა, ოთახის ბნელ კუთხეს შეაფარა თავი და წარმოთქვა:

  - არასოდეს არ მყვარებიხარ ნორმა, - სევდანარევი ინდიფერენტულობით მიმართა ნორმანმა, - მხოლოდ მარტოობისაგან თავის დაღწევისათვის მჭირდებოდი, ჩემთვის მხოლოდ გასართობი იყავი, ნუთუ ამდენხანს ვერაფერს ვერ მიხვდი?!

   ნორმას სიყვარულისმიერი ღიმილი სახეზე შეეყინა, სასოწარკვეთილი შეშფოთებით შეხედა, ტირილისაგან თავი ძლივს შეიკავა და ცრემლნარევი ხმით უთხრა:

  - სიცრუეა, ასე ვერ დაეცემოდი, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ არასოდეს არ გყვარებივარ.

  - გთხოვ ნორმა, არ გინდა, წადი და აღარასოდეს დაბრუნდე, ორივესთვის ასე აჯობებს,- უპასუხა ნორმანმა.

   ის იყო თავის ოთახში დაბრუნებას აპირებდა, რომ ამ დროს ნორმას ისტერიული სიცილი აუვარდა. შემცბარი ნორმანი მოტრიალდა, ნორმამ კი ზიზღით აღსავსე თვალებით გამოხედა და უთხრა:

  - ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ჩემნაირ ქალს შეიძლებოდა შენნაირი უსუსური არსება ჰყვარებოდა?! რა საცოდავი ხარ ნორმან, საკუთარი დედის ალერსიც კი არასოდეს არ გიგრძვნია!

   ამ დროს კი ნორმანს სახე მოეღრიცა, ცრემლები წასკდა, აღარ ეგონა თუ ტირილი ისევ შეეძლო. მის სულში სიყვარულის ბოლო გამონათებაც ჩაქრა და ღალატით შეძრული, საკუთარ სულში დამწყვდეული ურჩხულის ნება-სურვილს დაემორჩილა, უჯრასთან მივარდა, იარაღი ამოიღო,  დაუმიზნა და ნორმას, თვალის დახამხამებაში, პირიდან ალისფერი სისხლი თქრიალით წასკდა. აუტანელი ტკივილისაგან ჩაიკეცა, მაგრამ თავი შეიმაგრა, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა, ნორმანთან მივიდა, გადაეხვია და ჩასჩურჩულა:
 
- რა მძიმე ბედისწერა გვერგო საყვარელო, ერთმანეთით ტკბობა არასოდეს არ გვეღირსება. 

   ამ სიტყვებით, ნორმამ, ტრაგიკული და სიყვარულისმიერი ღიმილით, მის მკლავებში, სული განუტევა. გაოგნებულ ნორმანს კი ისეთი შემზარავი, გულგამგმირავი კვნესა აღმოხდა, ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში ჩაყინულ ლუციფერსაც კი მოალბობდა. მან ხომ საკუთარი ხელით ერთადერთი ჭეშმარიტი გრძნობა და უწმინდესი სიყვარული დაუდევრად გაანადგურა. სულშეღონებული კიბეზე ავარდა, სამალავ ოთახში შევარდა, კრეტსაბმელი გადასწია, იარაღი დაუმიზნა მონსტრუოზულ სარკეს და ხუთჯერ გაისროლა. სარკე ნამსხვრევებად იქცა, ნორმანის პირიდან კი სისხლის ნაკადმა იფეთქა, ჩაიკეცა, მაგრამ თავი შეიკავა, წამოდგა, ნორმას უსულო სხეულს ბაგეებზე დაეკონა და მუხთალ საწუთროს ჯონ კიტსის მარადიული და ესთეტიკურობით აღსავსე სიტყვებით გამოეთხოვა: 

''შლეგო მიჯნურო, ვერასოდეს შეძლებ მის კოცნას.
საწადელს ვეღარ აისრულებ, მაგრამ ნუ დარდობ,
სულ გეყვარება მაინც შენი სატრფო თვალადი,
მშვენება მისი არ გაქრება, დროს თუ მიანდობ.''

   ასე ტრაგიკულად დასრულდა ნორმანისა და ნორმას სიყვარულის ისტორია. მას შემდეგ, უოთერსთოუნების საგვარეულო მამულში აღარავინ აღარ დასახლებულა. ერთ დროს უმშვენიერესი მამული დაუნდობელი დროის მსახვრალმა ხელმა გააცამტვერა. ხოლო ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ადგილებში ოდესღაც ვინმე სახლობდა, ორად ორი საფლავის ქვა იყო, რომლებსაც ეპიტაფიად შექსპირის უკვდავი სიტყვები ამშვენებდა: ‘’მე ჩემი სატრფოს სილამაზით დავსტკბები მარად’’.

შენიშვნები:

1. tête-à-tête - ფრ. ერთი-ერთზე

2. Lasciate Ogni Speranza, Voi Ch’Entrate - იტ. აქ შემომსვლელნო, იმედები დასტოვეთ ყველა, - ციტატა დანტე ალიგიერის პოემიდან “ღვთაებრივი კომედია”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი